მიხეილ ბაჩუკიშვილი ამერიკაში მოღვაწე ერთადერთი ქართველი დიზაინერია, რომელიც აშშ-ში სადედოფლო კაბების კოლექციებს ქმნის. ამჯერად მის მიერ შექმნილ მამაკაცის ხაზს დიდი გამოხმაურება მოყვა, რადგან განსაკუთრებული სითამამით გამოირჩევა...
- მიხეილ, თქვენ ხართ დიზაინერი, რომელმაც ამერიკული ოცნება აიხდინეთ... დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ უყურებთ ამ ყველაფერს?
- არ ვიცი, რამდენად შეიძლება ერქვას - ამერიკული ოცნების ახდენა. ეს ქვეყანა იმით არის განსაკუთრებული, რომ აქ წარმატების მიღწევას ძალიან დიდი შრომა ჭირდება. ვიტყოდი, რომ აქტიურად ვარ პროცესში ჩართული, თავით გადაშვებული, უკან დასახევი გზა დიდი ხანია მოჭრილი მაქვს. აქედან გამომდინარე, ყოველი დღე, წუთი, წამი ახალი გამოწვევა, ახლის სწავლაა. არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც უმნიშვნელო რამ იყოს. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და დიდი ძალის მომცემიც. აქ ოცნებები ნამდვილად ხდება და იმედი მაქვს, რომ შემდეგ ინტერვიუზე უფრო მეტს ვისაუბრებ ოცნებების ახდენაზე.
- როგორც ვიცი, ამერიკაში ერთადერთი ქართველი დიზაინერი ხართ, რომელიც სადედოფლო კაბებს ქმნის...
- არასოდეს მიფიქრია, მართლა ერთადერთი ქართველი დიზაინერი, ალბათ პირველი რომ ვარ, რომელიც ამერიკაში სადედოფლო კაბების კოლექციებს ქმნის. თან სისტემატურად, წყვეტის გარეშე უკვე 6 წლის განმავლობაში. ვიტყოდი, ერთი განსხვავებას: თავად ვიცნობ დიზაინერებს, რომლებიც საქორწინო კაბებს ქმნიან, ზოგად სამოსსაც, მაგრამ ალბათ მართლაც ერთადერთი და პირველი ვარ, რომელიც სადედოფლო კაბების კოლექციებს ქმნის. ძალიან საინტერესოა და ახლა რომ დავფიქრდი, სიამაყის შეგრძნებაც დამეუფლა. ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის...
ბევრი მაღალი ბრენდის სამოსთან მქონია შეხება ამ ათი წლის განმავლობაში და სიამაყით შემიძლია გითხრათ, ჩემს მიერ შექმნილ სამოსის ქსოვილი ხარისხით მაღალი მოდის სახლის მიერ შექმნილს არ ჩამოუვარდება. მართალია ამ მდგომარეობის გათვალისწინებით ქსოვილს თავად ვერ ვქმნი, მაგრამ რომელსაც ვიყენებ, უმაღლესი ხარისხისაა.
- საქართველოდან თუ გქონიათ დაკვეთა?
- საქართველოდან დაკვეთა არ მქონია, მაგრამ ქართველი პატარძლები გვყოლია. განსაკუთრებულად ამ ბოლო დროს იყო ბევრი. წარსულში მყავდა პატარძალი, რომელიც აქ ცხოვრობს. საქორწინო კაბა მე შემიკვეთა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა. ძალიან საინტერესო იქნება, თუ ვინმე საქართველოდან დისტანციურად დაკვეთის სურვილს გამოთქვამს.
- ძალიან თამამია თქვენი ამჟამინდელი ნამუშევრები, ფოტოსესიები... როგორი იყო გამოხმაურება?
- დიდი ხანი ვფიქრობდი, მამაკაცის საქორწინო ხაზი შემექმნა, რადგან მოდის სფეროში მამაკაცები მაინც დაჩაგრულებში ვართ. მთავარი იყო, ეს არ უნდა ყოფილიყო იმ ნიშის დარღვევა, რაც ქალების მიმართულებით მქონდა. კავშირი არ უნდა დაკარგულიყო. იმ ეტაპამდე მივედი, უკვე დრო იყო მამაკაცის საქორწინო ხაზი შემექმნა. თუმცა ეს არ უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი მამაკაცის სამოსი. ნამდვილად არ არის ჩემი ნამუშევარი მამაკაცის ხაზი ყველასთვის, მასისთვის... შეიძლება ეს კარგად არ ჟღერდეს, მაგრამ მართლაც ასეა. ეს ხაზი იმ ადამიანებისთვის არის შექმნილი, რომლებიც განსხვავებულს, სხვანაირ ესთეტიკას ეძებენ. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ამბიცია არ აქვს, რომ განსხვავებულად ეცვას, არჩევანი დიდია. ბიუჯეტურიდან დაწყებული, მაღალი მოდის სახლის სამოსით დამთავრებული. ამიტომაც თუ გავაკეთებდი, ეს უნდა ყოფილიყო განსხვავებული და განსაკუთრებული! უფრო მეტი სითამამით, თუმცა აუცილებლად ესთეტიკურობით გამორჩეული. მინდა ვთქვა, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდა...
ქალის ხაზის მიმართულებითაც საკმაოდ გავთამამდი, კონკრეტულ მოდელებს მრავალფუნქციურობა შევძინე. აღნიშნულ მოდელს პატარძალი ქორწილში თუ ჩაიცვამს, ვერავინ იტყვის, რომ საქორწინო კაბა არ არის. იგივე კაბით ნებისმიერს შეუძლია გალა-ივენთზე, სხვა ღონისძიებაზე შეიმოსოს. ქალის ხაზში თეთრის გარდა, არამკვეთრი ფერებიც აქტიურად შევურიე. მამაკაცის საქორწინო ხაზი ჯერჯერობით სრულიად თეთრია. თუმცა მრავალფუნქციურობა აქაც შევინარჩუნე და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კონკრეტულ მოდელს სიძეც თამამად ჩაიცვამს ქორწილში და ასევე კონცერტზეც, სხვა სადღესასწაულო ღონისძიებაზე...
ალბათ ეს სითამამე დრომ მოიტანა, უკვე საჭიროც იყო. მეტად სექსუალური გავხადე ქალის და მამაკაცის ხაზიც. რაც შეეხება თამამ ფოტოსესიებს, ალბათ ესეც საჭირო იყო და ამის დროს მოვიდა. მომავალშიც სიახლეების სურვილი მაქვს. ზოგადად შეიძლება ნიშა დავიკავე - როგორც საქორწინო სამოსის დიზაინერი, მაგრამ ნებისმიერი დანიშნულების სამოსს ვქმნი - ქალის, მამაკაცის, ბავშვის, ჩემს მიერ შექმნილი სამოსი ყველასთვის არის... ჩემი ატელიეს კარი ღიაა ნებისმიერი დამკვეთისთვის, ნებისმიერი იდეის განსახორციელებლად სამოსში.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- რა თქმა უნდა ბევრი სამომავლო გეგმები მაქვს, ვნახოთ, რა იქნება... ძალიან დიდი სურვილი მაქვს, უფრო მეტად გავფერადდე. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად ვარ ბევრი სიახლეებისთვის. - წინ გამარჯვებისკენ და ახალი გამოწვევებისკენ!