ბათუმის დრამატულმა თეატრის მსახიობი მეგი კობალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის, ნუკრი ქანთარიას ბრძანების საფუძველზე მას ჯანმრთელობის დაზღვევაც გაუუქმეს.
ორი დღით ადრე, მეგიმ განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ნუკრი ქანთარიამ ხელფასი 6 თვით შეუწყვიტა.
ბრძანებაში ეწერა, რომ მეგიმ არ წარადგინა ბიულეტენის გახსნისთანავე სამედიცინო ცნობა. რაზეც მსახიობი წერდა:
"6 თვით შემიჩერა ხელფასი. განმარტებაში წერს რომ გახსნისთანავე არ წარვადგინე ბიულეტენი. ბატონო ნუკრი, ჩემო საყვარელოო, სანამ არ დაიხურება ბიულეტენი არ გაძლევენ. ხომ დავხურე 13 მარტს და მოგართვი? - ამით კიდევ ერთხელ ადასტურებ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პერსონა ვარ მე შენთვის. ასეც ვიცოდი.“
დღეს მეგიმ გაარკვია, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე, მას ჯანმრთელობის დაზღვევაც გაუუქმდა.
- სამარცხვინო ხარ. ჯანმრთელობის დაზღვევაც გამიუქმე. 3 წლის ბავშვი მყავდა დაზღვეული, რაზე უნდა გელაპარაკო საერთოდ, შვილიშვილები მაინც არ გყავდეს სახლში და არ იცოდე მათი საჭიროებები. გაუმართლებელი ხარ! აქამდე მეცინებოდა შენს სასტიკ საყვედურებზე, ხელფასის დაქვითვაზე, მაგრამ იმდენი ადამიანობა არ გეყო ჯანმრთელობის დაზღვევა დაგეტოვებინა, ბავშვის გათვალისწინებით მაინც", - წერს კობალაძე.
ამბავი იმით დაიწყო, რომ გოგონამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მზია ამაღლობელის შიმშილობაზე პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა, რის შემდეგაც ქანთრია მას სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა.