2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში კანონმდებლობით გართულდა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის პროცედურის ჩატარება. რეგულაციებს დაემატა პირველი ულტრაბგერითი კვლევიდან 5 დღის შემდეგ ახალი კვლევის ჩატარება, ასევე სავალდებულო გახდა ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან კონსულტაციის გავლა.
შეიზღუდა იმ სამედიცინო დაწესებულებების რაოდენობა, სადაც პროცედურა ტარდება. მედიკამენტური აბორტის ჩატარება შესაძლებელია 10 კვირამდე (70 დღე) ვადის ორსულობისას სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში და სტაციონართან არსებულ ანტენატალურ დონე მინიჭებულ ამბულატორიაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ადეკვატური და დროული რეფერალის უზრუნველყოფის პირობით. მედიკამენტური აბორტის გამომწვევი მედიკამენტების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმ მეან-გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დანიშნულებით.
მიუხედავად იმისა, რომ აბორტის ჩატარების პროცედურა 2024 წლიდან დამატებით რეგულაციებში მოექცა, ეს დადებითაც მაინც ვერ აისახა შობადობის ზრდაზე. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად აღნიშნულ წელს შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა. 2024 წელს საქართველოში 39 483 ბავშვი დაიბადა, ეს კი 2014 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მაშინ ქვეყანაში 60 635 ბავშვი დაიბადა. მას შემდეგ, ყოველ წელს შობადობის კლება ფიქსირდებოდა. უფრო მანამდე კი შობადობის მაღალი მაჩვენებელი 2009 წელს დაფიქსირდა, როდესაც 56 568 ბავშვი დაიბადა.
ერთი მხრივ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის პროცედურის გამკაცრება და მეორე მხრივ, შობადობის დაბალი მაჩვენებელი ქმნის დემოგრაფიულ პარადოქსს, რომლის გამომწვევი შედეგების გაანალიზება და შესაბამისი ზომების მიღება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
რეგულაციების ამოქმედებამდე უფლებადამცველები ხმამაღლა საუბრობდნენ ქალის რეპროდუქციული უფლებების შეზღუდვასა და სამედიცინო სერვისზე კიდევ უფრო დაბალი ხელმისაწვდომობის საფრთხეებზე. ისინი განმარტავდნენ, რომ პრაქტიკაში აბორტის შეზღუდვა პირდაპირ ვერ მოაგვარებდა საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ პრობლემებს და მეტიც, საფრთხეს შეუქმნიდა ქალების ჯანმრთელობას, რადგან რთული სოციალური მდგომარეობის გამო თვითნებური აბორტების რიცხვი გაიზრდებოდა. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი აბორტი არის ქალის ჯანმრთელობის დაცვისა და მისი უფლებების შენარჩუნების აუცილებელი პირობა. საქართველოში 2023 წელს დანერგილი შეზღუდვები იქნება ეს საკონსულტაციო პროცედურის დამატებითი ბიუროკრატიზაცია ან ხანგრძლივი ლოდინის პერიოდები ბარიერებს ქმნის სერვისის დროულად და უსაფრთხოდ მიღებაზე.
რამ განაპირობა შობადობის დაბალი ტენდენცია საქართველოში? – 2024 წელს შობადობის კუთხით არსებული ვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს გაზრდილ ემიგრაციასთან, ასევე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან, სტაბილურობის ნაკლებობასთან, დაჩქარებულ ურბანიზაციასა და ახალგაზრდების შეზღუდულ წვდომასთან საცხოვრებელზე, ასევე სამუშაო ადგილებზე და სხვა.
თუმცა, პარადოქსულია, რომ ერთის მხრივ ქვეყანა ცდილობს შობადობის წახალისებას, თუმცა განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ეკონომიკურ და სოციალურ პროგრამებზე კიდევ უფრო ფოკუსირების ნაცვლად ზღუდავს რეპროდუქციულ არჩევანს, რაც საბოლოოდ კი პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებს დისკომფორტს რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის.
ქალებზე წნეხის გაზრდა, მათ არჩევანზე ზემოქმედება და სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან კონტროლის გაძლიერება აბორტთან მიმართებით მხოლოდ ზრდის უნდობლობას და ქალებს ხშირად უბიძგებს თვითნებური აბორტისკენ, რის არაერთ რეალურ შემთხვევასაც ინტერნეტში ხშირად წააწყდებით. ქალები თვითნებური აბორტით საფრთხეში აგდებენ თავიანთ სიცოცხლეს, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ სოციალური პრობლემები და აბორტზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო შეზღუდვა უბიძგებთ.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედებული ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებთანაც. 2022 წელს ჯანმო-ს მიერ გამოქვეყნებულ გაიდლაინში მითითებულია, რომ „არასაჭირო სახელმწიფო ბარიერების მოხსნა ხელს უწყობს უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობას“. საბოლოო ჯამში, ცვლილებები აძვირებს სერვისს და ზღუდავს გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, რაც დიდი წნეხია ქალებისთვის.
მნიშვნელოვანია, რეპროდუქციული სერვისები ქალებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გახდეს. ასევე, სახელმწიფომ იზრუნოს ცნობიერების ამაღლებაზე, რაც გულისხმობს რეპროდუქციული განათლების დანერგვას ახალგაზრდებში. გარდა ამისა, საკანონმდებლო რეგულაციები უნდა შემუშავდეს იმგვარად, რომ შობადობის წახალისება არ ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებებს.