ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა სახელმწიფოს რაჭის ტყის შემდეგ კიდევ ერთი ქონება "დაუბრუნა“. ამჯერად საქმე ეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ "ლიბანს“, რომელიც ბიზნესმენის კუთვნილმა კომპანიამ "ჯიენდიმ“ 2018 წლის მარტში პროექტი "50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში შეიძინა.
"ჯიენდიმ“ კურორტი "ლიბანი“ - 5 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 003 000 ლარად იყიდა. მაშინ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მყიდველს ტერიტორიაზე 70 ნომერზე გათვლილი სასტუმრო უნდა აეშენებინა, რისთვისაც 8 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებდა.
აღსანიშნავია, რომ "ჯიენდიმ“ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება დათქმულ ვადაში ვერ შეასრულა, შესაბამისად, სახელმწიფომ დავით ხიდაშელის კომპანიას ვადა 2024 წლის აპრილის ჩათვლით გაუხანგრძლივა. თუმცა 2024 წლის აგვისტოს, მას შემდეგ, რაც "ჯიენდიმ“ ვალდებულება კიდევ ვერ შეასრულა, სახელმწიფომ გასხვისებული ქონება უკან დაიბრუნა.
საჯარო რეესტრის 2024 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით, უწყებამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და "უძრავ ნივთზე გარიგების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია“ განახორციელა, რის საფუძველზეც კურორტი "ლიბანი“ ისევ სახელმწიფოს მფლობელობაში გადავიდა.
ცნობისათვის, შპს "ჯიენდი” კომპანია "გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას” შვილობილია, რომლის 100%-იან წილს ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანია GLOBAL VICTORY INVESTMENTS LIMITED ფლობს, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროებშია რეგისტრირებული. გააგრძელეთ კითხვა