"ბინძური", "გარყვნილი გონება", "საზიზღარი", - აღნიშნული სიტყვები ინდოეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ პოპულარული “იუთუბერის“, რანვირ ალაჰბადის წინააღმდეგ გამართულ სხდომაზე გამოიყენა.
ახალგაზრდა “იუთუბერი“ ბოლო კვირის განმავლობაში სკანდალის ცენტრში მოექცა.
აურზაური მას შემდეგ დაიწყო, რაც ალაჰბადიამ - რომლის YouTube არხს, BeerBiceps-ს რვა მილიონი გამომწერი ჰყავს - გადაცემა India's Got Latent-ის კონკურსანტს ჰკითხა: "რას ამჯობინებდით, უყუროთ თქვენი მშობლების სექსს ყოველდღე, სიცოცხლის ბოლომდე, თუ ერთხელ შეუერთდეთ და სამუდამოდ შეწყვიტოთ ეს?"
9 თებერვალს, შოუში გაკეთებულმა კომენტარებმა მასობრივი აღშფოთება, დაპირისპირება, პოლიციის ჩარევა და სიკვდილით მუქარაც კი გამოიწვია. YouTube-მა სწრაფად წაშალა ეპიზოდი, მაგრამ ამან ალაჰბადიასა და შოუს მიმართ მიმართული რისხვის ტალღა ვერ შეაჩერა.
ინციდენტი მოხვდა ეროვნული გამოცემების სათაურებში, ყველა პლატფორმაზე ფართოდ გაშუქდა და ინდოეთის ყველაზე თვალსაჩინო საინფორმაციო საიტებმაც კი აღნიშნულ თემაზე პირდაპირი, საგანგებო ჩართვებიც კი განახორციელეს.
ალაჰბადიას ვარსკვლავური სტატუსის გათვალისწინებით, ეს გასაკვირი არც არის. მას ინტერვიუები აქვს ჩაწერილი ფედერალურ მინისტრებთან, ბოლივუდის ტოპ ცნობილ ადამიანებთან, კრიკეტის მოთამაშეებთან და ჰოლივუდის მსახიობებთან. გასულ წელს პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მას "ეროვნული შემოქმედების ჯილდო" გადასცა.
თავად ალაჰბადიამ და შოუს შემქმნელმა, სამაი რაინამ ბოდიში მოიხადეს. წაიშალა შოუს ყველა წინა ეპიზოდი. უზენაესმა სასამართლომ კი “იუთუბერს“ სოციალურ მედიაში კონტენტის განთავსება აუკრძალა. მაგრამ ინციდენტი კვლავ ახალი ამბების მთავარ თემად რჩება.
"ისე ჩანს, თითქოს სახელმწიფო ალაჰბადიას მაგალითად გამოყენებას ცდილობს," - ამბობს ინტერნეტ თავისუფლების ფონდის დამფუძნებელი, აპარ გუპტა.
"უხეში კონტენტი შეიძლება გააკრიტიკო თუ ის გაღიზიანებს. თუმცა, არ შეიძლება, სახელმწიფომ დევნოს და დააპატიმროს ხალხი ვიღაცის “მორალური გრძნობების” შეურაცხყოფისთვის", - დაწერა X-ზე ოპოზიციონერმა კანონმდებელმა საკეტ გოხალემ.
ინდოეთის პოპულარულმა კომიკოსმა, ვირ დასმამ კი საინფორმაციო არხები ინციდენტის ცალმხრივი გაშუქებისთვის გააკრიტიკა.
შოუ, რომელიც ივნისში დაიწყო, თავიდანვე პოპულარული იყო. თითოეულ ეპიზოდს YouTube-ზე ათეულობით მილიონი ნახვა ჰქონდა. ხშირად წარმოდგენილი იყო უცნაური ეპიზოდები, ჟიურის წევრებსა და კონკურსანტებს არაერთხელ გაუკეთებიათ უხეში და უხამსი კომენტარები. კრიტიკოსებმა შოუ ქალთმოძულე შეხედულებების გავრცელებასა და სტუმრების დაცინვაში დაადანაშაულეს.