სტამბოლის დაკავებული მერის, ექრემ იმამოღლუს ადვოკატი დააკავეს.
როგორც თურქეთის "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელი თურან თაშქინ ოზერი აცხადებს, იმამოღლუს უფლებადამცველი, მეჰმედ ფეჰლივანი "შეთხზული მიზეზების გამოა დაკავებული".
ცნობისთვის, თურქეთში პოლიციამ 19 მარტს სტამბოლის მერი, ექრემ იმამოღლუ დააკავა, რომელიც ოპოზიციური "სახალხო რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერია და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება.
მისმა დაკავებამ თურქეთში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია.
საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას კორუფციის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს.