ექსპერტებისა და იურისტების დიდი ნაწილის შეფასებით, "ქართული ოცნება" ისეთ კანონებს იღებს, რაც პრობლემურს ხდის ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის საქმიანობას. "ქართული ოცნება" ასევე აქტიურად ლაპარაკობს "ნაცმოძრაობისა" და მათთან აფილირებული პარტიების, რომლებსაც ისინი "კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ, აკრძალვაზე. გაჩნდა მოსაზრებაც, რომ ხელისუფლება შეიძლება გეგმავს კიდეც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ველს სათავისოდ მოასუფთავებს. ეს საუბრები უფრო გაამძაფრა კახა კახიშვილის განცხადებებმა, რომელმაც თქვა, რომ შესაძლოა 2026 წელს საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, თუმცა მანამდე ბიძინა ივანიშვილმა დაპირებისამებრ თვითონ შექმნას ოპოზიცია. მან ამ კონტექსტში ახსენა ირაკლი ღარიბაშვილი და თორნიკე რიჟვაძე... "ძალიან მკაფიოდ მახსოვს ივანიშვილის სიტყვები ბოლო ინტერვიუში, რომელშიც მან თქვა, რომ აუცილებლად თავად იზრუნებს ნამდვილ ოპოზიციაზე და მე ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც დარჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში, ნელ-ნელა ერთ ცენტრში მოხვდებიან. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ საკადრო ცვლილებით არ დასრულდება, ალბათ, მოვა დრო და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილიც წავა "ქართული ოცნებიდან", - თქვა კახიშვილმა. ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:
- ის სისტემა, რომელსაც ივანიშვილი აშენებს, პირდაპირ არის რუსეთიდან დაკოპირებული. ასეთი ტიპის ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია ასეთი ე.წ. რუსული სუვერენული დემოკრატია, როდესაც არსებობს ერთი დომინანტური პარტია და არსებობენ ფორმალური, ფასადური, ვითომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ფსევდოდემოკრატიულ ფონს ქმნიან. პარლამენტში ამის ერთი ვერსია ვიხილეთ უკვე, როდესაც გათვალეს და თავისივე წიაღიდან გამოჩეკეს ვითომ ოპოზიციური პარტია, რაც სრული აბსურდია. ეს პროცესი შეიძლება გაგრძელდეს და მომავალ არჩევნებზე ახალი ფსევდოოპოზიციური პარტიები შეიქმნას. თუმცა არა მგონია, ამ ეტაპზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წავიდეს ხელისუფლება. მას დანიშნავენ იმ შემთხვევაში, თუ კრიზისი უკიდურესად გამწვავდა...
თუ სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია მოახერხებენ, რომ ქვეყანაში არსებულმა პროტესტმა ისინი აღიაროს ლიდერებად და მოხერხდა ამ განწყობების კონსოლიდაცია, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას გაუჩნდება ძალიან დიდი პრობლემები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ ეს პრობლემები გამძაფრდეს, არის სისტემური რყევების რისკები, რაც არსებობს. ნუ წარმოვიდგენთ, რომ სისტემაში ყველანი მონები არიან. ე.წ. მეორე-მესამე რგოლში, სადაც პროფესიონალები მუშაობენ და რაზეც დგას სისტემა, დიდი უკმაყოფილებაა, მაგრამ ამ ადამიანებსაც ის პრობლემა აქვთ, რაზეც ზემოთ ვისაუბრე - ისინიც ვერ ხედავენ ზურგს მეორე მხრიდან, ვერ ხედავენ პოლიტიკურ ალტერნატივას. თუ პროცესი დაიძვრება, თუ მოხერხდება ქვეყანაში საპროტესტო განწყობის კონსოლიდირება, მერწმუნეთ, სისტემაში რყევები პირდაპირპროპორციულად გაძლიერდება.
- დასასრულ მინდა გკითხოთ, 1989 წლის ტრაგიკული 9 აპრილის 36-ე აღნიშვნის ღონისძიებებზე. წელს პირველად მოხდა, რომ ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული დღე ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სხვადასხვაგვარად და ცალ-ცალკე აღნიშნეს. საზოგადოების ნაწილის აზრით, უცნაური იყო ისიც, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებში მომხდარში დამნაშავედ მოხსენიებული იყო "უცხო ძალა" და არა საბჭოთა კავშირი ან რუსეთი...
- იმდენად შორს მიდიან, ისეთი ბინძური და ბოროტი რიტორიკა აქვთ, არც იცი, რა უნდა უპასუხო, თუმცა ესეც საზოგადოების დათრგუნვაზეა გათვლილი... სამწუხაროდ, მაქვს განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილი, დანარჩენებზე ლაპარაკი არც ღირს, სრულიად არის ჩამოშორებული ქვეყანაში პოლიტიკის წარმოების სტრატეგიისა და ტაქტიკის დაგეგმვას და პირდაპირ ეფ-ეს-ბეს ბრიგადები მუშაობენ. პირდაპირ ერთი ერთში მეორდება ის ისტორია, რაც ხდებოდა რუსეთში, თან შემჭიდროებულ ვადებში - კანონმდებლობის შეცვლა, რიტორიკა, რომ რუსეთის ცუდ კონტექსტში ხსენება არ შეიძლება. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც 9 აპრილთან დაკავშირებით რუსეთის იმპერია არც უხსენებია ხელისუფლებას. 9 აპრილს მშვიდობიანი პროტესტანტების სასტიკად დამრბევი "უცხო ძალა" გაათანაბრეს დასავლეთთან, ანუ ოკუპანტი ქვეყანა გაათანაბრეს ცივილიზებულ სამყაროსთან. ესეც კაგებეშნიკური რიტორიკის ნაწილი. რაც კობახიძემ თქვა, მეც ვიზიარებ. დიახ, მაშინაც უცხო ძალა იდგა რუსთაველზე და ახლაც უცხო ძალა აპირისპირებს ქართველებს, მაგრამ მაშინაც და ახლაც ეს უცხო ძალა რუსეთია. ამ რიტორიკით კონსტიტუციასაც არღვევენ. თან გვეუბნებიან. 2030 წელს შევალთ ევროკავშირშიო, კი, მაგრამ, თუ ასეთი მამაძაღლები არიან ეს ევროპელები და სულ საქართველოს ხელისუფლების გადატრიალებას ფიქრობენ, როგორც ესენი აბრალებენ, აბა, სად მიჰყავთ ეს ქვეყანა 2030 წლისთვის? ფაქტია, დღეს ხელისუფლებაში გვყავს კრიმინალური აზროვნების დაჯგუფება, თუმცა შავ სამყაროსაც აქვს თავისი წესები, აი, ამათთვის კი წითელი ხაზები აღარ არსებობს, ერთადერთი ფასეულობა მათთვის ძალაუფლებაა. ჩემი შეფასებით, კიდევ უფრო რთულად არის ბიძინა ივანიშვილის საქმე. დღეს ის აბსოლუტურად ტრაგიკული ფიგურაა. ის დიდი ხანია უკვე საკუთარი შეცდომების, ამბიციებისა და შიშების პატიმარი და მძევალია, მათ შორის სიკვდილის შიშის და ვერ ხედავს ამ ვითარებიდან გამოსავალს. რა თქმა უნდა, ამათგან განსხვავებით უფრო ჭკვიანი და ნიჭიერია, მაგრამ დღეს არის ძალიან არასტაბილურ ემოციურ მდგომარეობაში. ეს ის ადამიანი აღარ არის, რომელსაც მე ვიცნობდი, საღი აზრი დაკარგული აქვს და ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გადარჩეს. წაიკითხეთ სრულად