აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, პარასკევს ვაშინგტონში ჩავიდეს ხელი მოაწეროს "ძალიან დიდ გარიგებას", - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინა წიაღისეულის შეთანხმების სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ-მა უკრაინისთვის უკვე უზრუნველყო 350 მილიარდი დოლარი, უამრავი სამხედრო ტექნიკა და ბრძოლის გაგრძელების უფლება.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები და უკრაინა წიაღისეულის შესახებ შეთანხმების პროექტის პირობებზე შეთანხმდნენ.
როგორც მედია იუწყება, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, კიევი დათანხმდა ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინის მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის ერთობლივი განვითარების შესახებ, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა უარი თქვა მოთხოვნაზე აშშ-ს 500 მილიარდი დოლარის პოტენციური შემოსავალი მიეღო.
მედიის თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს ფონდის შექმნას, რომლისთვისაც უკრაინა წიაღისეულის, ნავთობისა და გაზის მოპოვებიდან მომავალი შემოსავლების 50 პროცენტს გამოყოფს.
ფონდი გამოყენებული იქნება უკრაინის ფარგლებში პროექტებში ინვესტიციებისთვის. The Financial Times-ის ცნობით, ფონდის საქმიანობა არ ვრცელდება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში შესულ რესურსებზე, რასაც უკრაინა მოიხმარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გავლენას არ მოახდენს ნავთობისა და გაზის უმსხვილესი მწარმოებლების "ნაფტგაზისა" და "უკრნაფტას" ოპერაციებზე.
ამასთანავე, მედიის თანახმად, შეთანხმებაში არ არის ნახსენები აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები, რასაც კიევი დაჟინებით მოითხოვდა.
გარდა ამისა, ისეთი საკითხები, როგორიცაა, აშშ-ის წილი ფონდში და გარიგების “ერთობლივი საკუთრების“ პირობები გადაუჭრელია, რომლებიც შემდგომ შეთანხმებებში გადაწყდება.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს გამოცემას, რომ შეთანხმება დამტკიცებულია იუსტიციის, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ. ის უკრაინის უმაღლესმა რადამაც უნდა დაამტკიცოს.
გამოცემის წყაროების თანახმად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს კვირებში თეთრ სახლში გაემგზავრება ტრამპთან ხელმოწერის ღონისძიებაზე.
ასევე, გამოცემას უკრაინაში წყაროებმა განუცხადეს, რომ მიღწეული შეთანხმება მხოლოდ “ჩარჩო შეთანხმებაა“ და რომ ფონდის შექმნამდე არანაირი შემოსავალი არ გადაირიცხება.
გამოცემის წყაროების თანახმად, მხარეები “გაცილებით ხელსაყრელ პირობებზე“ შეთანხმდნენ და აღნიშნული შეთანხმება არის აშშ-სთან ურთიერთობების გაფართოების საშუალება.