სტიქიამ საქართველოს რამდენიმე რეგიონში პრობლემები შექმნა.
დიდთოვლობისა და ქარბუქის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 8 ავიარეისი გაუქმდა, - აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, უამინდობის გამო, მესამე დღეა ბათუმი-სტამბოლის მიმართულებით ავიარეისები ვერ სრულდება.
აჭარაში მთელი ღამის განმავლობაში თოვდა. უხვი ნალექის გამო, როგორც მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, ასევე დაბლობში სატრანსპორტო გადაადგილების პრობლემები შეიქმნა.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, გართულებული მეტეოროლოგიური პრობლემების გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ერთი დღით შეჩერდა
."რეგიონში არსებული გართულებული მეტეოროლოგიური პირობების, მოსალოდნელი უამინდობისა და ქარის გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა და აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 24 თებერვალს სააღმზრდელო პროცესის ერთი დღით შეჩერების თაობაზე. სააღმზრდელო პროცესი განახლდება 25 თებერვალს" - აცხადებენ ბათუმის მერიაში ასევე, ხულოს მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ქარბუქის გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვალს განახლდება.
"რთული მეტეოროლოგიური პირობების - დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ქარბუქის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა და აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით, 24 და 25 თებერვალს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული იქნება. სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვალს განახლდება" - აცხადებენ ხულოს მერიაში.
როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რამდენიმე ადგილიდან მოსახლეობის გაყვანა გახდა საჭირო. მისივე თქმით, მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რათა არსებული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას.
„ჩვენს მუნიციპალიტეტში თოვლმა საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნა. ამ ეტაპზე მუშაობს 20 ერთეული ტექნიკა, მაგრამ გაწმენდილი გზა ხელახლა ხდება გასაწმენდი, რადგან ინტენსიურად თოვს. არის უბნები, სადაც ტექნიკა ამ დრომდე ვერაფრით მივიყვანეთ.
მუნიციპალიტეტის ყველა სამსახური ჩართულია, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები. შემოგვივიდა ზარი, რომ რამდენიმე სახლი არის ჩამონგრეული, არის ადგილები საიდანაც მოსახლეობა გამოვიყვანეთ და ნაწილი გადავიყვანეთ სასტუმროში და ნაწილი ნათესავებთან. ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს. „ენერგო პრო - ჯორჯიას“ ჯგუფები აქტიურად მუშაობენ ხუთშაბათამდე სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი შევაჩერეთ“, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.
ჩოხატაური მუნიციპალიტეტის მერის დავით შარაშენიძის ინფორმაციით კი, აქტიურად იწმინდება ცენტრალური გზები. მისივე თქმით, ორი დღით შეჩერდა სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი.
„თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. საკმაოდ დიდი თოვლია სოფლებში, ამ ეტაპზე პრიორიტეტად ჩავთვალეთ ცენტრალური გზები და იწმინდება აქტიურად. დღეს, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე ყველა სოფელში ცენტრალური გზის გაწმენდას უზრუნველვყოფთ და გადავალთ შიდა გზებზე. დიდთოვლობის გამო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ორი დღით შევაჩერეთ სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი“, - განუხადა „ინტერპრესნიუსს“ დავით შარაშენიძემ.
ძლიერი თოვის გამო, დღეს და ხვალ ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია, ასევე, დღეს შეჩერებულია სასწავლო პროცესი ფოთის საჯარო სკოლებშიც.
ფოთში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გადაადგილება უჭირს ავტომანქანებს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. მათივე ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ტექნიკის მიერ იწმინდებოდა ქალაქის ქუჩები. ხიდებზე დაიყარა ტექნიკური მარილი.
ამ დროისთვის სრულად არის აღდგენილი ელექტროენერგიის მიწოდება.