ავტორი:

“ბინაში მოჩვენებასთან ერთად ვცხოვრობ“ - იაპონიაში “დაწყევლილი“ სახლები დაბალი ფასების გამო პოპულარული ხდება: რას ჰყვებიან ახალი მეპატრონეები?

“ბინაში მოჩვენებასთან ერთად ვცხოვრობ“ - იაპონიაში “დაწყევლილი“ სახლები დაბალი ფასების გამო პოპულარული ხდება: რას ჰყვებიან ახალი მეპატრონეები?

იაპონიაში სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს საცხოვრებლად ბინებს, სადაც წარსულში მკვლელობა, თვითმკვლელობა ან მარტოობაში გარდაცვალების ტრაგიკული შემთხვევები მოხდა. მიზეზი საცხოვრებლის მკვეთრად შემცირებული ფასია.

“დაწყევლილი ბინების“ (jiko bukken) ფენომენსა და იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც მოჩვენებებთან მეზობლობაზე უარს არ ამბობენ, BBC ვრცელ სტატიას უძღვნის.

  • “მინდოდა მოჩვენებას დავმეგობრებოდი“ - 30%-იანი ფასდაკლება ტოკიოს ცენტრში

რიუა, ახალგაზრდა იაპონელი არტისტი, ტოკიოში, სეტაგაიას პრესტიჟულ რაიონში 25 კვ.მ ფართობის ბინას ქირაობს. როგორც თავად ჰყვება, ბინაში პირველად შესვლისას დაინახა მამაკაცის სული, რომელიც მას მიშტერებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბინის წინა მაცხოვრებელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ცრურწმენების მიუხედავად, რიუამ ბინაში გადასვლა გადაწყვიტა, რათა “მოლანდებას დამეგობრებოდა“. ამ გადაწყვეტილების წყალობით, იგი თვეში 62 000 იენის ($400 / £300) ნაცვლად 45 000 იენს ($285 / £213) იხდის, რაც თითქმის 30%-იან ფასდაკლებას ნიშნავს.

ოთხი წლის შემდეგაც იგი აცხადებს, რომ ყოველდღიურად ესმის ნაბიჯების ხმა და მოჩვენების ლაპარაკი.

  • “Jiko Bukken“ და ცრუმორწმუნეობა იაპონიაში

იაპონურ კულტურაში არსებობს ცნება “იუურეი“ (yuurei), რაც ნიშნავს ტრაგიკულად ან ძალადობრივად გარდაცვლილი ადამიანის სულს, რომელიც ადგილს ვერ ტოვებს. ასეთ უძრავ ქონებას იაპონიაში “ჯიკო ბუკენს“ (jiko bukken) - ანუ “სტიგმატიზებულ“ / “ინციდენტიან“ ობიექტებს უწოდებენ.

2021 წლის სახელმწიფო რეგულაციების თანახმად, უძრავი ქონების აგენტები ვალდებულნი არიან გაამჟღავნონ თვითმკვლელობის, მკვლელობის, ხანძრის შედეგად გარდაცვალებისა თუ გვამის დიდხანს აღმოუჩენლობის ფაქტები. იჯარის შემთხვევაში ეს ინფორმაცია 3 წლის განმავლობაში უნდა ეცნობოს კლიენტს, ხოლო გაყიდვისას - განუსაზღვრელი ვადით.

შედარებისთვის, დიდ ბრიტანეთში ასეთი კანონმდებლობა არ არსებობს, ხოლო აშშ-ში წესები შტატების მიხედვით განსხვავდება (მაგალითად, კალიფორნიაში გარდაცვალების ფაქტის გამჟღავნება სავალდებულოა, არიზონასა და ორეგონში კი - არა).

  • ტოკიოელი უძრავი ქონების აგენტის, ერიკ ოსკამპის თქმით, იაპონელები განსაკუთრებით ცრუმორწმუნეები არიან. სასაფლაოს გვერდით მდებარე ბინის გაქირავებაც კი ჭირს, ხოლო თვითმკვლელობის ან მარტოობაში გარდაცვალების შემთხვევაში ფასები მკვეთრად ეცემა.

79 წლის ამერიკელმა დაიან ტინჩერმა, რომელიც იაპონიაში 40 წელია ცხოვრობს, კაგოშიმას რეგიონში 3-საძინებლიანი სახლი 20 მილიონ იენად შეიძინა, მაშინ როცა ანალოგიური სახლები 45 მილიონი იენი ღირს. ფასდაკლების მიზეზი გახდა ის, რომ სახლში ხანდაზმული ქალი მარტოობაში გარდაიცვალა.

ასეთი ბინების მოძიება შესაძლებელია ვებგვერდზე Oshimaland, რომელიც 2005 წელს ტერუ ოშიმამ შექმნა და სადაც მომხმარებლები თავად ამატებენ სტიგმატიზებული ობიექტების მონაცემებს. წარსულში ასეთი ბინები პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა უძრავი ქონების ფასებისა და ცხოვრების ხარჯების ზრდის გამო, 2025 წლის გამოკითხვით, იაპონიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი მზადაა იცხოვროს “jiko bukken“-ში, თუ იგი იაფი იქნება.

წყარო