თბილისში, სადგურის მოედნისა და დადიანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი მოეწყობა. დედაქალაქის მერიამ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ტექნიკური დოკუმენტის შედგენისთვის შესყიდვა 19 მარტს გამოაცხადა (ბაზრის კვლევა). პრეტენდენტებმა კი 24 მარტამდე უნდა წარადგინონ წინადადება.
განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ორზოლიანი ხიდი სადგურის მოედანს დადიანის ქუჩასთან დააკავშირებს. ჯამში 280 მეტრი სიგრძის მქონე ხიდი იქნება სპირალისებური, დაიწყება დადიანის ქუჩიდან და დაეშვება სადგურის მოედანზე.
"ხიდი იქნება ორზოლიანი და დასავლეთით, სადგურის მოედანზე დაშვებისას, რამპას ექნება მარჯვნივ ჩამხვევი ზოლი. რკინიგზის დერეფნის კვეთისას აუცილებელია 7-მეტრიანი სხვაობა რკინიგზის ლიანდაგსა და ხიდის სტრუქტურას შორის. საავტომობილო ხიდი უნდა ითვალისწინებდეს 18-მეტრიანი ავტობუსების მართვის ტრაექტორიებს. საავტომობილო ხიდის გამტარობა შერეული ნაკადების პირობაში უნდა იყოს 800 ავტომობილი ერთ საათში ერთი მიმართულებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში. აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ხიდი გათვლილი იქნება შერეული ნაკადების მოძრაობისთვის, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება საზოგადოებრივ ტრანსპორტს. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ: "პიკურ საათებში ხიდი გამოყენებული იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიერ“. გააგრძელეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები