სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან განხორციელებული დიდი ზეწოლის მიუხედავად, მოსკოვში 9 მაისს გამარჯვების დღის აღლუმზე დასწრების გადაწყვეტილებას არ ცვლის, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ვუჩიჩმა, რომელიც ხშირად გამოხატავს პრორუსულ შეხედულებებს, განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქის წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმში სერბეთის ერთ-ერთი სამხედრო ქვედანაყოფიც მიიღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, პირველად მონაწილეობს აღლუმის „ერთობლივად“ ორგანიზებაში.
„მომავალ პერიოდში ჩვენზე ზეწოლა იქნება მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა გამოვაცხადეთ“, - განუცხადა ვუჩიჩმა ჟურნალისტებს.
ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა სერბეთის პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად მისი მოსკოვში ვიზიტი პოტენციური ახალი წევრებისთვის ბლოკის წევრობის კრიტერიუმების დარღვევა იქნება და შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებზე.