21-საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევასთან, ანიბიოტიკ-რეზისტენტობასთან ბრძოლაში ფაგებს უდიდესი როლი აქვს. ფაგები ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებაში და მათ შორის, უროლოგიაში. ბაქტერიოფაგები ვირუსებია, რომლებიც სპეციფიკური ბაქტერიების განადგურებას იწვევენ და ხშირად გამოიყენება უროლოგიურ ინფექციებთან, როგორიცაა: ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება), პიელონეფრიტი (თირკმლის ინფექცია), ურეთრიტი (შარდსადენის ანთება), პროსტატიტი (პროსტატის ანთება).
როგორც ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის უროლოგ-ანდროლოგი ლევან ფიფია განმარტავს, ფაგები უროლოგიაში არა მხოლოდ სტანდარტული ინფექციების, არამედ განსაკუთრებული პათოლოგიების დროსაც გამოიყენება. ექიმი იხსენებს შემთხვევას, როდესაც უცხოეთიდან მათთან სამკურნალოდ ჩამოვიდა პაციენტი ხელოვნური შარდის ბუშტით. ლევან ფიფია ამ შემთხვევისა და უროლოგიაში ფაგების გამოყენების შესახებ დეტალურად გვესაუბრება.
რას ნიშნავს ხელოვნური შარდის ბუშტი და როგორ დაეხმარა პაციენტს ფაგები?
ხელოვნური შარდის ბუშტით რამდენიმე პაციენტი გვყავდა და ყველა შემთხვევაში მკურნალობა წარმატებით დასრულდა. მათ სიმსივნის გამო ამოკვეთილი ჰქონდათ შარდის ბუშტი და ნაწლავიდან ქონდათ ფორმირებული ხელოვნური შარდის ბუშტი. ამ შემთხვევის სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნაწლავსა და შარდის ბუშტში განსხვავებული ფლორაა. ნაწლავისთვის ბუნებრივი ფლორა პათოგენურია შარდის ბუშტისთვის. სწორედ ამიტომ იწყება აღმავალი ინფექციები. პაციენტებს ვუნიშნავდით ფაგებს როგორც დასალევად, ისე შეგვყავდა ხელოვნურ შარდის ბუშტში. მკურნალობის დასასრულს საშარდე სისტემისთვის პათოგენური ფლორა სრულად შეიცვალა.
აღნიშნულ შემთხვევებში ხელოვნური შარდის ბუშტის ფლორის ცვლილება კვლავ შეიძლება მოხდეს და ამ დროს მკურნალობის კურსის გამეორება ხდება.
ზოგადად, როგორ გამოიყენება ფაგები უროლოგიაში? რომელი დაავადებების წინააღმდეგ არის ის ეფექტური?
ჩვენ გვაქვს 6 სტანდარტული ფაგური პრეპარატი, რომლებზეც კეთდება მგრძნობელობის ანალიზი და მიღებული პასუხის მიხედვით ვმკურნალობთ პაციენტს. ფაგები შეიძლება გამოვიყენოთ პერორალურად ანუ დასალევად, ადგილობრივად, თუ ზედაპირული პათოლოგიაა, რექტალურად - სწორ ნაწლავში და ინსტალაციების სახით შარდის ბუშტში. მკურნალობის კურსის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე.
თუ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტს სერიული 6 ფაგიდან არც ერთზე არ აქვს მგრძნობელობა, პაციენტზე ხდება ინდივიდუალური, ე.წ. აუტოფაგის დამზადება.
ზოგადად, ფაგები გამოიყენება საშარდე სისტემის ნებისმიერი მიმართულების ანთების დროს.
რამდენად ხანგრძლივია ფაგებით მკურნალობის პროცესი?
როგორც წესი, ფაგოთერაპიის ერთი კურსი საკმარისია ხოლმე, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მეორე კურსის ჩატარება გვჭირდება. ერთი კურსი მინიმუმ 2 კვირა გრძელდება.
შესაძლებელია თუ არა ფაგების ანტიბიოტიკებთან ერთად კომბინაციაში გამოყენება?
დღეს ანტიბიოტოკორეზისტენტობა უდიდესი გამოწვევაა. ამის ძირითადი მიზეზი ანტიბიოტიკების არაორგანიზებული და უკონტროლო გამოყენებაა. სწორედ ეს უწყობს ხელს ბაქტერიების - ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი რეზისტენტული შტამების ჩამოყალიბებას. ამ დროს ფაგები მკურნალობის საუკეთესო ალტერნატივაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკების გამოყენება საერთოდ არ უნდა მოხდეს. ექიმის დანიშნულებით და საჭიროებისამებრ მას უდიდესი ფუნქცია აქვს. ჩვენ ძალიან ეფექტურად ვიყენებთ ფაგებისა და ანტიბიოტიკების კომბინაციასაც. ამ დროს ორივე მედიკამენტის ეფექტურობა იზრდება.
R