ავტორი:

ჩრდ. კორეული დაჯგუფება Lazarus, 6.3 მილიარდიანი თაღლითობა და დეველოპერის გატეხილი ლეპტოპი - Binance კრიპტოვალუტის დაბრუნებას იწყებს: ყველაფერი ისტორიაში უდიდესი ჰაკერული თავდასხმის შესახებ

ჩრდ. კორეული დაჯგუფება Lazarus, 6.3 მილიარდიანი თაღლითობა და დეველოპერის გატეხილი ლეპტოპი - Binance კრიპტოვალუტის დაბრუნებას იწყებს: ყველაფერი ისტორიაში უდიდესი ჰაკერული თავდასხმის შესახებ

მსოფლიოში უმსხვილესმა კრიპტობირჟამ, Binance-მა განაცხადა, რომ ისტორიაში უდიდესი, 6.3 მილიარდი დოლარის ჰაკერული თავდასხმის შემდეგ მომხმარებელთა მოპარული აქტივების დაბრუნება დაიწყო. კომპანია ირწმუნება, რომ მომხმარებლების სახსრები უსაფრთხოდაა და წარმოქმნილ ზარალს სრულად დაფარავს.

  • დეველოპერის გატეხილი ლეპტოპი

Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ ტენგმა განაცხადა, რომ პირველადი გამოძიებით ჰაკერებმა სისტემაში შეღწევა DevOps ინჟინრის გატეხილი ლეპტოპიდან შეძლეს. თუმცა, მოგვიანებით კომპანიამ დაამატა, რომ გამოძიების პროცესში სისტემის გატეხვის დამატებითი წერტილებიც გამოვლინდა.

კომპანიის ცნობით, უკვე მოხერხდა დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების გაყინვა. Binance-მა განაცხადა, რომ გამოყო 6.3 მილიარდი დოლარი ზარალის სრულად ასანაზღაურებლად, საიდანაც 5 მილიარდი უშუალოდ იმ ტოკენებშია რეზერვირებული, რომლებიც თავდასხმისას დაზარალდა.

სამართალდამცველებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი თანხების მისაკვლევად, თუმცა ექსპერტების შეფასებით, მოპარული ფულის მოძიებასა და დაბრუნებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს.

  • ჩრდილოეთ კორეის კვალი და Lazarus-ის დაჯგუფება

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად თავდამსხმელების ვინაობა ჯერ დადასტურებული არ არის, ანალიტიკოსები და ბლოკჩეინ-ინტელექტის ფირმა TRM Labs-ი ვარაუდობენ, რომ თავდასხმის უკან ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერული დაჯგუფება TraderTraitor (ცნობილი როგორც Lazarus) დგას.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ჩრდილოეთ კორეის საგარეო პოლიტიკის ექსპერტის, დოქტორ ედვარდ ჰოუელის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამების დაახლოებით 40-50% სწორედ კიბერ და კრიპტოვალუტის ქურდობით ფინანსდება. ექსპერტის თქმით, ფხენიანის რეჟიმი იყენებს სახელმწიფოს მიერ მართულ კიბერ-ომის სააგენტოს და “ლაზარუსის“ ჯგუფი სავარაუდოდ სწორედ ამ თავდასხმის უკან დგას.

  • ბიტკოინის ფასი, ილონ მასკის რეაქცია და ჩანპენ ჟაოს პასუხი

თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბიტკოინის ფასი დაახლოებით 5%-ით შემცირდა და 80 000 დოლარიდან 3 000 დოლარით დაეცა. თუმცა, Binance-მა და რამდენიმე სხვა ბირჟამ დროებით შეაჩერეს ვაჭრობა და თანხის გატანა, რამაც ბაზარზე ფასების მკვეთრი ვარდნა შეაკავა.

მოვლენებს სოციალურ ქსელ X-ში ილონ მასკიც გამოეხმაურა, სადაც შეშფოთებული ემოჯი გამოაქვეყნა. ამაზე მკვეთრი პასუხი გასცა Binance-ის დამფუძნებელმა ჩანპენ ჟაომ: “ილონ, დიდი პატივისცემა მაქვს შენ მიმართ, თუმცა ტროლინგისთვის ცუდი დროა. გთხოვ, შეჩერდი“.

ჟაომ მასკს შეახსენა, რომ Binance-მა Twitter-ის ყიდვისას მას 500 მილიონი დოლარით დაეხმარა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

  • ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Binance-ი ჰაკერების მსხვერპლი გახდა. 2019 წლის მაისში ბირჟამ 7 000 ბიტკოინი (მაშინდელი ღირებულებით 41 მილიონი დოლარი) დაკარგა. მაშინაც კომპანიამ მომხმარებლებს ზარალი სპეციალური სადაზღვევო ფონდით აუნაზღაურა.

დიდი ბრიტანეთის ფინანსური ზედამხედველობის ორგანომ (FCA) განაცხადა, რომ თვალყურს ადევნებს Binance-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. უწყების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ Binance-ი დიდი ბრიტანეთის FCA-ში რეგისტრირებული არ არის, ისინი კომპანიასთან თანამშრომლობენ ინციდენტის მასშტაბების შესაფასებლად.

წყარო

იხილეთ ასევე: