თბილისის საკრებულოს წევრი საბა ბუაძე რიყის პარკთან მომხდარ უბედურ შემთხვევაზე თბილისის მერიის განცხადებას ეხმაურება და წერს:
"ეს სამარცხვინო, უპასუხისმგებლო და უტიფარი განცხადება ვის თავშიც არ უნდა მოხარშულიყო, არის ამაზრზენი.
ის ადგილი, სადაც ახალგაზრდა დაიღუპა მართლაც ეკუთვნის რიყის დოქების ტერიტორიას, ოღონდ საჯარო სერვიტუტით არის დატვირთული და პარკის ტერიტორიას ებმის. არც გამოყოფილია, არც გამაფრთხილებელი ნიშნებია და არაფერი"..
შეგახსენებთ, 25 იანვარს, თბილისში ტრაგედია დატრიალდა, რიყის პარკის სიახლოვეს 132-ე სკოლის მოსწავლე, 16 წლის იოსებ ადეიშვილი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. მომხდარზე უბედურ შემთხვევაზე განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ, რომელშიც ვკითხულობთ:
"გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა.გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში.
სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის.უბედური შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.
თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს".