ადამიანებს თაღლითობის არაერთი სქემა მოუფიქრებიათ, თუმცა ამბავი, რომლის შესახებ ახლა მოგიყვებით, თავისი მასშტაბურობით და შინაარსით სხვებისგან გამორჩეულია.
საქმე ეხება ელიზაბეთ ჰოლმსს, რომელიც წლების წინ ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი იყო, რომლის ფოტოებს გავლენიანი ბიზნეს გამოცემები გარეკანზე ბეჭდავდნენ, სამყაროს გადარჩენის იმედს და "კაბიან სტივ ჯობსს" უწოდებდნენ.
ელიზაბეთი 2023 წლიდან არის პატიმრობაში - მას 11 წლით და 3 თვით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა.
2014 წელს, 30 წლის ასაკში ელიზაბეთი დიდების მწვერვალზე იყო, მან 19 წლისამ დააარსა კომპანია Theranos, რომლის ღირებულებამ 9 მილიარდ დოლარს მიაღწია - კომპანიაში აცხადებდნენ, რომ სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირებისთვის რევოლუციური მეთოდი გამოიგონეს. მათი მტკიცებით, შექმნეს ტესტი, რომელზეც სისხლის სამი წვეთის მოთავსებით შესაძლებელი იქნებოდა ისეთი დაავადებების დიაგნოსტირება როგორებიცაა კიბო და დიაბეტი.
2015 წლისთვის უკვე გაჩნდა ეჭვები, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ამბობდნენ და ერთ წელიწადში ჰოლმსის თაღლითობის შესახებ უკვე მთელ მსოფლიოში წერდნენ, 2018 წლისთვის კი მის მიერ დაარსებული კომპანია ჩამოიშალა.
კალიფორნიის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მას 11 წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბალვანსაც, რომელიც ახლა 59 წლისაა, თაღლითობის ბრალდება წაუყენეს და გაასამართლეს. მან ელიზაბეთის ბრალდებებს "აღმაშფოთებელი“ უწოდა.
რიჩარდ ფუისის თქმით, ჰოლმსის მშობლები აშშ-ის სამთავრობო წრეებთან ახლო კავშირში მყოფი ადამიანები იყვნენ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტატუსი და "ცხოვრობდნენ კავშირებისთვის“.
ელიზაბეთის მამის დიდმა ბაბუამ დააარსა Fleischmann's Yeast, რომელმაც შეცვალა ამერიკის პურის ინდუსტრია და ოჯახი კარგად აცნობიერებდა თავიანთ წარმომავლობას.
2002 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა 19 წლის ასაკში უნივერსიტეტი მიატოვა, დააარსა კომპანია Theranos და როგორც აღვნიშნეთ, აცხადებდა, რომ სისხლის მარტივი ტესტირების გზით დაავადებების დიაგნოსტირების რევოლუციური მეთოდი გამოიგონა.
ძლევამოსილი ადამიანები აღფრთოვანებულები იყვნენ ელიზაბეთით და დებდნენ ინვესტიციებს ყოველგვარი კითხვების გარეშე. მოგვიანებით კი ინვესტორები იხსენებდნენ, რომ ელიზაბეთს დარწმუნების გასაოცარი უნარი ჰქონდა და ისე თავდაჯერებულად საუბრობდა, რომ კითხვებს აღარავინ სვამდა.
კისინჯერიც მისი დიდი მხარდამჭერი იყო. სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა ინვესტორმა თქვა, რომ Theranos-ში 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო მას შემდეგ, ელიზაბეთი მას ჰენრი კისინჯერმა წარუდგინა.
ასე, რომ მსგავსი ადამიანების მხარდაჭერამ და ასევე მისმა თავდაჯერებულმა ქცევამ და მანერებმა ჰოლმსს სანდოობა მოუტანა.
ექიმი ჯეფრი ფლიერი იხსენებს ელიზაბეთთან შეხვედრას:
”ვიცოდი, რომ მას ჰქონდა ეს ბრწყინვალე იდეა და რომ მან შეძლო დაერწმუნებინა ყველა ეს ინვესტორი და მეცნიერი. დარწმუნებული იყო საკუთარ თავში, მაგრამ როდესაც რამდენიმე კითხვა დავუსვი მისი ტექნოლოგიების შესახებ, არ ჩანდა, რომ საკითხი კარგად ესმოდა. ცოტა უცნაურად მეჩვენა, მაგრამ არ მიფიქრია, რომ საქმე თაღლითობასთან გვქონდა“, - ამბობს ფლიერი.
ყველაფერი 2015 წელს დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი მომჩივანი საუბრობდა იმის შესახებ, რომ Theranos-ის გამოგონება რეალურად ყალბი იყო. ამას მოჰყვა Wall Street Journal-ის ჟურნალისტური გამოძიება და სტატიების სერია, სადაც მხილებული იყო Theranos-ის თაღლითობა. გამოცემა ამტკიცებდა, რომ ტესტირებისთვის რეალურად კომპანია იყენებდა სხვა მწარმოებლების მიერ გამოგონებულ აბსოლუტურად განსხვავებულ ტექნოლოგიებს.
საჩივრები დაგროვდა, პარტნიორებმა გაწყვიტეს ურთიერთობა და 2016 წელს აშშ-ის მარეგულირებლებმა ჰოლმსს აუკრძალა სისხლის ტესტირების სერვისის ოპერირება ორი წლით. 2018 წელს კი Theranos დაიშალა.
დაიწყო გამოძიება და ელიზაბეთს, ისევე როგორც მის ყოფილ ბოიფრენდს, ბალვანს თაღლითობასა და შეთქმულებისთვის ბრალი წაუყენეს. ამ უკანასკნელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
პროკურორები აცხადებდნენ, რომ ჰოლმსმა შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში პაციენტები და ფინანსების მოსაზიდად თაღლითობდა, ის დიდებისკენ მიისწრაფოდა და დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, რომ ყველას მისი წარმატების შესახებ ესაუბრა.
პროკურორები აცხადებდნენ, რომ ის იყო "ამბიციებით დაბრმავებული".