"ხელისუფლება ვალდებულია საჯარო გახადოს ინფორმაცია, ტელეკომპანიების მფლობელთა და დამფინანსებელთა შესახებ. ეს უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით და პარლამენტმა დროულად უნდა მიიღოს კანონი მედიის შესახებ", - განცხადება რადიო "პალიტრის" გადაცემა " აქ და ახლას" ეთერში ჟურნალისტმა ელისო ჩაფიძემ და მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ გააკეთეს.
ქორიძის თქმით, დემოკრატიულ განვითარებას საქართველოში საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს და ხელისუფლება დემოკრატიული სამყაროს მოთხოვნებს იგნორირებას ვერ გაუკეთებს. მედია სივრცე უნდა იყოს გამჭვირვალე, საჯარო ინფორმაცია კი ხელმისაწვდომი, უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც საჯაროს გახდის მედიასაშუალებების მფლობელთა ვინაობას და მათი დაფინანსების სქემას.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიმართ ბევრი პრეტენზია არსებობს. მედია ექსპერტის განცხადებით, სატელევიზიო სიხშირეების და ლიცენზიების გაცემის საკითხზე კომისიიდან საჯარო ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად, შეუძლებელია.
"კომისიას არ აქვს ხედვა საზოგადოებრივ მოთხოვნებზე, საზოგადოების მოთხოვნა კი ტელეარხებზე ჟურნალისტური გამოძიებებია - რადგან არსებობს კითხვები, უნდა არსებობდეს პასუხები”, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.
მედიაგამჭირვალეობის შესახებ კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოს ჯერ არ განუხილავს. უმრავლესობის მიერ მომზადებული და "ქრისტიან დემოკრატების" მიერ ინიცირებული კანონპროექტი მედიაგამჭირვალეობის შესახებ მედია მფლობელთა ვინაობის საჯაროობას, მედია დაფინანსების და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ითვალისწინებს.