ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში, შაჰიდ რაჯაის მონაკვეთზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 14 ადამიანი ემსხვერპლა და 750-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას BBC ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის კრიზისების მართვის ორგანიზაციის წარმომადგენელის, ჰოსეინ ზაფარის თქმით, აფეთქება, შაჰიდ რაჯაის კონტეინერებში ქიმიკატების არასწორმა შენახვამ გამოიწვია. Ambrey Intelligence-ის განცხადებით, ხანძარი გამოწვეული იყო "ირანის ბალისტიკური რაკეტებისთვის განკუთვნილი მყარი საწვავის ტვირთის არასათანადო დამუშავებით“.\
ცნობილია, რომ ირანის დროშით მცურავმა გემმა "2025 წლის მარტში პორტში ნატრიუმის პერქლორატის სარაკეტო საწვავის ტვირთი გადმოტვირთა“.
ირანული მედიის ცნობით, აფეთქების ხმამ რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ფანჯრების მსხვრევა გამოიწვია და მისი ხმა კუნძულ კეშმზეც გაისმა, რომელიც პორტიდან სამხრეთით 26 კილომეტრში მდებარეობს.
ძლიერი დაკვამლიანებისა და ფერფლის გამო მუშაობა შეაჩერეს სხვადასხვა დაწესებულებებმა - დაიხურა ოფისები.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც ხანძარი გაჩნდა და გავრცელდა გაუხსნელ კონტეინერებზე, სადაც "აალებადი მასალა" ინახებოდა.