"არ შეიძლება თამაშობდე ჰამლეტს და იმავდროულად სახლში პურის მიტანაზე ფიქრობდე, მაგრამ ამ პროფესიას ისეთი ძალა აქვს, რაღაცნაირად გიტაცებს, გიტყუებს", - ამბობს რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი დავით დარჩია.
- დღეს რომ პროფესიას ირჩევდეთ, იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდით?
- დღეს შეიძლება დავფიქრებულიყავი, რომ შეიძლებოდა, ბედი სხვა პროფესიაშიც მეცადა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ საქმეს ვერ დავთმობდი.
- მეორე კლასიდან იცოდით, რომ მსახიობი უნდა გამხდარიყავით... როდესაც თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარეთ, ეს პროფესია ისეთივე საინტერესო აღმოჩნდა, როგორიც წარმოგედგინათ?
- უფრო საინტერესოც კი აღმოჩნდა. ეს ეტაპი გარკვეულწილად გავლილი მქონდა - მოგეხსენებათ, მსახიობების გარემოცვაში ვიზრდებოდი. რაც უფრო შევედი ამ პროფესიის სიღრმეში, ეფექტი მით უფრო გაძლიერდა და ალბათ, ამანაც განაპირობა, რომ ამდენი წელი ამ საქმეს ვემსახურები, თორემ ჩვენს ქვეყანაში ეს უფულო პროფესიაა. არტისტობა ყველაზე დაბალშემოსავლიანი საქმეა, ეს გამოსასწორებელია, ახალგაზრდები მოდიან და მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ამ პროფესიით იცხოვრონ. არ შეიძლება თამაშობდე მაგალითად, ჰამლეტს და იმავდროულად სახლში პურის მიტანაზე ფიქრობდე. როლი არ გამოვა, ეს აუცილებლად შეგეტყობა, მაგრამ ამ პროფესიას ისეთი ძალა აქვს, რაღაცნაირად გიტაცებს, გიტყუებს.
- მთავარი ხიბლი მაინც რა არის?
- ის სითბო, სიყვარული და ბედნიერება, რომელიც მაყურებელს მოაქვს. დადებითი ენერგეტიკის მიღება, გაცემა, ტაში, შეძახილი... უჰ! საოცარი ძალა აქვს. აქედან იღებს ძალას მსახიობი. თეატრი ხომ საგანმანათლებლო ადგილიც არის.
- 20 წლის იყავით, როდესაც ფილმში "წარსულის აჩრდილები" ითამაშეთ. გადასაღებ მოედანზე იდექით იმ დროის ვარსკვლავებთან (გურამ ფირცხალავა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ზურა ყიფშიძე, გივი ბერიკაშვილი, გივი ჩუგუაშვილი). მაშინდელ ემოციებს როგორ გაიხსენებთ?
- გააზრებული მქონდა, რამდენად დიდი ადამიანების გვერდით ვიყავი, მაგრამ იმ ასაკში თავში მაინც სხვანაირად გიფრუტუნებს. ამ გრძნობასა და ეიფორიას შორის ვიყავი გაჭედილი. ერთ-ერთი მთავარი როლი იყო და ძალიან ბევრი სინჯი გადაიღეს, გურამმა (მსახიობი გურამ ფირცხალავა, დავით დარჩიას მამობილი) არც იცოდა, იმ როლის სინჯზე თუ მივდიოდი. გადაღებები თითქმის 4 წელიწადს გაგრძელდა და ამ პერიოდში რაღაცნაირად ჩამოვყალიბდი. ბედნიერი ვარ, რომ გამიმართლა, ბუმბერაზ არტისტებთან მომიწია თამაშმა, ეს შესაძლებლობა ბევრ მსახიობს არ ეძლევა. მათ პროფესიასთან ერთად მასწავლეს ადამიანობა, კაცობა... მსახიობი მსახიობს შენიშვნას იშვიათად აძლევს, ეს მაინც რეჟისორის საქმეა. ეს ბუმბერაზი ხალხი რჩევებისა და სწავლებისთვის ისეთ ფორმას პოულობდნენ, სიამოვნებით ვუსმენდი. ერთად რომ ვიდექით, უფროსები ახალგაზრდებს კი არ გვფარავდნენ, ცოტათი წინაც კი გვწევდნენ.
ეს როლი გამორჩეულად მიყვარს, იმიტომ, რომ პირველი იყო, პატარა ვიყავი და ბევრი რამ ვისწავლე. ისეთ "ტრიუკებს" ვაკეთებდი, ცხენოსნებს ვუთხარი, ნუ ჩამენაცვლებით-მეთქი, მოკვდნენ სიცილით, შენ შენი საქმე აკეთე, ჩვენ თავი დაგვანებეო...წაიკითხეთ სრულად