წუხელ, ღამის 4 საათზე ჭიათურაში პროტესტის მონაწილე 4 მაღაროელი დააკავეს.
"იყო ძალადობრივი ქმედება, ძალის გადამეტება, ფიზიკური დაპირისპირება... მოგვექცნენ ისე, როგორც ბოროტმოქმედებს. ქალბატონებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წაგვართვეს მობილურები, თითებზე ფეხის დაბიჯება ტელეფონის ხელიდან გასაშვებად... ჭიათურა, მონობისთვის გამზადებენ“, - დაწერეს პროტესტის მონაწილეებმა.
დაკავებული მერაბ სარალიძე, გიორგი მეფარიძე და არჩილ ჭუმბურიძე მაღაროელები არიან. მათგან პირველი ორი კარვიდან წაიყვანეს, არჩილ ჭუმბურიძე კი - სახლიდან. მეოთხე დაკავებული კი ჭიათურის მცხოვრები თენგიზ გველესიანია.
მაღაროელ ტარიელ მიქაცაძის ინფორმაციით, გუშინ შუქრუთის მაღაროს დირექტორმა თენგიზ კობერიძემ პროტესტის მონაწილეებს შეურაცხყოფა მიაყენა და "ნახირის ჯოგი“ უწოდა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და ისინი მაღაროს დირექტორს დაუპირისპირდნენ.
პარალელურად, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ განცხადება გაავრცელა:
"ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით, სპეციალურმა ჯგუფებმა დილიდან დაიწყო დახურულ მაღაროებში შესვლა და არსებული ვითარების შეფასება. პერევისას მაღაროს დათვალიერების დროს, ადგილზე მივიდნენ საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ კომპანიის წარმომადგენლებს. პერევისას მაღაროდან წამოსული სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის ავტომობილს გზა გადაუკეტა 30-კაციანმა ჯგუფმა. მათ შორის განსაკუთრებულად აქტიურობდნენ: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი. კობერიძე ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვებით გაუსწორდნენ, მათ შორის დაზიანებები მიაყენეს სახის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
როგორც ambebi.ge-ს შსს-ში განუცხადეს, "აქციის მონაწილეები თავს დაესხნენ მაღაროს დირექტორს და მას დაზიანებები მიაყენეს. დაკავებულია 4 პირი და მათ მიმართ გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო.“
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, ჭიათურისა და საჩხერის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით 4 პირი- 1991 წელს დაბადებული გ.ნ., 1990 წელს დაბადებული მ.ს., 1985 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1989 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ჭიათურის მუნიციპალიტეტში, შუქრუთის მაღაროს დირექტორს, 1982 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა თ.კ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან, რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს”,-აღნიშნულია განცხადებაში.
ტარიელ მიქაცაძე, მაღაროელი:
"61-ე დღეა რაც უწყვეტი აქცია გვაქვს... წუხელ, ღამის 4 საათზე დაიწყო საპოლიციო რეიდი, ისინი კარავში შემოვარდნენ, სადაც მოშიმშილეები იყვნენ, 3 ადამიანი აიყვანეს, მეოთხე კი საკუთარი სახლიდან გამოიყვანეს და დააპატიმრეს. როგორც ვიცი, ახლა ისინი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული. ჩემი ინფორმაციით, კონფლიქტი მოხდა ერთ-ერთი საწარმოს ხელმძღვანელთან იმის გამო, რომ მან ჩვენი აქციის მონაწილეებს "ნახირის ჯოგი“ უწოდა, ამან გამოიწვია დაპირისპირება. იმ ადამიანმა სარჩელი შეიტანა. ამათაც ეს უნდოდათ, ამასობაში სულ დაგვცინოდნენ, ბევრი შეურაცხყოფა მოგვაყენეს... 4 აქტივისტი დააკავეს, მაგრამ ამით არ დავშინდებით, ჭიათურელებს ეს უფრო გვაძლიერებს. ახალ სამოქმედო გეგმას შევიმუშავებთ და არ დავუშვებთ, რომ მიხეილ სოცკი და მისი რუსული კომპანია ჭიათურაში შემოვიდეს... მოვითხოვთ, აუცილებლად გაათავისუფლონ პროვოკაციის გზით დაკავებული აქციის მონაწილეები“.
მოგეხსენებათ, მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ჭიათურაში დასაქმების მთავარი წყაროა. ბოლო კვირებია მაღაროელები აქციებს მართავდნენ ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად.
ჭიათურაში მომპოვებელი პროცესის ძირითადი ნაწილი 2024 წლის 1-ელი ნოემბრიდან შეჩერებულია - მაშინ თანამშრომლებმა მიიღეს დაპირება, რომ 2025 წლის 1=ელ მარტამდე ხელფასის 60% დაერიცხებოდათ.
7 მარტს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებდა.
22 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის, "ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა კომპანიამ, "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ (CMC) ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაგეგმა“. "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში CMC წერდა, რომ წარმოების განახლების პროცესს მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებდა.
24 აპრილს მაღაროელებმა გაასაჯაროვეს "ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიღებული განაცხადების ფორმები, რომელზე ხელის მოწერის შემთხვევაშიც გამოდიოდა, რომ დასაქმებულები დაეთანხმებოდნენ:
ჭიათურელი მაღაროელები, რომლებიც სამთომოპოვებითი საქმიანობიდან ამ კომპანიების გასვლას თვეებია ითხოვენ და დემონსტრაციებს მართავენ, აცხადებენ, რომ კომპანია "ულტიმატუმის ენით“ საუბრობს და "რეპრესიებს“ აანონსებს