ავტორი:

ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე - ე.წ. სუს-ის კრებსების ხსენებამ გორდულაძე აღაშფოთა: "თურმე ვიღაც უსმენს ეკლესიის წარმომადგენლებს, ეს არის ტყუილი"

ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე - ე.წ. სუს-ის კრებსების ხსენებამ გორდულაძე აღაშფოთა: "თურმე ვიღაც უსმენს ეკლესიის წარმომადგენლებს, ეს არის ტყუილი"

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს განახლდა, სადაც რამდენიმე წუთის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც "ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ სუს-ის ცნობილი კრებსები ახსენა და თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ შორის სასულიერო პირებსაც უსმენდა. მას სიტყვა გააწყვეტინა არჩილ გორდულაძემ.

“ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები და ტყუილების გამეორებასა და სიცრუის გავრცელებას თავი დაანებოს! საერთოდ, სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე და სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე?! ბატონმა სიორიძემ იკადრა, რომ თურმე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს უსმენს - ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია, რასაც ბატონი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე კადრულობს! უკვე აღმაშფოთებელია ასეთი ტყუილის გავრცელება! ეს ყველანაირ ზღვარს არის გადასული - უზრუნველყავით, რომ ეს ამ დარბაზში აღარ განმეორდეს", - განაცხადა მან.

ვითარებაში საკონსტიტუციოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია ჩაერია და გორდულაძეს მოუწოდა, თავი შეეკავებინა:

“მე ბატონ გიორგი სიორიძეს გაღიზიანებას ვერ ვატყობ - სასამართლო ამ მითითებას არ იზიარებს. ბატონო გიორგი! რაც შეეხება უხეშ ბრალდებებს, შეეცადეთ, რომ იყოთ კორექტული და ამა თუ იმ ფაქტების მიმართ თქვენი შეფასებებისგან თავი შეიკავეთ. ის რაც დადასტურებული არ არის, ასეთი მითითებისგან თავი შეიკავეთ“.

"მე გავითვალისწინებ ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არ იყო შეფასებები, ეს არის საჯაროდ გავრცელებული ფაქტები, რომელზეც თავად სასულიერო პირებიც საუბრობდნენ - გარდა ამისა, კრებსები არაერთხელ გამოსულა, მათ შორის ამ კრებსებში პოლიტიკური ოპონენტები მოხვედრილან და ეს მართლა ხდებოდა. უბრალოდ ბატონმა გორდულაძემ გადაწყვიტა... ჯერ ერთი თქვენ ვინ გეკითხებათ, ჩემს რწმენას და ეკლესიურობას. როგორ ბედავთ ეკლესიაზე საუბარსო, ეს რა განცხადებაა ბატონო მოსამართლევ? გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა, მე არანაირად არ ვღიზიანდები", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე, გიორგი სიორიძის გამოსვლის შემდეგ, გათვალისწინებულია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ახსნა- განმარტებების მოსმენაც.

ნადარაიას ინფორმაციითვე, მომდევნო კვირის განმავლობაში მხარეები შეისვენებენ და პროცესი ახალი ეტაპით, რომელიც კითხვა-პასუხს მოიცავს, 9 ნოემბრიდან განახლდება.

იხილეთ ასევე: