თუ იმ აზრს ეთანხმებით, რომ სამეფო ვიზიტები მიიჩნევა მნიშვნელოვან გზავნილად, მაშინ უელსის პრინცის მოგზაურობა ესტონეთში, სადაც ის რუსეთის საზღვართან ტანკში გადაიღეს, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი გზავნილია.
პრინცი უილიამი ესტონეთში ჩავიდა, რათა მხარი დაუჭიროს გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთ ყველაზე დიდ ბრიტანულ სამხედრო კონტიგენტს, რომლის მოვალეობაც არის დაიცვას ბალტიის ქვეყანა რუსული საფრთხისგან.
პარასკევს, სამხედრო პოლიგონზე, პრინცის წინაშე წარდგნენ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის მცველი ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა.
პრინცი კომოფლიაჟში გადაიღეს ჯერ ტანკ Challenger 2-ში, შემდეგ კი საბრძოლო ჯავშან მანქანაში.
ესტონეთში ორდღიანი ვიზიტის დროს პრინცი უილიამი შეხვდა ჯარისკაცებს 900-კაციანი ბრიტანული კონტინგენტიდან, რომლებიც მრავალეროვნული ძალების ნაწილს წარმოადგენენ. მათ შორის იყვნენ სამხედროები მერსიანის პოლკიდან, რომლის საპატიო პოლკოვნიკიც თავად გახლავთ.
ესტონეთში პრინცმა ტაპას ბაზაზე სამხედრო პოლიგონი დაათვალიერა. პრინცს, რომელსაც სახელოზე ნატოს ემბლემა ჰქონდა, საბრძოლო ჯგუფის საველე წვრთნები აჩვენეს. გარდა ამისა, ის შეხვდა ესტონელ და ფრანგ სამხედრო მოსამსახურეებსაც.
ობიექტების დათვალიერებისას პრინცმა ძალები ჯარისკაცებთან ბილიარდსა და მაგიდის ფეხბურთში მოსინჯა. მანამდე კი, ხუთშაბათს, ტალინში ასობით ადგილობრივი მცხოვრები სიცივეში ელოდა პრინცს, რათა ხელი ჩამოართვათ მისთვის ან სელფი გადაეღოთ მასთან.
მოგეხსენებათ, ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, მთელ ტალინში ესტონეთის ლურჯ-შავ-თეთრ სამფერთან ერთად, უკრაინის დროშები ფრიალებს.
ბევრმა უკრაინელმა ოჯახმა ესტონეთში იპოვა თავშესაფარი.
უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისთვის ტალინის სკოლაში ვიზიტის დროს პრინცმა უილიამმა შეაქო უკრაინის სიძლიერე.
”უკრაინის გამძლეობა ყველაფერში ჩანს... თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი და კეთილი სულები - ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა პრინცმა უილიამმა უკრაინელ მოსწავლეებს.