"სიმღერებზე აქტიურად ვმუშაობ. თავადაც ვწერ, ვცდილობ, დემოებიც სახლში გავაკეთო. მერე ჩემს მენეჯერს ვასმენინებ, რომელიც მიფასებს... ხელს მიწყობს იმაში, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტი გამოვუშვათ. ბოლოს ერთი სიმღერა დავწერე და მივხვდი, რომ საევროვიზიოდ გამომადგებოდა, თუკი ამ კონკურსში ჩავერთვებოდი. თან, ხალხისგან ბევრი წერილი, შეტყობინება მომდიოდა, რომ ევროვიზიაზე საქართველო მე წარმედგინა. ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი.
სიმღერა ივლისში დავწერე და მინდოდა, „პირველი არხისთვის“ კარგი პროდუქტი გამეგზავნა. ამისთვის ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში ჩავედი, რომ მის არანჟირებაზე წარმატებულ პროდიუსერებთან მემუშავა" - გვეუბნება ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერალი, ამერიკული "ვოისის" ნახევარფინალისტი ნინი ბრეგვაძე.
ადამიანი, რომელიც 19 წლის ასაკში ამერიკაში, სრულიად მარტო, დიდი შემართებით საკუთარი ოცნების ასახდენად წავიდა. შრომა და ენერგია არ დაუკლია საკუთარი ჩანაფიქრის, მიზნის მისაღწევად...
როგორ აფასებს აშშ-ში გატარებულ 10 წელიწადს, ქვეყანას, სადაც ამ ეტაპზე ცხოვრება უწევს და წარადგენს თუ არა წელს საქართველოს "ევროვიზიაზე", ამაზე გულახდილად გვესაუბრა.
- გასულ წელს ამერიკის 4 ქალაქში, სექტემბრიდან დეკემბრამდე ტურნე მქონდა. საკმაოდ კარგად ჩაიარა, გული სითბოთი და სიყვარულით ამევსო. იმედია, საქართველოშიც მეღირსება მსგავსი ტურნე...
- საბოლოოდ გააგზავნეთ თქვენი ნამუშევარი "პირველ არხზე" საევროვიზიოდ?
- სიმღერა ჩემმა საქართველოში მყოფმა მენეჯერმა გააგზავნა. მათგან დასტური მოვიდა, რომ მიიღეს, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო პასუხი არ გვაქვს, შეხმიანებას ველოდებით. რაც ნამუშევარიც გავაგზავნე, თუ არ მოეწონებათ, მზად ვარ, სხვა განვიხილოთ და ახალი სიმღერის დაწერაში მათთან ერთად ვიმუშაო. მთავარია, რასაც კონკურსზე წარმოვადგენ, ჩემი მაქსიმალური არტისტულობა ჩანდეს. არ მინდა, ხალხის წინაშე აბსოლუტურად სხვა ადამიანი წარვდგე. როგორც აღვნიშნე, აუცილებელი არ არის, კონკურსზე კონკრეტულად ამ სიმღერით წარვდგე. მისი გაგზავნა ჩემი კანდიდატურის წარსადგენად გადავწყვიტე.
- მოკლედ, ჯერ არ იცით, "ევროვიზიაზე" საქართველოს წარადგენთ თუ არა?
- არ ვიცი. შესაძლოა, მე არც წარვადგინო, თუმცა ვისაც ეს პატივი ექნება, წარმატებას ვუსურვებ, თუმცა ვნახოთ, ალბათ მალე გავიგებთ ყველაფერს. თუკი დადებითი პასუხი მივიღე, მე ამ კონკურსისთვის თავს გადავდებ და იმისთვისაც, რომ საქართველო ღირსეულად წარვადგინო. ამერიკაში ჩემს ყველა პროექტს დავაპაუზებ...
- 2015 წელს საქართველოში, მეგაშოუში "X ფაქტორი" მეორე ადგილი დაიკავეთ. იმის მერე, 19 წლის ასაკში, სრულიად მარტო ამერიკაში წახვედით. რატომ?
- ეგ კონკურსი და ეგ პერიოდი კარგად მახსენდება. მანდ ეტაპებიც საკმაოდ წარმატებით გავიარე. ყველაფერი იყო არაჩვეულებრივი, მეორე ადგილზე გული არ დამწყვეტია. ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ვინმეზე ნალები ვარ თუ მეტი. იმ შოუს შემდეგ ვფიქრობდი, რომ მეტი განვითარება შემეძლო, რის შესაძლებლობაც საქართველოში ვერ ვხედავდი. არადა, ძალიან მინდოდა, მეტი განათლება და გამოცდილება მიმეღო იმ ქვეყანაში, სადაც შოუ-ბიზნესი მაღალ დონეზეა განვითარებული და კონკურენციაც უფრო დიდია. ასეთ ქვეყნად ამერიკა მივიჩნიე. ჩემი აზრით, სადაც ასეთი კონკურენციაა, მით მეტი საშუალებაა იმისთვის, რომ უკეთ განვითარდე...
აქ ჩამოსვლის შემდეგ ვმუშაობდი - ქორწილებში ვმღეროდი ბენდებში, წარმოიდგინეთ, რომ ამერიკაში ამითაც კი დიდი გამოცდილება დავაგროვე... საერთოდ აქ წამოსვლა, მუსიკალურად მეტად განვითარება ოცნებად მქონდა გადაქცეული. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ისე მოხდა, რომ ის პროექტებიც, რაშიც მანამდე ვმონაწილეობდი, იმისკენ მიდიოდა და იმისთვის მამზადებდა ფინანსურად, ვოკალურად, ფიზიკურად, რომ აქ წამოვსულიყავი...
"X ფაქტორის" მერე საქართველოში ალბომი ჩავწერე, რითაც მადლობა მინდოდა, ადამიანებისთვის გადამეხადა. ის იყო ჩემი სამადლობელი: გიტოვებთ ალბომს და ამერიკაში მივდივარ, რომ მეტი წარმატება მოვუტანო საკუთარ თავს და ჩემს ხალხს. მიხარია, როცა ქართველებისგან ჩემი მისამართით თბილ და სიყვარულით სავსე კომენტარებს ვკითხულობ.
- თავიდანვე იცოდით, კონკრეტულად სად მიდიოდით და რა უნდა გაგეკეთებინათ?
- ბუნდოვნად ვიცოდი, მაგრამ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და ცოტა თავქარიანიც... ახლა ასეთ რისკებზე წასვლა უკვე მიჭირს. ერთი კი ვიცოდი, რომ რთული იქნებოდა და წითელ ხალიჩას აქ არავინ დამიგებდა, გაჭირდებოდა მუსიკალური კარიერის შექმნა. მოკლედ, ამ ყველაფრის გაუაზრებლად წავედი და კიდევ კარგი, რომ არ გავიაზრე.
- მოკლედ, გარისკვად ღირდა... თავიდანვე მუსიკალური მიმართულებით დაიწყეთ საქმიანობა?
- კი, ღირდა გარისკვად... ბევრ სხვადასხვა სამსახურში ვიმუშავე. პირველ ეტაპზე არ მქონდა ის შემოსავალი, რომ თავი სიმღერით მერჩინა. მიმტანიც ვიყავი, ტაქსისტიც... ემიგრაციაში ქართველი სადაც არ წავა, მძიმე ფიზიკური შრომა უწევს, მაგრამ მაგ მომენტში ადამიანს თვითგადარჩენის ინსტინქტი ერთვება. შრომობს და შრომობს...
- ოჯახისგან შორს, ოჯახის წევრების (მშობლების, ძმის), საყვარელი ადამიანების გარეშე, მარტო ყოფნა ალბათ რთულია... ამასთან აშშ-ში ჩასულს იმედგაცრუება ხომ არ დაგემართათ?
- სხვადასხვანაირი აზრები ყოველთვის გიჩნდება, ადამიანი ხარ და რაღაცნაირად სისუსტეები თავს იჩენს. საკუთარ თავს ამაში რომ გამოვტყდომოდი, დავეცემოდი და ალბათ ფეხზე ვეღარ წამოვდგებოდი. ბოლომდე „მივაწექი“, - სანამ იმ მდგომარეობიდან არ გამოვედი, ფეხზე არ წამოვდექი. როცა სიმღერით თავის რჩენა შემეძლო და გავაცნობიერე, თურმე რა რთული გზა გამომივლია. მანამდე არც თავს ვუტყდებოდი და არც ჩემს მშობლებს, ძმას, რომ მენტალურად, მატერიალურად, ფიზიკურად რამე მიჭირდა. არასდროს ვეუბნებოდი, თუ ცუდად ვიყავი, ამათ რატომ უნდა ენერვიულათ?! აქ ჩამომსვლელი არ ვიყავი, სულ ტყუილად ინერვიულებდნენ, ისინი კიდევ აქეთ ვერ ჩამოვიდოდნენ და ასე ვიყავით.
- როგორც ჩანს, ბავშვობიდანვე დამოუკიდებელი ადამიანი ხართ...
- ასეთი დედამ გამზარდა და ზოგადად, ჩემი მშობლები პელე-ადამიანები არიან, მადლობა მათ. ჩემი ყველა წარმატება მათი ხელშეწყობის შედეგია.
- 10 წელიწადში თავი დაიმკვიდრეთ... არადა, საკუთარი თავის პოვნა უცხო ქვეყანაში, მით უფრო, უზარმაზარ ამერიკაში მარტივი არ არის... ეს ყველას არ გამოსდის... რა იყო ეს 10 წელიწადი თქვენს ცხოვრებაში?
- ყველაფერი - ზრდა, ტკივილი, სიხარული, ბევრი სასარგებლო გაკვეთილი, მეგობრების შეძენა და დაკარგვაც... თუმცა ამ 10 წელიწადში საქართველოში ასე თავის რეალიზებას რამდენად მოვახდენდი, არ ვიცი. საერთოდ ასეთ კრიტიკულ მომენტებში უფრო იზრდები, სწავლობ, ვითარდები. ამერიკა ეს იყო და არის ჩემთვის.
რთულია აქ ყოფნა - ბევრი შრომაა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან საქართველოშიც ვმუშაობდი, ვმღეროდი, აქ მაინც სხვანაირი შრომა დამჭირდა. ძნელია თავის დამკვიდრება. თუმცა ძალიან ბევრი შესაძლებლობაა.მადლიერი ვარ ამერიკის. მართალია, ბევრი შრომისა და ენერგიის შედეგად მივიღე ეს შედეგიან, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოა.
- მოკლედ, მიგიღოთ ამერიკამ...
- მიმიღო და სრულიად უცხო ქვეყნის მოქალაქეს შესაძლებლობები მომცა. უკვე ამერიკის მოქალაქეც ვარ, თუმცა საქართველოს მოქალაქეობა შევინარჩუნე. პირველ რიგში ქართველი ვარ და მერეა ყველაფერი სხვა.
- ამერიკული "ვოისი" რა გამოცდილება იყო თქვენთვის?
- ამ „ვოისში“ მოხვედრას ვცდილობდი. აქ ჩამოსვლიდან ყოველ წელს ვაგზავნიდი განაცხადს, მივდიოდი კასტინგებზე და ვერასდროს გავდიოდი. ბოლოს მივხვდი, რომ მაშინ არ იყო ის დრო, როცა უნდა კონკურსზე გავსულიყავი. იმ სეზონში კი, როცა მოვხდი, სამყარომ სწორ დროს ჩამსვა. არ ვიცი, შეიძლება მანამდე მენტალურად, მორალურად, მონაცემებით სათანადოს მზად არ ვიყავი.
"ვოისში" მოხვედრის შემდეგ გავიცანი არაჩვეულებრივი არტისტები, ყველანი დღემდე ძალიან ახლოს ვართ და ვმეგობრობთ. ერთმანეთთან ჩავდივართ ამა თუ იმ შტატში და ვრჩებით...
იმ სეზონში, იმ 6 თვეში მუსიკალურადაც გავიზარდე... ჯანსაღი კონკურენცია იყო, ყველა სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე არტისტი, სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელი იყო, რომელთაგან ბევრი რამ ვისწავლე. შეიძლება იმაზე მეტიც, ვიდრე რეპეტიციაზე, შენი მწვრთნელისგან.
სასტუმროში ერთად ვცხოვრობდით, ერთად გვქონდა ჯემები, მუსიკის ერთად ვწერდით, ვუსმენდით, აზრების გაცვლაც ბევრის მომცემი იყო.. ჩვენს სიმღერებს ერთმანეთს ვუმღეროდით, მერე შენიშვნებს ვაძლევდით, მიმაჩნია, რომ ის ყველაფერი სკოლასავით იყო. ვხუმრობდით ხოლმე, რომ ის საერთო საცხოვრებელი კოლეჯია-თქო იმ ყველაფრით და თავისი შესანიშნავი გარემოთი, პროფესიონალებით. და ასე ნახევარფინალამდე მივედი.
- ჩვენ აქედან გგულშემატკივრობდით... როგორ ჩანს დღეს ამერიკიდან საქართველო?
- ძალიან სტრესულია ამერიკიდან საქართველოში მიმდინარე ამბების ყურება. ჯერ ემიგრანტი რომ ხარ, ისედაც ხომ გენატრება შენი ქვეყანა და მერე რომ უყურებ, შენი ქვეყნის შვილები როგორ წუხან, როგორ იბრძვიან და შენ აქ ხარ. გინდა, რამე მანძილიდანაც გააკეთო და ვერაფერს აკეთებ. უცნაური გრძნობაა. მერე საკუთარ თავზე ბრაზდები, - აქ რატომ ხარ და არა იქ. ფიქრობ, რით შეგიძლია, რომ დაეხმარო, მაგრამ ვერ ვეხმარები. მერე როგორც შემეძლო ჩემებური მხარდაჭერა, სიმღერის დაწერით გამოვხატე. ჯერ კიდევ მაისში შევქმენი სიმღერა იმაზე, რაც საქართველოში ხდებოდა. იმედი მაქვს, რომ მიიღეს ის ძღვენი ჩემგან...
- ამერიკაში ადამიანებს აქვთ ინფორმაცია ჩვენთან მიმდინარე ამბებზე? თუ უკითხავთ, რა ხდება საქართველოში?
- სულ მეკითხებიან. იციან, რომ სიმშვიდე არ არის. ზოგმა კი არც იცის, თუ რამე ხდება... საერთოდ ბოლო დროს მსოფლიოში ბევრგანაა არეული სიტუაცია, არის ომებიც... რაც ძალიან ცუდია.
- რა გეგმები გაქვთ და რა არის თქვენი პროგრამა-მაქსიმუმი?
- მაქსიმუმი ის არის, რომ უბრალოდ წარმატებული მუსიკოსი ვიყო, მუსიკა ვაკეთო, მინდა, რომ ტურნეები მქონდეს, პერფორმანსები. ძალიან მიყვარს ეს საქმე, თავს ისე ბედნიერად არასდროს ვგრძნობ, როგორც სცენაზე, როგორც სტუდიაში.
მინდა, კიდევ უფრო გაძლიერებულად გავაგრძელო საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი. მუსიკის წერას ყოველდღიურად ვცდილობ, საუკეთესო სიმღერები რაც მექნება, მასზე კლიპს გამოვუშვებ. წელსაც ძალიან მინდა კიდევ ერთი ტურნე მოვაწყო ამერიკაში, სამწუხაროდ საქართველოში ეს ჯერ შეუძლებელია, სიტუაციიდან გამომდინარე, კონცერტების დრო არ არის. ის კი არა, გასულ წელს ამერიკაში კონცერტები რომ მქონდა, რაღაცნაირად თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, მაგრამ ჩემი მსმენელი მხოლოდ ქართველი არ არის და ამიტომ მათ წინაშეც ვალდებულება მაქვს. ზოგიერთი კონცერტზე 4 საათი მანქანით მოდის... ასე რომ, შოუ გრძელდება და უნდა გაგრძელდეს.