"კვირის პალიტრის" უნიკალური პროექტი "გზავნილი მომავალში" გრძელდება.კერძოდ, გაზეთის ამ ნომერშიც ( 28 აპრილი) დაგხვდებათ სპეციალური კონვერტი და ბარათი (დეტალური ინსტრუქციით) უპრეცედენტო პროექტისთვის: "გზავნილი მომავალში". მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ძვირფას ადამიანებს, შთამომავლებს და თუნდაც ქვეყანას მისწერონ წერილი მომავალში. ადრესატი გზავნილს, ავტორის სურვილისამებრ, მიიღებს 10 ან 25 წლის შემდეგ (2035 ან 2050 წელს).
სპეციალური კონვერტი და ბარათი იქნება "კვირის პალიტრის" 5 მაისის ნომერშიც.
მნიშვნელოვანია, რომ მომავალში წერილის გაგზავნის შესაძლებლობა ქართველ ემიგრანტებსაც ექნებათ. ისინი კონვერტის ჩამოტვირთვას, ასევე დეტალური ინსტრუქციით, შეძლებენ აქედან.
შეგახსენებთ, რომ პროექტის "გზავნილი მომავალში" განმეორების ერთ-ერთი მიზეზი ის დიდი აჟიოტაჟი იყო, რომელიც 2025 წლის სკივრის გახსნას მოჰყვა. პირადად რედაქციაში მოსვლით, სოციალური ქსელებისა თუ სატელეფონო ზარების საშუალებით ათასობით მოქალაქის თხოვნა მივიღეთ პროექტის კიდევ ერთხელ განხორციელების შესახებ. უმეტესობა ახალგაზრდაა, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა.
შეგახსენებთ, რომ უპრეცედენტო პროექტი 2000 წელს დაიწყო. ნებისმიერ მსურველს შეეძლო დაეწერა წერილი, რომელსაც ადრესატი, გზავნილის ავტორის სურვილისამებრ მიიღებდა და მიიღებს 5,10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგ. წერილები განთავსდა სპეციალურ სკივრებში და ინახება ეროვნულ არქივში. სკივრი გაიხსნა 2005, 2010 წლებში და ახლახან - 2025 წლის 10 მარტს.
თქვენ მიერ 2025 წელს დაწერილი წერილებიც დაილუქება სპეციალურ სკივრში და შეინახება ეროვნულ არქივში.
წერილის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 მაისი!
2035 ან 2050 წელს კი თქვენი წერილის ადრესატები აუცილებლად შეიტყობენ, რომ მათ სახელზე წერილია!
კონვერტის დამზადების და გამოგზავნის დეტალური ვიდეოინსტრუქცია