"ყოველ მორიგეობაზე ხან 10 ბავშვი იბადებოდა, ხან - მეტიც... ქუჩაში რომ მივდივარ და ხალხს ვუყურებ, ვფიქრობ ხოლმე, ვინ იცის, რამდენია ჩემს ხელში დაბადებული - მეთქი..." - გვეუბნება 90 წლის ნათელა გობრონიძე, ექიმი-გინეკოლოგი, რომელიც 58 წლის განმავლობაში თბილისის მეორე სამშობიარო სახლში მუშაობდა.
ექიმობა ხომ ჰუმანური პროფესიაა, მაგრამ გინეკოლოგობა გამორჩეულად კეთილშობილური საქმეა.
15 წელია, რაც პრაქტიკულ მედიცინას ჩამოსცილდა და გული წყდება, რომ ამ საქმის შესრულება აღარ უწევს.
ქალბატონი ნათელა რეპრესირებული ოჯახის შვილია. 3 წლის იყო, მშობლები რომ გადაუსახლეს...
როგორ გახდა ექიმი, რა მოუტანა პროფესიამ და რას ურჩევს დამწყებ ექიმებს? - ამ ყველაფერზე ქალბატონიო ნათელა გვესაუბრება:
- ასე მგონია, ახლაც რომ მოგეცეთ საშუალება სამშობიარო ბლოკში შესვლის, თქვენს პროფესიულ ვალს უპრობლემოდ შეასრულებთ, ასეა?
- ადამიანი ხომ იცით, მაინც ეგოისტია და გიპასუხებთ, რომ კი, შევძლებ... 15 წელია აღარ ვმუშაობ, თუმცა ერთ სამსახურში მაქსიმალურად დიდხანს ვიმუშავე. 58 წლის პროფესიული სტაჟი მაქვს. ეს საქმე რომ არ მყვარებოდა, ამდენ დროს ხომ არ დავუთმობდი?!
ნამდვილად ძალიან მიყვარდა ჩემი სპეციალობა. მთელი ის წლები დიდი ხალისითა და სიამოვნებით ვემსახურებოდი... კი, გულდასაწყვეტია, რომ ახლა აღარ ვმუშაობ.
- რატომ აირჩიეთ ექიმობა?
- მოყოლას ცოტა შორიდან დავიწყებ - ჩემი მშობლები 1937 წელს ციმბირში, ენისეისკში გადაასახლეს. მათ გარეშე ვიზრდებოდი... საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო მათი გადასახლების მიზეზი... იქ პატიმრობაში19 წელიწადი იყვნენ.
მე 1934 წელს დავიბადე და 3 წლისა მათ გარეშე დავრჩი. ჩემს მშობლებს არ ვიცნობდი, უბრალოდ, ვიცოდი, რომ მყავდა დედა და მამა, რომლების შორს იყვნენ გადასახლებულები.
სასჯელის ბოლო სამი წელი ყაზახეთში სამუდამო გადასახლებით გადმოიყვანეს, სადაც ქალაქში თავისუფლად მოძრაობის უფლება ჰქონდათ. იმ 19 წლიდან მხოლოდ 3 წელი იყვნენ თავისუფლად. მერე ხრუშჩოვმა გამოუშვა ბრძანება და გათავისუფლდნენ. მანამდე ცალ-ცალკე იყვნენ საპატიმროებში, მხოლოდ ყაზახეთში შეერთდნენ.
ჩემს აღზრდაში თბილისში ბევრი ადამიანი იყო ჩართული - ბებია, ბიძა...
მშობლები როცა დაბრუნდნენ, ჩემთვის სრულიად ახლო ადამიანები, ფაქტობრივად უცნობები იყვნენ.
- პროფესიაც მათ გარეშე აირჩიეთ?
- მე არ ამორჩევია, დედაჩემმა ამირჩია... რომ ჩამოვიდა, სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსზე ვიყავი. ისინი ყაზახეთში როცა გადმოიყვანეს, მათთან რაღაც ფორმით კონტაქტი უკვე შესაძლებელი იყო. დედას უთქვამს და კატეგორიულადაც მოუთხოვია, რომ მე სამედიცინო ინსტიტუტში შემეტანა საბუთები. ამბობდა, აქ პატიმარი ექიმები უკეთეს პირობებში არიან, ვიდრე ჩვენო. მას ორი უმაღლეს სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ იქ არცერთი გამოადგა... მოკლედ, უნდოდა, რომ ექიმი ვყოფილიყავი.
- ასე რომ, ყაზახეთიდან მოსთხოვა ახლობლებს, რომ სამედიცინოზე გესწავლათ. ექიმობა თავად არ გინდოდათ?
- სკოლა მედალზე დავამთავრე, სწავლა ქიმიურზე მინდოდა. რომ გაიგო, საბუთები ქიმიურზე მქონდა შეტანილი, ბიძაჩემს დეპეშა გამოუგზავნა (ბიძაჩემი ფსიქიატრი, პროფესორი გახლდათ) , - ნათელას მომავალზე სერიოზულად არ გიფიქრიათ. სასწრაფოდ მოვითხოვ, საბუთები სამედიცინო ინსტიტუტში შეიტანოთო. მაშინ ბახმაროში დასასვენებლად ვიყავი. ბიძაჩემმა ჩემ გარეშე გადაიტანა საბუთები და იქ მაცნობა, რომ სამედიცინო ინსტიტუტში ხარ ჩარიცხულიო.
დედის ამ არჩევანმა გაამართლა, ძალიან კმაყოფილი ვიყავი და სულ მადლობას ვუხდიდი, რომ კარგი საქმე გამიკეთე-მეთქი.
- პროფესიული საქმიანობა როდის დაიწყეთ?
- 1959 წელს, მეორე სამშობიარო სახლში და სულ ერთ ადგილზე ვიმუშავე... გინეკოლოგია იმიტომ ავირჩიე, რადგან ვფიქრობდი, რომ ბავშვის დაბადება, დადებით, კარგ ემოციებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ამ პროფესიის სირთულეებზე მაშინ არ მიფიქრია. მიმაჩნდა, რომ საინტერესო პროფესია იყო და ახალ სიცოცხლესთან მექნებოდა საქმე... საბოლოოდ ძალიან კმაყოფილი ვიყავი პროფესიით, სამსახურით...
ადრეც ასე იყო და ასეა - ქუჩაში რომ მივდივარ, ადამიანები მხვდებიან და მეუბნებიან - ქალბატონო ნათელა, იცით, თქვენ მამშობიარეთ. ეს ჩემთვის დიდი სიამოვნება და დადებითი ემოციაა. სხვათა შორის, ამას ბევრი მეუბნება... ამიტომაცაა, რომ მერე ქუჩაშიც და გარშემოც ყველა ჩემი მიღებული ბავშვი მგონია.
- თქვენს ყოველ მორიგეობაზე რამდენი იბადებოდა?
- სულ პირველ ჯერზე ძალიან ვღელავდი, კარგად რომ დამთავრდა ყველაფერი, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო... ერთ მორიგეობაზე ზოგჯერ 10 და მეტი პატარაც დაბადებულა. მხოლოდ მე ხომ არ ვიყავი, ორნი, ზოგჯერ სამნი ვმორიგეობდით. წარმოიდგინეთ, რომ 17-მშობიარობაც ყოფილა, თუ მეტი არა. ბოლო დროს სამწუხაროა, რომ შობადობა ძალიან შემცირებულია.
პირველად რომ მშობიარობს ქალი, ცოტა მეტი დრო სჭირდება, განმეორებით მშობიარობაზე - ცოტა ნაკლები და ა.შ. საკეისროები ჩვენს დროს იყო პრობლემური, აუცილებლად კონსილიუმი უნდა ჩატარებულიყო, მშობიარეს აუცილებლად ჩვენება უნდა ჰქონოდა. ახლა იტყვის, საკეისრო მინდა და იკეთებს, ასე არ ყოფილა... მოკლედ, ყოველი მორიგეობა, ყოველი დაბადებული ახალი სიცოცხლე, ყოველი სიხარულის მინიჭება ადამიანისთვის, - ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო.
არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ ყველა მშობიარე ქალი მიყვარდა, რომ იცოდეთ, როგორ ვეფერებოდი. ადამიანები რომ ხვდებიან, იმასაც მახსენებენ, როგორი თბილი იყავითო... მშობიარე სტკივა, აწუხებს და შენი ყვირილით კიდევ უნდა დაუმატო, რამე უსაყვედურო? - როგორ შეიძლება...
- მთავარი სირთულე რა იყო თქვენს პროფესიაში...
- საერთოდ ყველა მშობიარობა იყო დიდი ყურადღების ქვეშ, ყოველთვის, ვიდრე არ დამთავრდებოდა, დაძაბული ვიყავით - როგორ დასრულდებოდა, ხომ არ იქნებოდა სისხლდენა და ა.შ. ამიტომ სულ მობილიზებული ვიყავი. ამ დროს ექიმიც სტრესშია, მარტივი პროფესია არ არის.
- პროფესიული დაოსტატება როგორ მოხდა?
- მალევე მივხვდი, რომ ეს პროფესია ჩემთან ძალიან ახლოს იყო და ძალიან შემიყვარდა. დასაწყისში მშობიარობის მიღება, მშობიარესთან მარტო ყოფნა მაინც მეშინოდა და გვერდში ყოველთვის გამოცდილს ვიყენებდი. მერე მალევე შევეჩვიე და დამოუკიდებლად ვმუშაობდი... ახალშობილი რომ იბადება, ხმას რომ ამოიღებს და მერე უცებ დაიყვირებს, უდიდესი ბედნიერებაა, მშობელთან ერთად, უდიდეს სიხარულს განვიცდიდი.
ერთი მშობიარობა მახსენდება - ორსულ ახლობელს, რომელსაც სახლში გავუარეთ, მშობიარობა დაეწყო, მანქანაში ჩავსვით, გვეგონა მივაღწევდით კლინიკამდე, მაგრამ პატარამ არ მოითმინა... მანქანაში ვამშობიარე... მეუღლეს პერანგი გავხადეთ , ბავშვი მასში გავახვიეთ და სამშობიაროში ასე შევედით. წარმოიდგინეთ - მეუღლე წელს ზემოთ გაშიშვლებული, ბავშვი მის პერანგში...
- პროფესიული გამარჯვება, საამაყო მომენტი კარიერაში რა იყო?
- ყველა მშობიარობა რომელიც კეთილად დამთავრდება, ასეთია. ყოველ ჯერზე დაძაბული ხარ. როცა მორიგე ვიყავი, შემიძლია ვთქვა, რომ არ ვიძინებდი. მთელი ღამე სულ დავდიოდი, რამე არ გამომპაროდა. ძალიან ბევრი ღამე მაქვს გატეხილი. იმდენად, რომ გამომყვა და ახლაც არ მძინავს წესიერად.
- თავად რამდენი შვილის დედა ხართ?
- 2 შვილი მყავს - ქალიშვილი და ვაჟი და ისინიც მეორე სამშობიაროში გაჩნდნენ... იმდენად მიყვარდა ჩემი საქმე, რომ დეკრეტიდანაც მალე გავედი სამსახურში.
- ვინ იყო თქვენი მეუღლე?
- ჩემი მეუღლე გეოლოგი იყო, დიდი ხანია ცოცხალი აღარ არის. თრომბით გარდაიცვალა. 54 წლის ვიყავი მაშინ...
მოკლედ, როგორც გითხარით, მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ძალიან ძნელად ვეგუები იმას, რომ აღარ ვმუშაობ. ხშირად ყოფილა, რომ სიზმარში სამშობიარო ბლოკში ვყოფილვარ. მაგრამ დღეს ახალგაზრდები არიან უმუშევრები, მე როგორ უნდა ვთქვა, სამსახურზე რამე. მაგრამ, არ დავმალავ, მენატრება ჩემი საქმე...
- თორემ უპრობლემოდ შეხვიდოდით ბლოკში, ხომ?
- ასე მგონია, მართლაც უპრობლემოდ შევალ და ჩემს საქმეს გავაკეთებ.
- რას ეტყოდით და ურჩევდით დამწყებ გინეკოლოგებს?
- ცოტა ძნელი სათქმელია, მაგრამ ვურჩევდი, რომ იყვნენ ამ საქმის ერთგულები. სამედიცინო ლიტერატურა აუცილებლად უნდა იკითხონ. სიახლეების საქმის კურსში მუდმივად უნდა იყვნენ! ყველას წარმატებას ვუსურვებ.