ავტორი:

როგორ მოვიქცეთ ლიფტში საგანგებო სიტუაციების დროს

როგორ მოვიქცეთ ლიფტში საგანგებო სიტუაციების დროს

დღესდღეობით მრავალსართულიანი შენობები თითქმის წარმოუდგენელია ლიფტის გარეშე. თუ ძველი შენობების ნაწილი შესაძლოა არ იყოს შესაფერისად აღჭურვილი, თანამედროვე არქიტექტურული გეგმის შედგენისას ლიფტი აუცილებელი ელემენტია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ლიფტი ჩვენთვის უკვე კარგად დაცდილი გადაადგილების საშუალებაა, გაუთვალისწინებელი სიტუაციებიდან არავინაა დაცული და ხანდახან შესაძლოა მოუხერხებელ და საფრთხის შემცველ სიტუაციებშიც კი აღმოვჩნდეთ.

მსგავსი საგანგებო შემთხვევების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ლიფტის კაბინაში მოქცევის წესები, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შევქმნათ და თავიდან ავიცილოთ დამატებითი რისკები.

თუ ლიფტი სართულებს შორის გაჩერდა

საგანგებო სიტუაციებს შორის ყველაზე ხშირია ლიფტის გაჩერება სართულებს შორის - ეს უდავოდ მოუხერხებელი, თუმცა შედარებით უსაფრთხო შემთხვევაა - მთავარია მოთმინება მოვიკრიბოთ და მშვიდად დაველოდოთ პროფესიონალურ დახმარებას.

ასეთ მომენტში მთავრია არ ეცადოთ კაბინიდან დამოუკიდებლად გამოსვლას, რადგან მაღალი შანსია ეს მცდელობა სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს. ასევე არ მიიღოთ დახმარება არაპროფესიონალი პირებისგან, რამდენად კეთილგანწყობილიც არ უნდა იყვნენ ისინი. თანამედროვე ლიფტი აღჭურვილია განგაშის ღილაკით, რომელიც საშუალებას აძლევს მგზავრს ნებისმიერ დროს დაუკავშირდეს საავარიო სამსახურს.

როგორც კი დარწმუნდებით, რომ ლიფტი ნამდვილად გაიჭედა და აღარ იძვრის, აუცილებლად გამოიყენეთ საგანგაშო ღილაკი, გამოიძახეთ ტექნიკური პერსონალი ან სამაშველო სამსახური - შეინარჩუნეთ სიმშვიდე პროფესიონალური დახმარების მოსვლამდე. აუცილებლად იმოქმედეთ მხოლოდ ტექნიკური პერსონალის მითითებებით.

თუ ლიფტის კარები გაიჭედა

თუ ლიფტის კარები დაიხურა, მაგრამ კაბინა არ ამოძრავდა, არ ეცადოთ ძალით გაღებას. ძალისმიერმა გაღების მცდელობამ შესაძლოა მექანიზმი დააზიანოს და შემდგომ პროფესიონალებს გაუჭირდეთ თქვენი დახმარება.

პირველ რიგში, დაელოდეთ კარს ცოტა ხანი და შემდეგ განმეორებით დააჭირეთ კარის გაღების ღილაკს - საუკეთესო შემთხვევაში, კარებს უბრალოდ მომენტალური პრობლემა შეექმნა და მცირე დროის გასვლის შემდეგ საშუალებას მოგცემთ დატოვოთ კაბინა.

თუ ღილაკი არ რეაგირებს და კარი არ იღება, მაშინ ისარგებლეთ განგაშის ღილაკით და დაელოდეთ პროფესიონალურ დახმარებას.

თუ შენობაში ხანძარი გაჩნდა

პირველ რიგში, გახსოვდეთ, რომ თუ შენობაში ხანძარი გაჩნდა - ლიფტით სარგებლობა კატეგორიულად აკრძალულია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ის თავის დახსნის შედარებით სწრაფი გზაა.

ხანძრის დროს შესაძლოა გაითიშოს ელექტროენერგია და ლიფტი გაჩერდეს სწორედ იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ ტერიტორიის დატოვება. გარდა ამისა, კაბინა შესაძლოა სწრაფად აივსოს კვამლით, ეს კი ჰაერის უკმარისობას გამოიწვევს. ასევე აღსანიშნავია, რომ ლიფტის შახტა ხშირად ხდება ცეცხლის შენობაში გავრცელების გზა და მარტივად ედება სხვადასხვა სართულზე.

თუ შენობაში ცეცხლი გაჩნდა, აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური საევაკუაციო გზა, ან - ამგვარის არარსებობის შემთხვევაში - კიბე, რომელიც სპეციალურადაა მონიშნული, როგორც შესაბამისი ალტერნატივა.

თუ ელექტროენერგია გაითიშა

თანამედროვე ლიფტების უმრავლესობა აღჭურვილია უსაფრთხოების სისტემებით, რომლებიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში უზრუნველყოფენ ავტომატურ გაჩერებას უახლოეს სართულზე.

თუმცა, თუ თქვენს ლიფტს მსგავსი ფუნქცია არ აქვს ან კაბინა რაიმე სხვა მიზეზის გამო მაინც გაჩერდა, პირველ რიგში შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ელექტროენერგიის გათიშვისას ლიფტის კაბინაში სავენტილაციო სისტემა გარკვეული დროის განმავლობაში აგრძელებს მუშაობას, ამიტომ ჰაერის უკმარისობის საფრთხე თითქმის ნულოვანია.

ტექნიკური პრობლემებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა თადარიგი დაიჭიროთ და დარწმუნდეთ, რომ მექანიზმი სანდო ლიფტების კომპანიის მიერ არის დამონტაჟებული, რომელიც დროულად უზრუნველყოფს ხარვეზის აღმოფხვრას. ხოლო თუ ამ ინფორმაციას არ ფლობთ, უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში საჭიროა დროულად გამოიძახოთ დახმარება და მხოლოდ პროფესიონალებს ენდოთ.

განსაკუთრებული რეკომენდაციები

  • 12 წლამდე ბავშვები არ უნდა სარგებლობდნენ ლიფტით უფროსების გარეშე!
  • ბავშვთან ერთად მგზავრობისას, ჯერ თქვენ შებრძანდით კაბინაში, ხოლო გამოსვლისას პირველად ბავშვი გამოატარეთ.
  • ბავშვის ეტლით მგზავრობისას, ჯერ ბავშვი აიყვანეთ ხელში და შემდეგ შეიტანეთ ეტლი.
  • შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობისას, აუცილებლად დაიჭირეთ საყელურით ან, მცირე ზომის შემთხვევაში, აიყვანეთ ხელში.

გახსოვდეთ, რომ პანიკა საგანგებო სიტუაციებში მხოლოდ ამწვავებს მდგომარეობას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, იმოქმედეთ ინსტრუქციების შესაბამისად და დაელოდეთ კვალიფიციურ დახმარებას. რეგულარული ტექნიკური შემოწმების პირობებში, ლიფტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საშუალებას ვერტიკალური გადაადგილებისთვის.

სათანადო წესების დაცვით და საგანგებო სიტუაციებში სწორი მოქმედებებით ჩვენ ვიცავთ როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების უსაფრთხოებას.

R