ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მაღალი რანგის ჩინოვნიკების მიერ Signal-ის გამოყენება ქვეყნის სამხედრო ოპერაციების განსახილველად შესაძლოა, რამდენიმე კანონდარღვევა აღმოჩნდეს - მათ შორის, კანონმდებლობის, რომელიც ეხება ჯაშუშობასა და სამთავრობო ინფორმაციის შენახვას. თუმცა ვაშინგტონში თვლიან, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ამას სკანდალის მონაწილე პირების გადადგომა მოჰყვეს.

გამოცემა Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი, დიდხანს არ უჯერებდა თვალებს, როდესაც არც მეტი არც ნაკლები, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა მაიკ უოლცმა Signal-ის ჩათში დაამატა. ჩათში 18 ადამიანი იყო და თან, ისეთი სახელებით, როგორებიცაა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, პენტაგონის ხელმძღვანელი და ა.შ.
ისინი განიხილავდნენ იემენში, "ჰუსიტების" პოზიციებზე აშშ-ის დარტყმის გეგმას, მათ შორის, დოკუმენტს პენტაგონის ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეთის ხელმოწერით, რომელსაც ახლდა შემდეგი აღწერილობა:
- "შეიცავს იემენზე მოახლოებული თავდასხმის ოპერატიულ დეტალებს, მათ შორის, ინფორმაციას სამიზნეებზე, იარაღზე, რომლის გამოყენებასაც აშშ გეგმავს და ბრძანებას დარტყმის შესახებ“.
მალე დარტყმა განხორციელდა რის შემდეგაც, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენმა, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, ეროვნული დაზვერვის უფროსმა ტულსი გაბარდმა, CIA-ის უფროსმა ჯონ რეტკლიფმა, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა და სხვებმა ერთმანეთს მიულოცეს წარმატებული ოპერაცია.

არავის შეუმჩნევია ჩათში უცხო ადამიანის ყოფნა.
ამ მიმოწერის შესახებ სტატიის გამოქვეყნებას უდიდესი პოლიტიკური სკანდალი მოჰყვა, რომელსაც პრესაში Signalgate უწოდეს. გოლდბერგს არ გაუსაჯაროებია კონკრეტული განცხადებები ამ ჩათიდან, მხოლოდ ისეთი ინფორმაცია გამოიტანა, რომელიც ხაზს უსვამდა ამგვარი ჩათის არსებობას და არ ჩანდა კონკრეტული დეტალები.

- "ეჭვი მეპარებოდა, რომ იქ ნამდვილად ის ადამიანები იყვნენ, ვისი სახელებიც ჩანდა. ვერ ვიჯერებდი, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოების ხელმძღვანელები წერდნენ Signal-ში მათი უშუალო სამხედრო გეგმების შესახებ. ვერც იმას ვიჯერებდი, რომ პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეიძლება იყოს ისეთი უგუნური, რომ The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი შეიყვანოს ჩათში, სადაც სამხედრო გეგმებს განიხილავენ ასეთი მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ შორის ვიცე პრეზიდენტი", - წერს სტატიაში ჯეფრი გოლდბერგი.
მოგვიანებით, უოლცის ოფისმაც და თეთრმა სახლმაც დაადასტურეს მიმოწერის ავთენტურობა
"ჩათრუმში არაუფლებამოსილი პირის დამატება შეცდომა იყო და გარემოებები, რის გამოც ეს მოხდა, გამოკვლეული და გათვალისწინებული იქნება, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, - განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებით, ჩათში საიდუმლო ინფორმაცია არ ყოფილა განხილული.
"თქვენ ნახეთ თუ როგორ მუშაობენ მაღალი დონის ოფიციალური პირები და ისინი კარგად მუშაობენ“, - ამბობს რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი.
მთავრობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ბევრი ექსპერტი თანხმდება, რომ მიმოწერის მონაწილეებმა დაარღვიეს თანამდებობის პირთა კომუნიკაციის მრავალი წესი. ერთ-ერთი წესი კი კრძალავს ჩვეულებრივი, დაუცველი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას სამუშაო საკითხების განხილვისას.
Atlantic-ის რედაქტორი ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, ეს საკითხი ჯაშუშობის რამდენიმე მუხლს ექვემდებარებოდეს.
Signalgate-ის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მასობრივი გადადგომები ნაკლებად სავარაუდოა, უფრო მოსალოდნელი იყო, რომ სკანდალის ერთ-ერთ მონაწილეს "დასჯიდნენ". როგორც Politico სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერდა, "განტევების ვაცის" აშკარა კანდიდატი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველი, მაიკ უოლცი იყო, თუმცა ტრამპმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ არ აპირებს უოლცის გათავისუფლებას.
როგორც Politico წერს, უოლცი ის არ არის ერთადერთი დამნაშავე ამ ამბავში.
"და რას ვუწოდებთ პიტ ჰეგსეტის ქმედებებს, რომელმაც, თუ Atlantic-ის მთავარ რედაქტორს დავუჯერებთ, გამოავლინა სამხედრო ოპერაციის დეტალები იმავე ჩატში? და რატომ განიხილავდნენ საერთოდ Sgnal-ში ამ თემას ადმინისტრაციის წარმომადგენლები“, - წერს Politico.

"სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, ჩათში ჯგუფი მე შევქმენი. ეს სამარცხვინოა და ვაპირებთ საქმე ბოლომდე გამოვიძიოთ“, - განაცხადა მაიკ უოლცმა.
მისი თქმით, ჟურნალისტს, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ჩატში შეცდომით აღმოჩნდა, არ იცნობს.
"შემიძლია გითხრათ, რომ მას არ ვიცნობ. მისი საშინელი რეპუტაციის შესახებ ვიცი და ის ნამდვილად საშინელი ჟურნალისტია. მას პრეზიდენტი სძულს. მასთან მიმოწერა არ მაქვს და ჩემს ტელეფონში მისი საკონტაქტო ინფორმაცია არ მაქვს. გავარკვევთ, როგორ მოხდა ეს“, - აღნიშნა უოლცმა.
-
სკანდალის მონაწილეები სენატორებისგან კრიტიკის ობიექტები გახდნენ.
სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრებმა მომხდარს "უდიდესი შეცდომა" უწოდეს და მოითხოვეს, რომ აშშ-ის დაზვერვის ყველა დანაყოფმა, რომელიც ჩართული იყო ინციდენტში, ბოდიში მოიხადონ ამ "კოლოსალური წარუმატებლობის“ გამო.
"სიგნალის" მიმოწერის განხილვისას სენატორმა მარკ უორნერმა არაერთხელ აუწია ხმას და დაუპირისპირდა ტრამპის ადმინისტრაციის დამცველებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩათში აშშ-ის მიერ ჰუსიტებზე საჰაერო თავდასხმის განხილვა არ ყოფილა საიდუმლო ინფორმაცია. უორნერმა CIA-ის ხელმძღვანელი "დაზვერვის შეურაცხყოფაში“ დაადანაშაულა.
"თუ იქ არ იყო საიდუმლო ინფორმაცია, მაშინ გაუზიარეთ კომიტეტსაც საჯაროდ“, - განაცხადა სენატორმა გაბარდმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა რომ თეთრი სახლი შეისწავლის ინციდენტს. ამავდროულად, მან დაიცვა მაი უოლცი. ტრამპის განცხადებით, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკების გამო, მსგავსი რამ დაემართოს. "უოლცი ალბათ აღარასდროს გამოიყენებს სიგნალს, გაკვეთილი ისწავლა“, - აღნიშნა ტრამპმა.