საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა, ჩვეული ფორმატით აღარ გაგრძელდეს.
როგორც "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ, ცესკო-ში დღეს გამართული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კონსულტაციები მოლაპარაკების მაგიდასთან ჩაშლის პირასაა.
მისივე თქმით, პრობლემა ის არის, რომ ამომრჩეველი მოლაპარაკებათა მაგიდიდან ელოდება კონკრეტულ შედეგს და ეს პროცესი ქუჩაში არ უნდა გაგრძელდეს.
ვეფხვაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება ხელისუფლებასთან, რომ კონსულტაციები პარტიებთან გაგრძელდეს ინდივიდუალურ რეჟიმში და ამ პროცესში "ქრისტიან-დემოკრატები" შუამავლის როლს შეასრულებენ.
"მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის "რვიანს", ვიყოთ მაქსიმალურად კომპრომისული და პირველ რიგში, არ ვითამაშოთ ხელისუფლების თამაში, როდესაც მას ურჩევნია პროცესის რადიკალიზაცია", - თქვა მან და დასძინა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებთა მაგიდიდან არ გაუშვან.
"მთავარია, ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა შევასრულოთ და ინდივიდუალურად შეხვედრები მოვახერხოთ, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს ახალი საარჩევნო კოდექსი", - განაცხადა ვეფხვაძემ.
ცესკო-ში დღეს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც "ოპოზიციური რვიანიდან" მხოლოდ "ქრისტიან-დემოკრატები" ესწრებოდნენ. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ასევე არ მიუღიათ "ქართულ დასს" და "საქართველოს დემოკრატიულ პარტიას". პარტიების დაუსწრებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და ისინი მოლაპარაკებათა ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულეს.