სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 26 დაშავდა და 23 000-ზე მეტმა ადამიანმა იძულებით დატოვა საკუთარი სახლი სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების გამო.
პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა 60-70 წლის ადამიანები არიან. დაშავებულთაგან 12 მძიმე მდგომარეობაშია.
გარდა ამისა, სტიქიის ლიკვიდაციის პროცესში ჩამოვარდა სახანძრო ვერტმფრენი, რის შედეგადაც დაიღუპა მისი პილოტი. მედიის ცნობით, ის 73 წლის იყო.
ხანძარმა გაანადგურა მთელი დასახლებები, დაიხურა სკოლები და ხელისუფლება იძულებული გახდა 2000-ზე მეტი პატიმრის ევაკუაცია მოეხდინათ ციხეებიდან.
განსაკუთრებული საფრთხე შეექმნა კორეის ტრადიციულ სოფელ ჰაჰვეს, რომელიც ჩოსონის დინასტიის დროინდელია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი. ტყის ხანძარი მას მხოლოდ 5 კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდა.
ხანძრები, რომლებიც ძლიერმა და მშრალმა ქარმა გამოიწვია, გასული პარასკევს გაჩნდა სამხრეთ-აღმოსავლეთ სამხრეთ კორეაში, სანგჩონის ოლქში, რომელიც სეულიდან 250 კილომეტრში მდებარეობს. მოგვიანებით ცეცხლი გავრცელდა მეზობელ ოლქებზე, მათ შორის ისონზე, ჩონსონზე, იონიანზე და იონდოკზე, ასევე ანდონის ქალაქზე.
მოვალეობის შემსრულებელმა პრეზიდენტმა ჰან დოკ სუმ განაცხადა, რომ ძლიერი ქარი ხელს უშლის მეხანძრეებსა და მაშველებს: "ჩვენ სასოწარკვეთით ვიმედოვნებდით, რომ დღეს ან ხვალ წვიმა მოვიდოდა და ცეცხლის ჩაქრობაში დაგვეხმარებოდა,“ - თქვა მან.
ნაციონალური სატყეო ინსტიტუტის ექსპერტმა ლი ბიონ დუმ Reuters-ს განუცხადა, რომ ხანძარი ისონში "წარმოუდგენელი სისწრაფითა და მასშტაბებით" ვრცელდება.
ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩართულია ათასობით მეხანძრე და 5,000-მდე სამხედრო, ასევე აშშ-ის არმიის ვერტმფრენები, რომლებიც სამხრეთ კორეაში იმყოფებიან.
ეს აპოკალიფსს ჰგავდა
სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრები იშვიათია, თუმცა, ამჯერად ხანძარი უკვე იქცა ყველაზე მომაკვდინებლად ქვეყნის ისტორიაში.
ანდონის სხვა რაიონში ევაკუირებულ ადამიანებს, რომლებიც დაწყებით სკოლაში იყვნენ შეფარებულნი, სასწრაფოდ უბრძანეს შენობის დატოვება, რადგან ქარის გამო ხანძარი სწრაფად ვრცელდებოდა.
79 წლის კვონ სო ჰანმა AFP-ს განუცხადა: "ქარი ძალიან ძლიერად ქროდა. ცეცხლი მთიდან წამოვიდა და ჩემს სახლს მოედო".
კორეის მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, ოთხშაბათს რეგიონში ნალექი მოსალოდნელი არ არის, ხოლო ხუთშაბათს მხოლოდ მცირე წვიმა შეიძლება წამოვიდეს.
ჰან დოკ სუმ განაცხადა, რომ ხელისუფლება დეტალურად გააანალიზებს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლისას გამოვლენილ ყველა ხარვეზს, როგორც კი კრიზისი კონტროლქვეშ იქნება, და მომავალში გაფრთხილების სისტემის გაუმჯობესებას შეეცდება.