მისმა ნამღერმა საზოგადოების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია - მართლაც, საოცარი შესრულება იყო. სოციალური ქსელიც უამრავი თბილი და დადებითი კომენტარებით აივსო. თავად შაბან მამედოვი პროექტში "ხალხური“ სიმღერის "დაიგვიანეს“ შესრულების შემდეგ ასეთ შეფასებებს არ ელოდა.
"უცებ გავარდა - არ ველოდი ამხელა გამოხმაურებას... მეორე დღეს მისი მოსმენა გავბედე და ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა 2-ჯერ მოვუსმინე... მოკლედ, ამ შედეგის დადებაში "შავნაბადას“ უდიდესი წვლილი მიუძღვის და მადლობა დავით ცინცაძეს. მინდა აღვნიშნო ვაკო ასათიანი, რომელიც დაუღალავად შრომობდა ჩემთან ერთად, ყველა დეტალს ვასწორებდით, ვხვეწდით... "შავნაბადამ“ ცეცხლი დაანთო... იყო მომენტი, როცა სიმღერა დაიწყეს, საერთოდ დამავიწყდა, რომ მეც უნდა მემღერა. მერე მივხვდი, რომ სოლო უნდა შემესრულებინა", - გვეუბნება 24 წლის მუსიკოსი შაბან მამედოვი ქალაქ მარნეულიდან და ჩვენთან საუბარს აგრძელებს:
- მაგ სიმღერაში გამოკვეთილად ვაკო ასათიანისა და დიმა ჭითანავას ხმა ისმის... მოკლედ, მას მერე, რაც მივხვდი, რომ სოლო მქონდა სამღერი - თავს შევუძახე - ეცადე, აბა?! ჰამლეტ გონაშვილის ეს სიმღერა ბევრს უმღერია, მათ შორის, მარო თარხნიშვილს... ჰამლეტის მერეც ბევრმა იმღერა, მაგრამ ჰამლეტისეული ხაზი დაკარგულია. ვეცადე, ის მთავარი ხაზი აღმედგინა - ეს იყო ჩემი მიზანი. ამ სიმღერას ბევრი მელიზმატიკა არ უხდება. მადლობა ღმერთს, რომ ნახევარფინალში ვარ. ყველაფერ დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
- ამ კონკურსში როგორ მოხვდით?
- კონკურსის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორისგან გავიგე, რომ ქვემო ქართლში, კერძოდ, ბოლნისში საექსპედიციო ტური იმართებოდა, სადაც გავედი და პირველი ტურის მონაწილეებს შორის მოვხვდი... საერთოდ ჩემი მიზანი იყო, რომ ხალხის სიყვარული მომეპოვებინა.
- როდის და როგორ გაჩნდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში?
- მუსიკით პატარა ასაკიდან დავინტერესდი. 6 წლის ვიყავი, სათამაშო, კლავიშებიან ინსტრუმენტზე მელოდიის რაღაც ნაწილს რომ ვაწყობდი. ეს ინტერესი ჩემმა ოჯახმა შეამჩნია, მითხრეს, იმ სიმღერას თუ ბოლომდე მიიყვან, ნამდვილ ციფრულ ფორტეპიანოს გიყიდით და წაგიყვანთ მუსიკის პედაგოგთანო. მე ჩემი სიტყვა შევასრულე, მათ კი - თავისი. აქედან დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა. შევედი მარნეულის კულტურის ცენტრში ამირან ნასყიდაშვილთან, მუსიკის ჩემს პირველ პედაგოგთან. 2009 წელს სწორედ მისი დამსახურებით გამოვედი სცენაზე შევასრულე სიმღერა, ხოლო შემდეგ 2013 წელს პირველად გავედი ბათუმში საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე, სადაც უმაღლესი პრიზი - გრან-პრი ავიღე. საქართველოდან ჟიურში ანრი ჯოხაძე იყო.
იმავე წელს გავემგზავრე ლატვიაში, იქ სამ ნომინაციაში გავიმარჯვე - ეს იყო პირველი ადგილი, მესამე ადგილი და გრან-პრი... შემდეგ იყო სხვადასხვა ადგილობრივი ფესტივალიც.
2015 წელს კი თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ჩატარებულ მუსიკალურ ფესტივალზე საქართველო სამეულში პირველად მოხვდა და მე მესამე ადგილი დავიკავე.
- ქართული ხალხური სიმღერა ასე კარგად სად ისწავლეთ?
- მუსიკაში ქართული ფოლკლორი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჟანრია. კლასიკური განათლებაც მაქვს მიღებული, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში საოპერო ვოკალი დავამთავრე. ასევე მუსიკოლოგიაში ბაკალავრის ხარისხი მაქვს, "ილიაუნიში“ ვსწავლობდი. მიუხედავად ამისა, ჩემი მთავარი ჟანრი მაინც ქართული ხალხური სიმღერა და ამ ჟანრის განუმეორებელი წარმომადგენელი ჰამლეტ გონაშვილია. პირველად როდესაც ხალხური სიმღერა მოვისმინე, სწორედ ბატონი ჰამლეტის ნამღერი იყო და იქიდან დაიწყო ჩემი ამ ჟანრის მიმართ დიდი სიყვარული.
- ვინ მოგასმენინათ?
- სკოლაში ჩემმა პირველმა პედაგოგმა მომასმენინა. გაციებული ვიყავი, ისეთი სასიამოვნო იყო, რომ ჩამეძინა, სიზმარშიც ცხადად ჩამესმოდა... შემდეგ თვეების განმავლობაში ვუსმენდი, ვცდილობდი, მესწავლა მისი ნამღერის პატარა ნიუანსები და ჩემს ხმაში გამომემუშავებინა. მერე უკვე დავიწყე ჩემი "ხალხურის“ პედაგოგთან კაკი ლობჟანიძესთან მუშაობა. ის მარნეულის ხალხური სიმღერის ანსამბლ "იბერიას“ ხელმძღვანელია, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერა ძალიან შემაყვარა - ბევრი ნიუანსი მასწავლა. შემდეგ და შემდეგ დავხვეწე ხმა, ყოველ შემთხვევაში ამას ვცდილობდი. ვამბობ და ვიტყვი, რომ ჩემი მიზანია, მაქსიმალურად ვაცოცხლო ჰამლეტ გონაშვილი. თუ შეიძლება მუსიკის კუთხით ვინმე გავაღმერთო, სწორედ ეს ადამიანია...
ასეთი კურიოზიც არსებობს, - თელავის ბაზარში კახელ გლეხს ბატონი ჰამლეტი უნახავს. მასთან ახლოს მისულა, - შენა კაცო, ჩემი ოჯახის ღმერთი ხარო - უთქვამს. აუღია საზამთრო და ნესვი, - ამაზე ძვირფასი არაფერი მაბადია და როგორც ქართველმა კაცმა ქართველს უნდა გადმოგცე, ამაზე ნუ მიწყენო და გადაუცია...
- მისი ჰანგების მოსმენა ემოციურად რას ნიშნავს თქვენთვის?
- ამ კითხვაზე პასუხი იმდენად ვრცელი იქნება, ერთ ინტერვიუში ვერ ჩავატევ, ამიტომ მოკლედ გეტყვით - ამ კაცის ხმაში არის მთელი საქართველო თავისი ტკივილით, თავისი ხალისით, თავისი მიწისა და ზეცის სურნელით. მასზე ასე ამბობდნენ ხოლმე და მართლაც, მიწისა და ზეცის სუნი მის ხავერდოვან ხმას ერთდროულად დაჰკრავს. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც მისი მოსმენისას საოცარი განცდა არ დაეუფლოს. ლეგენდარული ადამიანია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს კაცი ასე არ აღმოცენებულა - საოცარი მასწავლებლები ჰყავდა - ყუფარაშვილი, მჭედლიძე, კავსაძე. ანზორ ერქომაიშვილმა კი საერთოდ მისი სცენური სახე შექმნა.
- ქართული ჩოხით, ქართული სიმღერის მღერა, ეთნიკურად აზერბაიჯანელისთვის რა ემოციას განიჭებთ?
- საოცარ ენერგიას ვგრძნობ, როდესაც ჩოხაში ვარ. შარშან საფრანგეთში კონკურსზე ვიყავი - ყველანაირ სამოსზე უარი ვთქვი და ჩოხით გამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ იტალიურ სიმღერას ვასრულებდი და კლასიკური კოსტიუმის ჩაცმა შეიძლებოდა, მაინც ჩოხა ჩავიცვი. ამის ინსპირაციაც ჰამლეტმა მომცა. საერთოდ რაც არ უნდა ვთქვა, მაინც ჰამლეტთან მივალ - ეს კაცი ჩემთვის მართლა ღვთაებაა...
ამ კონკურსის პერიოდშიც, ვისზეც ვფიქრობდი, ჰამლეტი იყო, თითქოს მისი სახება სულ გვერდით მედგა და მკარნახობდა - აი, აქ ეს გავაკეთოთ, აქ ეს დავამუშაოთ... შეიძლება ვიღაცას ამაზე გაეცინოს, მაგრამ სულ მისი ინსპირაციით ვმოქმედებ... როცა ადამიანი ძალიან გიყვარს, ალბათ ასე ხდება...
- აზერბაიჯანულ თემში ქართული სიმღერის მიმართ თქვენი ასეთი სიყვარული როგორ აღიქმება?
- ძალიან მახარებს, რომ ორივე მხრიდან - ქართველებისგანაც და აზერბაიჯანელების მხრიდან თანაბარ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ. ერთმა ადამიანმა მითხრა, - შესაძლოა ხიდი იყო ამ ორ ერს შორსო... გამიხარდა.
- ხომ არ აპირებთ, რომ რაღაც შერეული კონცერტი გააკეთოთ და სცენიდან ორ ენაზე, ორ ხალხს თქვენი პატივისცემა და სიყვარული კიდევ ერთხელ დაუდასტუროთ?
- ამ ყველაფრის გაკეთება შეიძლება, კარგი იდეაა, მაგრამ ამ პროექტზე ასე ერთი კაცი ვერ იმუშავებს. პირველ რიგში, ფინანსები სჭირდება, ასევე მედიამხარდაჭერა. თუმცა სამომავლოდ რატომაც არა, ხომ ვამბობ, კარგი იდეაა-მეთქი.
- სკოლა სად გაქვთ დამთავრებული?
- თავიდან მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლაში შემიყვანეს, სადაც აზერბაიჯანულად ვსწავლობდი. შემდეგ იმ სკოლის დირექტორმა, რისთვისაც დიდი მადლობა მას, მშობლებს ურჩია თბილისში, 202-ე უსინათლო სკოლა-პანსიონატში გადმოვეყვანე. გადმომიყვანეს, სადაც კვირის განმავლობაში იქ ვრჩებოდით... როცა მივედი ქართულად ერთი სიტყვა არ ვიცოდი, ენა იქ ვისწავლე. ამ სკოლამ ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა. დღეს რაც ვარ, იქაური მასწავლებლების დამსახურებაა. კი, ჩემ განვითარებაში, საზოგადოების აქტიურ და დამოუკიდებელ წევრად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვით... სკოლაში ნანა კაპანაძე იყო გუნდის ხელმძღვანელი და მასთან დავდიოდი. გუნდურ სიმღერაში ჩემს გამოცდილებას საფუძველი იქ ჩაეყარა.
- ყველაფერთან ერთად ქართულად საოცრად კარგად, გამართულად მეტყველებთ, რაც ძალიან სასიამოვნოა...
- კითხვა სულ მიყვარდა, ლიტერატურას ბრაილის შრიფტით ვკითხულობდი. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ, ნოდარ დუმბაძე, რომელიც ჩემი საყვარელი მწერალია, მისი ნაწარმოებები ალბათ 6-ჯერ მაინც მექნება წაკითხული. სკოლის პერიოდში წიგნებს მართმევდნენ, გეყოფა, აღარ წაიკითხოო. ბრაილის შრიფტის გარდა, ხმოვან წიგნებსაც ვუსმენ...
- თქვენი უსინათლობა თანდაყოლილია თუ შეძენილი?
- უფრო დაბადების შემდგომ განვითარებული. 7 თვის ვიყავი, როცა სეფსისი დამემართა, მაგრამ რით იყოს სეფსისი გამოწეული, ეგ აღარ ვიცი. თან 2001 წელი იყო, მაშინ მედიცინა დიდად არ ყვაოდა, შესაძლებელია რაღაც არაჰიგიენური ნემსიც კი გამიკეთეს. 9 თვის ასაკში თვალზე პირველი ოპერაცია გამიკეთდა. საერთოდ ნულოვანია ჩემი მხედველობა და ჯერჯერობით საიმედო ამ კუთხით არაფერია. მახსოვს, ერთ-ერთი ექიმის ნათქვამი, როდესაც ჩემს ისტორიას გაეცნო, - მადლობა უნდა თქვა, რომ მხოლოდ სინათლე დაკარგე, ნემსებს, გადასხმებს თავში გიკეთებდნენ და შესაძლოა იმ ყველაფერს გონებაზეც კი ემოქმედაო.
- თქვენი ცხოვრებით, ფაქტობრივად, უკვე დაამსხვრიეთ ყველანაირი ბარიერი, მითი შშმ პირების შესახებ. მუდმივად იმას ადასტურებთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს...
- 24 წელია, ფაქტობრივად, ვერ ვხედავ... ერთია, როცა ცხოვრებას ასე ეჩვევი, მერე რთული აღარ არის, რადგან როგორც უსინათლო, თავიდანვე ადაპტაციას გადიხარ. მეორე მომენტი ასეთია, როცა მხედველობას გარკვეული წლების შემდეგ კარგავ, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია ადაპტაცია, მაგრამ პროცესი ცოტა უფრო რთულია.
ჩემს შემთხვევაში ზოგჯერ აღარც ვუკვირდები და აღარც მახსოვს, რომ მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემა მაქვს. ეს იმიტომ, რომ "მოუსვენარი“ ადამიანი ვარ, მინდა, რომ სულ რაღაცას ვაკეთებდე. სულ ახლის ძიებასა და მოძრაობაში ვარ. ნებისმიერი საქმეში დამოუკიდებლობა მიყვარს. ამაში კი დიდი წვლილი, როგორც ვთქვი, ჩემს სკოლას მიუძღვის.
- ოჯახზე რას გვეტყვით?
- მყავს დედა, მამა ორი უფროსი და. ჩემთვის ოჯახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რაც არ დამკლებია, შესაბამისად, ჩემს ოჯახს ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის... დედაჩემს კარგი ხმა აქვს, რაც გენეტიკურად სწორედ მისგან გამომყვა. სხვათა შორის, მამის მამა კარგად უკრავდა გარმონზე.
- რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის გარკვეული შეზღუდვა აქვს, მაგრამ თქვენნაირად აქტიური არ არის?
- ეს ის კითხვაა, რაზეც პასუხის გაცემა ყოველთვის მიჭირს. თუ რატომ, ჯერ ამას აგიხსნით - თითოეული ადამიანის ცხოვრების სტილი, გამოცდილება განსხვავებულია. შესაბამისად, ერთადერთი, რისი რჩევაც შემიძლია, ის არის, რომ არ იყვნენ ჩაკეტილები, მაქსიმალურად ეცადონ განვითარდნენ, მაგრამ ამაში ოჯახის დახმარებაც სჭირდებათ. მესამეც არის - ოჯახმა შეიძლება ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ შედეგი ვერ მიიღოს, რადგან ბავშვი სტრესის გამო ვერ წამოჰყვეს. მოკლედ, ერთადერთი მაინც ისაა, რომ ეცადონ, არ ჩაიკეტონ და განვითარდნენ. ზოგადად არავინ ისურვებდა იმას, რომ ვერ ხედავდეს, ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს, მაგრამ თუკი პრობლემა არსებობს და არაფერი იცვლება, ეს მოცემულობად უნდა მიიღონ. ყველას მხნეობას ვუსურვებ...