ცენტრალური აფრიკის გულში, იქ, სადაც რუზიზის მდინარე ტანგანიკის უკიდეგანო წყლებში ჩაედინება, ცხოვრება ბუნების დაუნდობელი წესრიგით მიდის. ველურ სამყაროში ბინადრობენ ბეჰემოთები, რომლებიც ლერწმის მინდვრებში მშვიდად დადიან, მეთევზეებს ფრთხილი მზერით უსვამენ ნიჩბებს თავიანთი პატარა ნავებიდან. მტაცებელზე ვრცელ სტატიას Forbes აქვეყნებს.
გუსტავი - გიგანტური ნილოსის ნიანგია, რომლის გარშემოც უამრავი მითი არსებობს. ამბობენ, რომ მან 300-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სწორედ გუსტავზეა გადაღებული 2007 წლის ჰოლივუდური ფილმი Primeval. მაგრამ ბურუნდიელი ხალხისთვის გუსტავი მხოლოდ ლეგენდა არ არის. ის რეალურია. ის დაუნდობელია. და შესაძლოა, დღესაც ცოცხალია.
აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი ნიანგი
ნილოსის ნიანგები ბუნებით უკვე უკიდურესად საშიში მტაცებლები არიან, მაგრამ გუსტავი მათ შორისაც გამორჩეულია. საშუალო ზომის მამრი ნიანგი, როგორც წესი, 4-5 მეტრის სიგრძისაა და 410 კილოგრამს იწონის.
გუსტავი კი არანაკლებ 6 მეტრის სიგრძისაა და 900 კილოგრამზე მძიმეა, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნიანგად აქცევს, რომელიც ოდესმე დაუფიქსირებიათ.
გუსტავს უზარმაზარი სხეული ხელს უშლის, რომ ნადავლი სწრაფად მოიპოვოს. მისი მსხვერპლი ხშირად უფრო დიდი ცხოველები ან ადამიანები ხდებიან.
მკვლელი, რომელიც მხოლოდ საკვებისთვის არ ნადირობს
ნილოსის ნიანგები, როგორც წესი, ბუნებრივი შესაძლებლობების გამოყენებით ნადირობენ და ნებისმიერს ჭამენ, ვინც მათ გზაზე აღმოჩნდება. თუმცა, გუსტავი არ არის ჩვეულებრივი ნიანგი.
მიუხედავად იმისა, რომ მისი სახეობის წარმომადგენლები, როგორც წესი, მსხვერპლს წყალში ითრევენ და მთლიანად შთანთქავენ, გუსტავი ადამიანებს კლავს და ხშირად უჭმელად ტოვებს.
ეს უცნაური ქცევა ადგილობრივებში ეჭვს ბადებს, რომ ის გართობისთვის კლავს და არა მხოლოდ საკვების მოპოვებისთვის. ზოგი ამტკიცებს, რომ ის მსხვერპლს "ეთამაშება" და ბოლოს უდარდელად მოისვრის.
გუსტავი კიდევ ერთი უცნაური თვისებით გამოირჩევა - ის ადვილად ამოსაცნობია.
მას სხეულზე ტყვიის სამი ნაიარევი აქვს, ასევე ღრმა ჭრილობა მარჯვენა მხარზე - რაც იმაზე მეტყველებს, რომ მასზე ხშირად უნადირიათ. თუმცა, მიუხედავად მონადირეებისა, ჯარისკაცებისა და მისთვის სპეციალურად გახსნილი ცეცხლის წვიმისა, გუსტავი ყოველთვის გადარჩენილა.
2004 წელს მეცნიერებმა მისი დაჭერა სცადეს, რათა მისი სხეული შემდეგ კვლევისთვის გადაეტანათ. სპეციალურად ააშენეს 9 მეტრიანი და 900 კილოგრამიანი (გალია, რომელშიც ცოცხალი და მკვდარი ცხოველები მოათავსეს, და კამერებიც კი დააყენეს მისი გადაადგილების დასაფიქსირებლად.
ცოცხალია თუ გარდაცვლილი?
გუსტავი ბოლოს 2009 წელს ნახეს.
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ის მოკლეს, ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს - არც ფოტო, არც გვამი.
ზოგი ფიქრობს, რომ ის ასაკმა შეიწირა, მაგრამ სხვები დარწმუნებულნი არიან, რომ ის დღემდე ბინადრობს ტანგანიკის ტბის სიღრმეებში და ელოდება მომენტს, როცა კვლავ გამოჩნდება.
მისი მსხვერპლის რაოდენობაც არ არის ზუსტად დადგენილი. ზოგიერთი ინფორმაციით, მათი რიცხვი 300-ზე მეტია.
აფრიკის რთულ რეგიონში მდინარეებსა და ტბის ნაპირებზე აღმოჩენილი გვამები ყოველთვის გუსტავის ნამოქმედარი არ არის, თუმცა მისი ზომა, ღრმა ჭრილობები და მუდმივი თავდასხმები ადამიანებზე საკმარის მიზეზს იძლევა, რომ მისი სახელი შიშის სიმბოლოდ დარჩეს.
რაც არ უნდა იყოს ის, ცოცხალი მონსტრი თუ საშინელი ლეგენდა - გუსტავი კვლავ ცოცხლობს ტანგანიკის ტბის ისტორიაში.