ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის ინფორმაციით, ენერგო და სასურსათო ვაუჩერებისთვის თანხები რეზერვებიდან იყო მობილიზებული.
ამის შესახებ, დღეს კახა ბაინდურაშვილმა, პლენარულ სხდომაზე "თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, თუ საიდან მოხდა ვაუჩერების დასაფინანსებელი თანხების მობილიზება და რატომ არ მოხდა ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები.
ბაინდურაშვილის განცხადებით, კი მას არ ესმის ოპოზიციის კრიტიკა და მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ თანხები მოდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მისი თქმით, ქვეყანას აქვს რეზერვები, მათ შორის სოციალურ ბიუჯეტში რეზერვი და ასევე, შესაძლებელი ხდება თანხების გადატანა მუხლებს შორისაც. პენსიის 100 დოლარამდე ზრდასთან დაკავშირებით კი, კახა ბაინდურაშვილი აცხადებს, რომ 100 დოლარიანი პენსიის დანაპირები, ამ საარჩევნო ციკლში აუცილებლად შესრულდება.
მისივე თქმით, პოლიტიკურადაც უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს უფრო ადრე შესრულებინათ, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა კორექტირებები შეიტანა საკუთარ პროგრამებში და ბევრი ქვეყანა ვერ აკეთებს იმას, რაც დაგეგმილი ჰქონდა.