პარტნიორები:
    ავტორი:

    აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინეს - ის ერთ-ერთია იმ პირებს შორის, ვისაც გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა

    აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინეს - ის ერთ-ერთია იმ პირებს შორის, ვისაც გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა

    მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ყაველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

    „დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს სულხან თამაზაშვილის კანდიდატურა წარვუდგინე", - განაცხადა ყაველაშვილმა.

    • “ჩვენ მცირე დროში მოგვიწია კონსულტაციების გავლა კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, ბატონ სულხან თამაზაშვილს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

    “პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ თორნიკე რიჟვაძეს - 7 წლის განმავლობაში ის ემსახურებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, ამ უმნიშვნელოვანეს მხარეს ჩვენი ქვეყნის და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა აჭარისთვის გასული წლების განმავლობაში. განხორციელდა უმნიშვნელოვანესი პროექტები, პროგრამები იმისთვის, რომ განვითარდეს ეს უმნიშვნელოვანესი და ულამაზესი მხარე ჩვენი ქვეყნის და, რა თქმა უნდა, ამ საქმეს სჭირდება ძალიან ღირსეული გაგრძელება.

    მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს. ჩვენ მცირე დროში მოგვიწია კონსულტაციების გავლა კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ წარმოგიდგენთ ძალიან ღირსეულ კანდიდატს, ბატონ სულხან თამაზაშვილს, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში აქვს საქმიანობა განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვან სტრუქტურაში - შინაგან საქმეთა სამინისტროში, წლების მანძილზე ძალიან ღირსეულად ემსახურებოდა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. ის არის აჭარელი, აჭარაში დაბადებული და გაზრდილი და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი საქმიანობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. მას აქვს ყველა თვისება, მას აქვს გამოცდილება, სათანადო უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ სათანადოდ წარმართოს ის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განვითარებასთან.

    ჩვენს წინაშე არის ძალიან ბევრი გამოწვევა და, დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებს საუკეთესოდ გაართმევს თავს ბატონი სულხან თამაზაშვილი. მას მინდა ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    • ცნობისთვის, სულხან თამაზაშვილი ერთ-ერთია იმ პირებს შორის, ვისაც გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა.

    “გაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში,“ - ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში, რომელიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს გვერდზე გავრცელდა.

    მათივე ინფორმაციით, სანქციები უწესდებათ: ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს.

    იხილეთ ასევე: