ავტორი:

"ის საშინელი პიროვნებაა და ჩვენს ქვეყანას არ წარმოადგენს" - კონორ მაკგრეგორი თეთრ სახლს ეწვია: ტრამპის თბილი დახვედრა და ირლანდიელი ლიდერების დიდი კრიტიკა

"ის საშინელი პიროვნებაა და ჩვენს ქვეყანას არ წარმოადგენს" - კონორ მაკგრეგორი თეთრ სახლს ეწვია: ტრამპის თბილი დახვედრა და ირლანდიელი ლიდერების დიდი კრიტიკა

წმინდა პატრიკის დღეს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე კონორ მაკგრეგორი იმყოფებოდა. თეთრ სახლში სპორტსმენის ვიზიტის შემდეგ ირლანდიის პოლიტიკურმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მაკგრეგორი ირლანდიის სახელით არ საუბრობს.

  • უფრო ადრე, მაკგრეგორმა რეპორტიორებს უთხრა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე ის ირლანდიაში იმიგრაციის საკითხებზე აპირებდა შეშფოთების გამოხატვას.

MMA-oს მებრძოლმა ოვალურ ოფისში შეხვედრაზე ტრამპის სამუშაო ეთიკას "შთამაგონებელი" უწოდა.

  • ტრამპმა თავის მხრივ, მაკგრეგორის სამუშაო რეჟიმი შეაქო და მას "ფანტასტიკური" უწოდა.

გასულ კვირას, თეთრ სახლში ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან, მიშელ მარტინთან შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა მაკგრეგორის ტატუებს შეასხა ხოტბა.

მებრძოლი ასევე დაესწრო პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციას იანვარში.

2024 წელს, ქალმა, რომელმაც მაკგრეგორი დუბლინის სასტუმროში გაუპატიურებაში დაადანაშაულა, სამოქალაქო საქმეში მის წინააღმდეგ სარჩელი მოიგო.

  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დაადგინა, რომ მაკგრეგორი მოსარჩელეს თავს დაესხა. მებრძოლს ზარალის ანაზღაურებისთვის 248,000 ევროზე მეტის გადახდა დაეკისრა.

ორშაბათს, ოვალ კაბინეტში შეხვედრამდე, მაკგრეგორი თეთრი სახლის პრესკონფერენციის დარბაზის ტრიბუნაზე, თეთრი სახლის პრეს-მდივანთან ერთად გამოჩნდა.

"შეუძლებელია უკეთესი სტუმრის წარდგენა, რომელიც წმინდა პატრიკის დღეს ჩვენთან ერთად იქნებოდა", - თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

მებრძოლმა კი განაცხადა, რომ "ირლანდიელი ხალხის წინაშე არსებული პრობლემების წინ წამოწევას" აპირებდა.

იმიგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას მან ირლანდიის მთავრობა "ირლანდიის ხალხის ხმის მიტოვებაში" დაადანაშაულა.

"ის, რაც ირლანდიაში ხდება, ტრაგედიაა", - განაცხადა მაკგრეგორმა, - "ჩვენი ფული საზღვარგარეთის საკითხებზე იხარჯება, რაც ირლანდიელ ხალხთან არაფერ შუაშია".

  • იმიგრაციასა და თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ ირლანდიის პოლიტიკის წინააღმდეგ მაკგრეგორს პროტესტი ადრეც გამოუხატავს.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მიშელ მარტინმა მაკგრეგორის კომენტარების საპასუხოდ სოციალურ მედიაში დაწერა: "წმინდა პატრიკის დღე მთელ მსოფლიოში არის დღე, რომელიც დაფუძნებულია საზოგადოებაზე, ჰუმანურობაზე, მეგობრობასა და ამხანაგობაზე.

კონორ მაკგრეგორის განცხადებები არასწორია და არ ასახავს წმინდა პატრიკის დღის სულისკვეთებას ან ირლანდიის ხალხის შეხედულებებს", - დასძინა მარტინმა.

ირლანდიის ვიცე-პრემიერის, საიმონ ჰარისის განცხადებით კი, MMA-ის მებრძოლი ქვეყანას არ წარმოადგენს.

"ის არ საუბრობს ირლანდიის სახელით, არც ირლანდიის ხალხის სახელით. ასეთი რამის გასაკეთებლად მას მანდატი არ აქვს", - განაცხადა ჰარისმა რეპორტიორებთან ნიუ-იორკში.

მან თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს "სრული უფლება აქვს", თეთრ სახლში ის მიიწვიოს, ვინც სურს.

"თუმცა, მინდა, ძალიან ნათლად ვთქვა, კონორ მაკგრეგორი არ არის შეერთებულ შტატებში ირლანდიის ან ირლანდიის ხალხის წარმომადგენლობით".

სოციალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიის ასამბლეის წევრმა, მეთიუ ო'ტულმა თეთრ სახლში მაკგრეგორის ვიზიტს "ირლანდიის კუნძულის შეურაცხყოფა" და "ღრმად შემაშფოთებელი" უწოდა.

"ის, რომ ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ იფიქრეს, რომ პლატფორმა მიეცათ და გაეძლიერებინათ კონორ მაკგრეგორი, რომელიც საშინელი პიროვნებაა, გულწრფელად გასაოცარია", - უთხრა მან BBC News NI-ს.

ორშაბათს, მაკგრეგორი ოვალურ ოფისში ილონ მასკთან ერთადაც გადაიღეს.

წყარო