ტაილანდი წელს მდედრი სპილოებისთვის შობადობის კონტროლს დაიწყებს. ქვეყანა ადამიანებსა და სპილოებს შორის მზარდ კონფლიქტს ებრძვის.
აზიური სპილოები 1986 წლიდან გადაშენების პირას მყოფ სახეობად არიან კლასიფიცირებული, თუმცა, ტაილანდის ხელისუფლება აცხადებს, რომ კონსერვაციის ძალისხმევის შედეგად პოპულაცია ქვეყანაში ყოველწლიურად 8%-ით იზრდება, რაც მის გაჩანაგებულ ტყეებს ტვირთავს. ამის გამო ცხოველები სულ უფრო ხშირად გადადიან მახლობელ დასახლებულ ტერიტორიებზე, რაც იწვევს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, საცხოვრებელი სახლების დაზიანებას და სიკვდილიანობასაც კი.
შობადობის კონტროლის გამოყენების წინადადება საკამათოა - ზოგიერთი აქტივისტი ამტკიცებს, რომ ცხოველებზე გრძელვადიანი გავლენის დასადგენად საკმარისი ტესტირება არ ჩატარებულა. კონტრაცეპტივები აქამდე ველურ აფრიკულ სპილოებზე სამხრეთ აფრიკაში გამოიყენებოდა.
გასულ წელს, შვიდ მოშინაურებულ ტაილანდურ სპილოზე შობადობის კონტროლის ცდა, SpayVac-ის გამოყენებით ჩატარდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მას უარყოფითი ეფექტი არ ჰქონია. ველურ სპილოებს ის ისრის ინიექციით მიეწოდებათ, რომელსაც ჩვეულებრივ დიდ კუნთში ესვრიან - თეძოზე ან წინა ფეხზე.
ეროვნული პარკების დეპარტამენტის (DNP) ველური ბუნებით დაზარალებული ადამიანების დახმარების ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა სუპაკიტ ვინიტპორნსავანმა განაცხადა, რომ შობადობის კონტროლი დაახლოებით 20 ველურ მდედრ სპილოს მიეცემა, რომლებსაც უკვე ჰყავთ ნაშიერები და ეს შვიდი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
მან დასძინა, რომ მიზანი სპილოების გამრავლების სრულად შეჩერება კი არა, ზოგიერთ ცხოველში გამრავლების დროებითი შეწყვეტაა.
სუპაკიტმა განაცხადა, რომ სპილოებისთვის კონტრაცეპტივის მიცემა მგრძნობიარე საკითხია, მათ შორის - ტაილანდში კულტურული მნიშვნელობის გამოც. "სპილო ჩვენი ეროვნული ცხოველი და ტაილანდის სიმბოლოა".
ტაილანდში 4 422-მდე ველური სპილოა, რომელთაგანაც დაახლოებით ნახევარი ხუთ სატყეო ტერიტორიაზე ცხოვრობს. ეს ტერიტორიები მათი პოპულაციის ზრდასთან ერთად, სულ უფრო და უფრო გადატვირთული ხდება.
მთელი ტაილანდისა და აზიის მასშტაბით, ადამიანები სულ უფრო მეტად შეიჭრნენ სატყეო ტერიტორიებზე, დაანაწევრეს სპილოების ტრადიციული საბინადრო ადგილები და ხშირად მათ რესურსებზე წვდომაში უშლიან ხელს. კონფლიქტი ცხოველებსა და ადამიანებს შორის შეიძლება ფინანსურად დამანგრეველი იყოს ადამიანებისთვის, ასევე სტრესული და უარეს შემთხვევაში, სასიკვდილოც კი, როგორც მათთვის, ისე ცხოველებისთვის.
გასულ წელს, ტაილანდში აღმოსავლეთის ტყიდან სპილოების მონაწილეობით 4 700 ინციდენტი მოხდა, მათ შორის - 19 ადამიანის სიკვდილით დასრულდა. DNP-ის მონაცემებით, ინციდენტები ასევე მოიცავდა სასოფლო-სამეურნეო მიწების დაზიანების 594 შემთხვევას, ქონების დაზიანების 67 შემთხვევას და 22 ადგილობრივის დაშავებას.