ლაშა გაბუნია, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ფაკულტეტი დაამთავრა, 22 წლიდან ჟურნალისტად მუშაობს. თბილისში თავის დამკვირდება არ გასჭირვებია და იმასაც არ მალავს, რომ პირველი სტატია აქ ბესო ჩუბინიძის ჟურნალ "ვარსკვლავებისთვის" დაწერა. მერე იყო "რეზონანსი" და "ახალი ვერსია", სადაც მწვავე სტატიებს აქვეყნებდა ქართული შოუბიზნესის წევრებზე. მისი კრიტიკა შეეხოთ აჩიკო მეფარიძეს, ლელა წურწუმიას, ზაზა ხუციშვილს, ირაკლი ჩარკვიანსა და სხვებს. ერთ-ერთი მომღერალი, რომლის ვინაობას არ ასახელებს, ქურდებთან საქმის გარჩევითაც დაემუქრა.
ლაშა ამჟამად რადიო "პალიტრაში" მუშაობს. მასთან შოუბიზნესურ თემებზე სიამოვნებით ვისაუბრეთ.
- ჟურნალისტიკით ალბათ იმიტომ დავინტერესდი, რომ პატარაობიდანვე მიყვარდა ჟურნალისტიკა და ჩანახატების წერა, ჩემს ფანტაზიებში ფეხბურთის რეპორტაჟები მიმყავდა. იმ პერიოდში კარგი ჟურნალისტიკა წამოვიდა, "პერესტროიკის" პერიოდს ვგულისხმობ, იყო "ახალგაზრდა კომუნისტი", რუსული გამოცემებიც მქონდა, ვინტერესდებოდი ახალგაზრდული თემებით, რომლებიც ახალი ხედვით იყო გაშლილი იმდროინდელი პრესის ფურცლებზე.
რაც შეეხება მუსიკას, რაც დავიბადე, მას მერე მასმენინებდნენ და ამიტომაც ეს ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი თემა. ქუთაისში რომ პირველი ტელევიზია გაიხსნა, ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი კვების მრეწველობის ფაკულტეტზე, თუმცა მაინც ძალიან ვეცადე, რომ ტელევიზიაში მოვხვედრილიყავი. დავიწყეთ მუსიკალური გადაცემების მომზადება მაშინდელი ქართული მუსიკის შესახებ. ასეთი გადაცემა ქართულ ტელევიზიაში არ არსებობდა. ეს გადაცემა სახელად "კედელი" თბილისში ჩამოვიტანეთ და "პირველ არხს" შევთავაზეთ, რომელმაც გაშვებაზე უარი გვითხრა, სამაგიეროდ, "მეორე არხი" დაგვთანხმდა სიამოვნებით და ჩვენ გამო ბადეც კი შეცვალეს. ეს 1992 წელს მოხდა. მაშინ ძალიან საინტერესო მუსიკოსები მოდიოდნენ, "აუტსაიდერის" პირველი სიმღერა ჩვენს გადაცემაში გავიდა, გოგა ჟორჟოლაძეს კლიპი გადავუღეთ, ბაჯუ, რომელიც ასევე ქუთაისელი გახლავთ. თუმცა ჩვენს გადაცემაში არა მხოლოდ ქართულ მუსიკაზე ვლაპარაკობდით. ეს სერგის პერიოდის "მეორე არხზე" ხდებოდა. შემდეგ ქუთაისის სხვა ტელევიზიაში გადავინაცვლე. ვამზადებდი გადაცემას ზოგადად ხელოვნებაზე, მაშინ ქუთაისში უამრავი კლუბი მუშაობდა, მხატვრების, მუსიკოსების და ა.შ. ამან გადაგვატანინა ომი და უბედურება. ერთად ვიკრიბებოდით და რაც გვქონდა, ერთმანეთს ვუწილადებდით. ოჯახური სიტუაცია იყო. მერე ქუთაისში საკუთარი რადიო გავხსენი. მაშინ 28 წლის ვიყავი. შემდეგ პირველი დამოუკიდებელი ქუთაისური გაზეთი "პიესი" იყო. იქაც ჩემი სვეტი მქონდა. ხალხი ამას აქტიურად კითხულობდა.
- თბილისში როგორ დაიმკვიდრე თავი?
- რატომღაც ამას მალავენ ხოლმე, მაგრამ მე ვიტყვი, რომ მუშაობა ჟურნალ "ვარსკვლავებში" დავიწყე. ვწერდი მუსიკალურ თემაზე, ალტერნატიულ მუსიკაზე. ამის შემდეგ აღმოვჩნდი "რეზონანსში", იქ გაჩნდა ჩემი პირველი, ჰუმანოიდის სვეტი, აქედან კი "ახალ ვერსიაში" გადავინაცვლე და ვწერდი არა მხოლოდ მუსიკაზე, არამედ რელიგიის თემებზეც.
- ლაშა, შენ საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებდი ქართული შოუბიზნესის სახეებს და ამასთან დაკავშირებით უამრავი სკანდალი მახსენდება.
- ჩემი კრიტიკული სტატიის შემდეგ ერთმა კომპოზიტორმა ქალმა შემომითვალა, ჩემი ქმარი იარაღს აიღებს და ამოგხოცავთ ყველასო. ამის მიზეზი გახდა ჩვენი "ჰიტ-ხით პარადი", სადაც ქართული სიმღერების ტექსტებს ვაკრიტიკებდით. სერიოზულად ამ ტექსტებზე წერა, შენც დამეთანხმები, შეუძლებელი იქნებოდა. სულელი წვიმები, სველი იასამნები, სიზმარში ნანახი ადამიანების კოცნა და მსგავსი სისულელეები იწერებოდა. მოდი, ქუთაისურად ვიტყვი და ღლიცინით მქონდა განხილული ეს ტექსტები. სახელსა და გვარს მაინც არ დავასახელებ, მაგრამ ასეთი რამ მართლაც შემომითვალა. გარდა ამისა, ერთი მომღერალი ქურდებით მაშინებდა. ისევ და ისევ კრიტიკული სტატია არ მოეწონა. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ პირადად ამ ადამიანებზე არასდროს ცუდი არ დამიწერია, ღვარძლიან კრიტიკას არ ვცნობ, მხოლოდ შემოქმედებაზე ვამახვილებდი ყურადღებას. მერე სტატიაც კი დავწერე ამ თემაზე, როგორ ემუქრებოდნენ ჟურნალისტებს, მაგალითად, ია ვეკუას, ლიზა ვადაჭკორიას და სხვებს შოუბიზნესის წევრები. ამათ რატომღაც კრიტიკა ლანძღვა ეგონათ. არადა, კრიტიკის ღირსი რომ ხდები, ე.ი. რაღაცას აკეთებ. სხვათა შორის, კრიტიკას სავსებით ნორმალურად უდგებოდა ირაკლი ჩარკვიანი, ზაზა ხუციშვილი, სხვათა შორის ლელა წურწუმიაც, რომელსაც ჩემდამი ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა.
ზაზა ხუციშვილს ერთი მხიარული ამბავი უკავშირდება. "მაესტროს" პროექტისთვის "საუკუნის ნოსტალგია" ტექსტები დაწერა, მათ შორის იყო ერთი ასეთი ფრაზა - "შენი ერთგული მე", რომელიც ძალიან სასაცილოდ მომეჩვენა და გამართული იყო თუ არა ეს ფრაზა, ამის შესახებ ლევან ღვინჯილიასაც კი ვკითხე (იღიმება). მან რასაკვირველია, ბევრი იხუმრა. ორ ადამიანზე იყო ეს სტატია. ერთი ძალიან აღშფოთდა, ზაზა ხუციშვილი კი რედაქციაში გვესტუმრა და "დედაენა" მომიტანა საჩუქრად, წერა ისწავლეთო. ეს იყო ძალიან კარგი ჟესტი იმ დროს, როდესაც ხალხი ავტომატებით აშინებდა ჟურნალისტებს. ზაზასთან შემდეგ საკმაოდ ნორმალური ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და რომ შევხვდეთ ერთმანეთს, კარგ გამარჯობას ვეტყვით.
- მოკლედ, შეგნებული ადამიანია. ირაკლი ჩარკვიანი რის გამო გააკრიტიკე?
- ერთი პერიოდი დისკოთეკებზე დაიწყო გამოსვლა, "ფონოგრამშჩიკებთან", რომლებთან ერთადაც გამოსვლა მას, ჩემი აზრით, არ ეკადრებოდა. რა თქმა უნდა, პრობლემა ის არ იყო, რომ საცეკვაო მუსიკას ქმნიდა. დავწერე ირონიული სტატია ამის შესახებ. ირაკლიმ წაიკითხა და ძალიან ნორმალურად მიიღო.
- ვიცი, რომ მის მოწერილ იმეილს ინახავ.
- ასეა. როდესაც მან თავისი სახლის სტუდიაში ჩაწერა ფირფიტა, ყველანაირი სპონსორის გარეშე, ამ კრიტიკული სტატიების მერე, მომწერა იმეილი, სადაც მთხოვდა, შემეფასებინა ალბომი და რეცენზია დამეწერა. მთლიანობაში ალბომი კარგი გამოვიდა, თუმცა ჟღერადობა არ მომეწონა და დავწერე კიდეც ამის შესახებ. კვლავაც ჩვეულებრივად მიიღო. ირაკლიმ მიპასუხა, რომ ეს ჟღერადობა შეგნებულად ჰქონდა გაკეთებული.
- ძეგლის დადგმას მისთვის მიესალმები?
- თუკი მის ახლობელ ადამიანებს სურთ, არა მგონია, ეს პრობლემა იყოს, თუმცა თუ სიმბოლოს სახით მიაგებენ პატივს, მაგალითად, ქაღალდის ნავს დადგამენ, მივესალმები. მე მქონდა იდეა, ჯერ ქუთაისში და მერე აქ გაკეთებულიყო ბაღი, სადაც მსოფლიო მუსიკოსების ძეგლები დაიდგმებოდა, მაგალითად, სკამზე რომ დაჯდებოდი, გვერდით ჯიმი ჰენდრიქსი რომ "მჯდარიყო", იქვე ჯენის ჯოპლინი შადრევანთან იქნებოდა ჩამომჯდარი... რა თქმა უნდა, ქართველებიც იქნებოდნენ, მათ შორის დები იშხნელები, ინოლა გურგულია, ირაკლი ჩარკვიანიც.
- ლაშა, ისევ სკანდალებს დავუბრუნდეთ და მახსოვს აჩიკო მეფარიძესთან დაკავშირებული ამბავიც...
- მე და მაია სიხარულიძემ ვიმუშავეთ ამ სკანდალზე. ეჭვი გაგვიჩნდა, რომ აჩიკო მეფარიძის მიერ კონკურსიდან ჩამოტანილი გრან-პრი არ იყო ნამდვილი. მივწერეთ კონკურსის ორგანიზატორებს და იქიდან ჩამოგვივიდა პასუხი, რომ მეფარიძემ კონკურსში კი მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სინამდვილეში მას არანაირი გრან-პრი არ მიუღია და საერთოდ არც ერთი საპრიზო ადგილი არ დაუმსახურებია.
- როგორ შეხვდნენ "არტ-იმედში" ამ ამბავს?
- რა თქმა უნდა, მათი პოზიციითაც დავინტერესდით, თუმცა შეხვედრაზე, რომელსაც მარინა ბერიძე, აჩიკო მეფარიძე და მისი პროდიუსერი ესწრებოდნენ, მაია არ გავუშვი და დარტყმების მისაღებად თავად წავედი (იღიმება). სხვათა შორის, მარინას არაფერი უთქვამს, ძირითადად, აჩიკო და მისი პროდიუსერი ლაპარაკობდნენ. მათ ვთხოვე წარმოედგინათ გამარჯვების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და მითხრეს, რომ მომაწვდიდნენ, თუმცა, რასაკვირველია, ვერ მომაწოდეს. სანამ ჩვენი სტატია გამოქვეყნდებოდა, წინმსწრებად გაუშვეს "ალიაში" ინფორმაცია, რომ "ვერსია" აპირებდა ტყუილის დაბეჭდვას აჩიკო მეფარიძის შესახებ. იყო მუქარაც და მერე თხოვნაც, რომ არ დაგვებეჭდა, თუმცა სტატია მაინც გამოქვეყნდა და დიდი სკანდალიც მოჰყვა. ბადრი პატარკაციშვილი დაინტერესდა ამ თემით პირადად და "არტ-იმედიდან" აჩიკოს პროდიუსერი გაუშვეს.
- ასე იყო თუ ისე, შოუბიზნესი მაშინ მაინც მუშაობდა...
- რა თქმა უნდა. იწერებოდა სიმღერები, იღებდნენ კლიპებს, გამოდიოდა ალბომები. დღეს ასე აღარ არის და ჩემი აზრით, ბევრმა ნახა თავისი შესაფერისი ადგილი. ვიღაც დაჯდა ტრაილერზე და აღარ ასრულებს სიმღერებს, თავისი საქმე იპოვა. რაც უნდა ვაკრიტიკოთ სატელევიზიო მუსიკალური პროექტები, მაინც ხელს უწობს ცოცხლად სიმღერის პოპულარიზაციას და შესაბამისად, იმ მომღერლების წინ წამოწევას, რომელთაც მეტ-ნაკლებად შეუძლიათ სიმღერა.
თუმცა შოუბიზნესში ახალი პრობლემა გვაქვს - ე.წ. "შოფრული" სიმღერების გააქტუალურება. 80-იან წლებში საქალაქთაშორისო ავტობუსში რომ ჩაჯდებოდი, რა აღარ ისმოდა. მერე ეს ყოველივე თანდათან ესტრადის სიმღერებით გადაიფარა. რადიო "არ დაიდარდო" რომ შეიქმნა, სტატიაშიც დავწერე, რომ ვიღაცამ "სიდენიების" ქვევიდან ცხრაასჯერ გაწყვეტილი კასეტები ამოალაგა, ლაკით რომ იყო შეწებებული, წაიღო სტუდიაში, ციფრულ ხარისხზე გადაიტანა და რადიოეთერში დაატრიალა. ბუმი ააგორა იმ სიმახინჯეზე, რომელსაც დღეს "შოფრული" კი არა, ქალაქური დაარქვეს. "ცისფერ ტრიოსაც" ქალაქური ჟანრი ჰქვია და ამასაც?! ეს გარკვეულწილად მედიის ბრალია. არ მჯერა საზოგადოებრივი დაკვეთის. მე თუ ვმუშაობ რადიოში და ვიცი, რომ არსებობს სტივ ვანდერი, მას გავუწევ პოპულარიზაციას და მსმენელიც მიეჩვევა. ჭიათურის სარდაფიდან რომ ვიღაცას ამოიყვან, რომ დათვრება, სიმღერას ჩააწერინებ და ეთერში გაუშვებ, ცუდია თუ კარგია, ბევრჯერ რომ გაუშვებ, ხალხს მოეწონება თანდათან და ასეთი გემოვნება დამკვიდრდება. მოკლედ, შოუბიზნესი არსებობს, ოღონდ წინ წამოვიდა "შოფრული" სიმღერები. ესტრადამ უკან გადაინაცვლა. ალტერნატიულ მუსიკაზე აღარაფერს ვამბობ, რომელიც სულ ნაგავ მდგომარეობაში იყო და ახლაც ასეა. უბრალოდ, ზოგიერთი ვითომ როკერობს და ჭუჭყიანი ტანსაცმელი რომ ეცვათ, ახლა სუნამოები ასხიათ. პროტესტი რომ გაქვს, ოდეკოლონის სუნი არ უნდა აგდიოდეს (იღიმება).
- კარგი მუსიკა იქმნება საქართველოში? საინტერესო სახეები ვინ არიან?
- საინტერესო სახეს ვერ დაგისახელებ, არავინ მახსენდება. თბილისის გარეთ, სადაც ხელოვნური პროექტები გაჩნდა, საინტერესო სახეების მოძებნა უფრო შესაძლებელია.
- რადიო ახსენე და რადიო "პალიტრის" დილის გადაცემა მიგყავს, ასევე მუშაობ "შუადღისთვის" მუსიკის ბლოკზე. რომელი უფროა შენი საყვარელი საქმე?
- დილის გადაცემა უფრო გამზადებული სცენარია, "შუადღეში" მეტი თავისუფლებაა, რადგან იმ ნახევარ საათში ბევრი რამის თქმა შემიძლია მუსიკაზე.
- მსმენელები აქტიურობენ?
- რა თქმა უნდა, "შუადღეში" ერთხელ ჩემი ეთერის დროს დარეკა მსმენელმა და ძაღლებზე გველაპარაკებოდა. წინა რუბრიკის თემა გადმოჰყვა, ეტყობა (იცინის).
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)