შაბათ დილას, ალ-ჰოლის გადაადგილებულ პირთა ბანაკში მომუშავე ასობით თანამშრომელს მკაფიო შეტყობინება მიუვიდა: "შეწყვიტეთ მუშაობა". ბანაკში 40,000 ადამიანი ცხოვრობს, უმეტესად ქალები და ბავშვები, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიებიდან არიან გადაადგილებულნი.
"უცებ შეიქმნა რეალური არასტაბილურობისა და ძალადობის საფრთხე, ისევე, როგორც ყოფილი ISIS-ის წევრების ქუჩაში გამოსვლის რისკი," - განაცხადა სუზან რეიხლმა, USAID-ის საგარეო სამსახურის ყოფილმა ოფიცერმა.
ეს დრამატული ბრძანება მოჰყვა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას, გაეყინა ყველა საგარეო დახმარება, რომელსაც აშშ, მსოფლიოს უმსხვილესი დონორი, გასცემდა. მან დახმარების გადახედვა მოითხოვა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ის შეესაბამებოდა მის საგარეო პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია იდეაზე: "ამერიკა უპირველეს ყოვლისა".
მემორანდუმმა, რომელმაც ინტერნეტში გაჟონა, გაამჟღავნა, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ყველა არსებულ საგარეო დახმარებაზე 90-დღიან შეჩერებას აწესებს - გამონაკლისი იყო მხოლოდ საგანგებო სასურსათო დახმარება და ისრაელისა და ეგვიპტისთვის გამოყოფილი სამხედრო დაფინანსება.
ფაქტობრივად, ყველა საგარეო დახმარება სამიზნეში აღმოჩნდა, გარდა კონკრეტულად იმ პროგრამებისა, რომლებზეც გამონაკლისი დაიშვა. ეს ნიშნავს, რომ გლობალური ჯანდაცვის დახმარება, განვითარების დახმარება, სამხედრო დახმარება და სუფთა წყლის მიწოდებაც კი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
ისრაელისა და ეგვიპტის გარდა, მემორანდუმში სხვა ქვეყნები, რომლებიც საგარეო სამხედრო დაფინანსებას იღებენ (როგორიცაა უკრაინა ან ტაივანი), გაყინვისგან გათავისუფლებულებად არ გამოცხადებულან.
InterAction-მა, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ალიანსმა, შაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ გაყინვა "წყვეტს კრიტიკულ სამუშაოებს, მათ შორის სუფთა წყლის მიწოდებას ჩვილებისთვის, ბაზისურ განათლებას ბავშვებისთვის, გოგონების ტრეფიკინგის აღმოფხვრას და მედიკამენტების მიწოდებას ბავშვებისა და სხვებისთვის, ვინც დაავადებებით იტანჯება. ეს აჩერებს დახმარებას ქვეყნებში, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ს ინტერესებისთვის, მათ შორის ტაივანში, სირიასა და პაკისტანში".
ისინი, ვინც მხარს უჭერენ აშშ-ს დახმარების პროგრამების გაყინვას (რომელიც ჯამში წლიურად დაახლოებით 70 მილიარდ დოლარს შეადგენს), ამბობენ, რომ ეს პროგრამები ზედმეტად გაბერილია და სხვა დასავლურ ქვეყნებთან შედარებით ვაშინგტონი თავის თავზე მეტისმეტ ტვირთს იღებს. ისინი ამტკიცებენ, რომ მთავრობა ზედმეტ თანხას გზავნის საზღვარგარეთ, რომელიც ამერიკელებისთვის უკეთ დაიხარჯებოდა.
"ყოველი დოლარი, რომელსაც ვხარჯავთ, ყოველი პროგრამა, რომელსაც ვაფინანსებთ და ყოველი პოლიტიკა, რომელსაც მივსდევთ, უნდა გამართლდეს სამ მარტივ კითხვაზე პასუხით," - განაცხადა რუბიომ, - "ხდის ეს ამერიკას უფრო უსაფრთხოს? სუფრო ძლიერს? უფრო აყვავებულს?"
ორშაბათს საღამოს, პერსონალი, რომელიც HIV-ის გლობალური გავრცელების წინააღმდეგ აშშ-ს პროგრამაზე მუშაობს, თავიანთ კომპიუტერულ სისტემებში ვეღარ შევიდა. პროგრამის ფარგლებში 55 ქვეყანაში ამჟამად 250,000-ზე მეტი ექიმი, ექთანი და სხვა პერსონალია დასაქმებული, ასევე, მისი მეშვეობითვე ვრცელდება ანტივირუსული მედიკამენტები და იწარმოება მნიშვნელოვანი პრევენციული სამუშაოები.
ვაშინგტონში, USAID-ის შტაბ-ბინაც დახმარების გაყინვამ შეძრა. პერსონალი გააფრთხილეს, არ ეცადათ დირექტივების გვერდის ავლა და მკაცრი ბრძანება მიიღეს, სააგენტოს გარეთ გაყინვის შესახებ კომუნიკაცია არ ეწარმოებინათ. შიდა მემორანდუმის თანახმად, ნებისმიერი დარღვევა "დისციპლინურ ზომებს" გამოიწვევს. რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი ამ პირობების დარღვევის გამო ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საგარეო დახმარების 90-დღიანი პაუზა და გადახედვა "უკვე იძლევა შედეგებს" აშშ-სა და მისი ხალხისთვის. "ჩვენ ფუჭ ხარჯვას ვამხელთ. ვბლოკავთ “პროგრესულ” პროგრამებს და ვამჟღავნებთ საქმიანობებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს," - განაცხადა დეპარტამენტმა.