არგენტინის ოპოზიცია პრეზიდენტ ხავიერ მილეის იმპიჩმენტის მოთხოვნით გამოვიდა მას შემდეგ, რაც მის მიერ მხარდაჭერილი კრიპტოვალუტა სწრაფად ჩამოიშალა და, როგორც იტყობინებიან, უქმეებზე მილიონობით დოლარის დანაკარგი გამოიწვია. ეს სკანდალი ქვეყანაში სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისად იქცა.
მილეიმ პარასკევ საღამოს ნაკლებად ცნობილი კრიპტოვალუტის, $Libra-ს მხარდაჭერა გამოხატა, როდესაც X-ზე განაცხადა, რომ პროექტი "არგენტინის ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისთვის მცირე ბიზნესისა და მეწარმეების დაფინანსებას" ემსახურებოდა. მისი განცხადება სოციალურ მედიაში 3.8 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა.
ვალუტის ღირებულება მაშინვე გაიზარდა, გაშვების მომენტში თითქმის 0-დან 5 დოლარამდე, შემდეგ კი 1 დოლარზე ნაკლებ ფასამდე დაეცა. როგორც არგენტინის ფინტექის პალატამ განაცხადა, საქმე შეიძლება, ე.წ. rug pull იყოს - თაღლითობა, როდესაც კრიპტოვალუტა სწრაფად იზრდება, ვიდრე ინსაიდერები თავიანთ წილ მოგებას მიიღებენ, უფასურდება. ეკონომისტებმა და კრიპტოვალუტის სპეციალისტებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ ეს შეიძლება, თაღლითობა ან ე.წ. პონცის სქემა იყოს.
მომხდარის შემდეგ, ოპოზიციონერი კანონმდებლები მილეის იმპიჩმენტის მოთხოვნით გამოვიდნენ.
"ეს სკანდალი, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით გვარცხვენს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნას გვაიძულებს", - განაცხადა ოპოზიციური კოალიციის წევრმა, ლეანდრო სანტორომ.
ფედერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, ჩაიდინა თუ არა პრეზიდენტმა თაღლითობა ან გადააჭარბა თუ არა თავის მოვალეობებს. ეს ინციდენტი სერიოზულ დარტყმას აყენებს მილეის რეპუტაციას, როგორც ეკონომიკური აღდგენის გარანტს და ანტიკორუფციულ პრეზიდენტს, განსაკუთრებით, შუალედური არჩევნების წინ, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს ჩატარდება.