130 წლის შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის ჟიულ მასნეს ერთმოქმედებიანი ოპერა „ნავარელი ქალი“ ბრუნდება. პრემიერა 5 აპრილს პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებასთან“ ერთად გაიმართება და მიეძღვნება საქართველოს სახალხო არტისტის ცისანა ტატიშვილის ხსოვნას. სპექტაკლამდე გაიხსნება მისი სახელობის ნიშა, სადაც დიდი მომღერლის პირადი ნივთები გამოიფინება. ასევე თეატრის ცისფერ დარბაზში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება ნახოს ცისანა ტატიშვილის ფოტოები და აფიშები სპექტაკლებიდან.
„ნავარელი ქალის“ მსოფლიო პრემიერა 1894 წლის 20 ივნისს ლონდონის კოვენტ - გარდენში უელსის პრინცის თანდასწრებით შედგა და ისეთი დიდი წარმატება ხვდა წილად, რომ დედოფალმა ვიქტორიამ გასცა ბრძანება ეს ოპერა აგრეთვე ვინძორის სასახლეში შეესრულებინათ.
1895 წელს, მსოფლიო პრემიერიდან 1 წლის შემდეგ, ოპერა თბილისში დაიდგა. მას მერე იგი საქართველოში არ შესრულებულა. „ნავარელი ქალის“ ახალი საპრემიერო სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ვიქტორ გარსია სიერა (ვენესუელა), დამდგმელი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი (ესპანეთი), განათების მხატვარი სტეფანო გორერი (იტალია). სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, გუნდი, ორკესტრი.
ზაზა აზმაიფარაშვილი - დამდგმელი დირიჟორი
„სასიამოვნოა ის რომ, პირველი პრემიერის შემდეგ სულ მალე თბილისში „ნავარელი ქალი“. იმ პერიოდში რა სპექტაკლებიც იდგმებოდა ევროპაში სულ ცოტა ხანში თბილისში ჩამოდიოდა ხოლმე. თბილისი მართლაც საოპერო ქალაქია. მასნეს „ნავარელი ქალი“ გენიალური ქმნილებაა, სრულიად ფანტასტიკური მუსიკაა. ყველა დიდი სიამოვნებით მუშაობს. ძალიან ბევრი მონაწილე გვყავს ყველა პარტიაზე. ჩვენ ძალისხმევას არ ვზოგავთ რომ ძალიან კარგი სპექტაკლი გამოვიდეს. სულ რამდენიმე დღე დარჩა და ყველა პასუხისმგებლობით ვართ გამსჭვალული. სპექტაკლი ძალიან საინტერესოა. რეჟისორი შესანიშნავად მუშაობს. ეს ტრაგიკული სპექტაკლია და რეჟისორიც პატარა დროის მონაკვეთში ცდილობს სცენა დაძაბოს და ემოციური მხარე გადაიყვანოს ერთი მეორეში. მე მინდა დასს ვუსურვო წარმატება და მსმენელს კარგი მუსიკის მოსმენა.“
ვიქტორ გარსია სიერა - დამდგმელი რეჟისორი
"ეს მესამე სპექტაკლია, რომელსაც მე ვდგამ ამ თეატრში. ჩემთვის ეს დიდი პატივია. ბრავო თეატრის ხელმძღვანელს, ბატონ ბადრი მაისურაძეს, რომ ეს ულამაზესი ოპერა - "ნავარელი ქალი" აარჩია დასადგმელად. შესანიშნავი ქართველი მომღერლები იღებენ მონაწილეობას. მე არ ვიცნობ ისეთ ქართველს, რომელსაც არ აქვს ლამაზი ხმა.
ზოგადად სპექტაკლი ჩემთვის მხოლოდ მსახიობებით არ შემოიფარგლება, აქ არის ასევე მაყურებელი. ეს არის მსახიობების და მაყურებლის ჰარმონია. წარმოუდგენელია სპექტაკლი მათ გარეშე ან მაყურებელი ჩვენს გარეშე. როდესაც მაყურებელი შეიგრძნობს რომ ეს სპექტაკლი არის ყველასი, მაშინ მათგან მოდის ენერგია რაც გამოიხატება აპლოდისმენტებში.
გეპატიჟებით ყველას რომ გახდეთ ამ სპექტაკლის თანამონაწილე, გაერთოდ და დატკბეთ მასნეს შედევრით."
„ნავარელი ქალის“ საპრემირო ჩვენებები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 5,6, 12,13,16,17 აპრილს გაიმართება. ეს ოპერა პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსებასთან“ ერთად შესრულდება, რომლის დამდგმელი რეჟისორია - ვიქტორ გარსია სიერა (ვენესუელა), დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი. სცენოგრაფია იტალო გრასის (იტალია) ეკუთვნის, ხოლო კოსტიუმები მადრიდში, PERIS COSTUMES -ის სამკერვალოში დამზადდა. სპექტაკლის ეს ვერსია პირველად გენუაში, Teatro Carlo Felice-ში დაიდგა.
R