პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
პროტესტის 107-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
დემონსტრანტები სკანდირებენ: „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა“, „ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს“, „ძირს რუსული პოლიცია“.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
პარალელურად აქცია მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, საიდანაც ისინი მოგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ.
აქცია განახლდა აჭარის მთავრობის სახლთანაც. როგორც შეკრებილები აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, ხელახლა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროევროპულ აქციებზე მოქალაქეებს უკანონოდ აკავებენ.
საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან 107-ე დღეა მიმდინარეობს.