ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას - ჯერ ბჭობენ, - ამის შესახებ "ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აღნიშნავს, კომპიუტერიდან არაფერს შლის და ყველა ინფორმაცია დარჩება, რაც დეტალურად აღწერს რა გაუკეთებია ფონდს.
"ჩხრეკაზე აპირებენ ჩემთან მოსვლას.
ჯერ ბჭობენ.
მეგობრებო, კომპიუტერიდან არაფერს ვშლი. ყველა ინფორმაცია დარჩება, რაც დეტალურად აღწერს რა გაუკეთებია ფონდს.
რუსეთის აგენტების შეტანილი განცხადების საფუძველზე ჩემი დევნა ისეთი პატივია, ახლა მარტო იმაზე ვდარდობ, ეგო როგორ დავაწყნარო“,- წერს ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა "ნანუკას ფონდის“ , "ფროსფერითის“, "ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის, "სირცხვილიას“ და "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება
პროკურატურის ცნობით, აღნიშნული "ფონდები“ მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის, კერძოდ მითითებული "ფონდებიდან“ ხდებოდა თანხების მიღება/გაცემა, მათ შორის ტრანზაქციის დროს პირდაპირ მითითებული შემდეგი დანიშნულებით: "აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, "რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, "აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, "პიროტექნიკის შესაძენად“, "აირწინაღის შეძენა წინა ხაზის ბავშვებისთვის“ და სხვა.
ამასთან, პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ე.წ. "ფონდები“ შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას.
იხილეთ ასევე: