ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს მინდა გაგაცნოთ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ არსებულ შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები.
დღემდე თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა - ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
"2011 წელს, ოქტომბერში, მივიღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში და მე მის პოლიტიკურ გუნდში გავერთიანდი. მაშინ გახსოვთ ჩემი ოჯახი ძალიან დაზარალდა, ვინაიდან ჩემი ოჯახის წევრი უკანონოდ ჩასვეს ციხეში და სააკაშვილის რეჟიმს ერთი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, მძევლად ჰყავდა აყვანილი. ჩვენი ბრძოლა გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო, ჩვენ ოჯახის წევრს დავკარგავდით, მას ციხეში მოკლავდნენ და ალბათ, მეც დიდი ხნით მომიწევდა ციხეში წასვლა.
რაც ყველაზე მთავარია, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. მადლობა ღმერთს, საბედნიეროდ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა ჩვენი პარტიისა და ხალხის, ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა და საკუთარი ხალხის მტერი და ეროვნული ინტერესების მოღალატე, მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მე წილად მხვდა პატივი ბიძინა ივანიშვილის გუნდთან ერთად აქტიურად მემუშავა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისა და გამყარებისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესში ორჯერ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი. ბოლო ერთ წელიწადზე მეტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციიდან ვემსახურები საქართველოს.
მეამაყება, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ჩემი საქმიანობის პერიოდში, თავდაუზოგავად ვიშრომე, გუნდთან ერთად ბევრი საქმეც გავაკეთე და ბევრი გამოწვევაც დავძლიეთ. სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, უზრუნველყავით მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება. გავაძლიერეთ და გავამყარეთ სახელმწიფო სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ყოველთვის ყველა თანამდებობიდან ერთგულად და უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენადაც ეს შევძელი და მოვახერხე, უფლის შეწევნითა და წყალობით, პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ასევე, ჩვენი პარტიის წინაშე, რითაც ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, დღეს „ქართული ოცნება“ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად.
"არაერთხელ მითქვამს, რომ არცერთი თანამდებობა არ არის მარადიული. არცერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ეს ჩემთვის ყოველთვის იყო ჩვენი სამშობლოს და ხალხის მსახურების შესაძლებლობა. ასე იყო 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც პრემიერის თანამდებობა დავტოვე 33 წლის ასაკში და პოლიტიკიდან გავედი. ასე იყო მაშინ, როდესაც 2019 წელს პოლიტიკაში დავბრუნდი და „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად გავაგრძელე ერთად დაწყებული საქმე. ასე იყო გასულ წელს, როდესაც მეორედ დავტოვე პრემიერის თანამდებობა. ასეა დღესაც, როდესაც მეორედ ვტოვებ პოლიტიკას. იმაჩნია, რომ საპატიო მისია, რომელიც თავის დროზე პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ თავდაცვის მინისტრად, შემდეგ მეორედ პრემიერად დანიშვნით და ბოლოს პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან, შეიძლება ითქვას რომ უკვე შევასრულე" - ამბობს ღარიბაშვილი.
უფრო კონკრეტულად, 2012-2013 წლებში ის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, 2013 წლის 20 ნოემბერს პირველ ჯერზე დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. ამ პოსტს 2015 წლის 30 დეკემბრამდე იკავებდა. ასევე, 2013-2015 წლებში იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე. 2024 წლის 1 თებერვალს ღარიბაშვილი „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს.