შვილის ჯანმრთელობისთვის მებრძოლ მამას, შშმ პირს გოგიტა მურცხვალაძეს უკვე თავადაც შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები. მას შიში აქვს, რომ ერთ დღესაც თვითონაც არ იქცეს მძიმე პაციენტად. დარდობს იმაზე, რომ ასეთ დროს ვინ მოუვლის მის უმძიმესი დიაგნოზის მქონე შვილს - ჯაბა მურცხვალაძეს.
"ისე მოხდა, რომ ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიკოსები შეცდნენ. მეუღლის შემთხვევაში დაშვებულმა შეცდომებმა საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მან თირკმელი დაკარგა. შვილთან დაკავშირებით დაშვებულ ექიმების შეცდომებს უკვე წლებია, ვიმკით და რაც დრო გადის, ჯაბას მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. არავითარი დადებით შედეგი მკურნალობას არ მოაქვს. არადა, სულ ვცდილობთ, სხვადასხვა ხერხით, რაღაც ახალ-ახალ შედეგს მივაღწიოთ. რა იქნება სამომავლოდ, ჯერჯერობით არ ვიცით. ჩემ მკურნალობისას დაშვებულმა შეცდომამაც აგერ უკვე ხელში მეორე ჯოხიც ამაღებინა. აქამდე თუ ერთი ჯოხით გადავადგილდებოდი, ახლა ორი ჯოხი მჭირდება. ძალიან დავუძლურდი და სიარულის პრობლემა შემექმნა. აზოტიც ორმაგადაა მომატებული“, - ამბობს გოგიტა მურცხვალაძე.
"სამივეს შემთხვევაში კლინიკებთან სამართლებრივი დავა და კონფლიქტიც კი მქონდა, მაგრამ არ უნდოდა ხელისუფლებას ჩემი გამარჯვება და მათთან დავმარცხდი“, - აღნიშნავს მურცხვალაძე.
- თქვენი სიარულის პრობლემა კონკრეტულად რამ გამოიწვია?
- ძირითადად ინსულტმა და დიაბეტმა. ვიდრე შემეძლო, გულმა გაუძლო. ამდენი წელი დაძაბული ცხოვრებით ვცხოვრობდი, შვილის ჯანმრთელობისთვის რამდენი საპროტესტო აქცია და რა არ გამოვიარე. ჯაბასთან დაკავშირებით ბევრი ნერვიულობა გადავიტანეთ მეც და ჩემმა მეუღლემაც. ადრე ვუძლებდი... 11 წლის წინ კი უკვე ინსულტი დამემართა.
შეიძლება ექიმებს ეწყინოთ, მაგრამ რამდენჯერაც ამა თუ იმ სპეციალისტთან მიხვალ, ყველა თავისებურად გასწავლის. ასე კი არ უნდა გემკურნალა, ასეო... ასეთმა მარჩიელობით უარესი შედეგი მივიღე. თანდათან ვუძლურდები და ვაითუ, ლოგინად ჩავვარდე კიდეც. იმაზე ფიქრიც არ მინდა, შვილის მოვლა-პატრონობა რომ ვეღარ შევძლო...
ღმერთმა ამრავლოს და დიდხანს აცოცხლოს ქველმოქმედი ადამიანები. მათი დახმარებით ვიტარებთ ხოლმე სხვადასხვა სახის კვლევას, მკურნალობას. სულ ძიების პროცესში ვართ, რაღაც გზა გამოიძებნოს, რომ საუკეთესო შედეგი გვქონდეს და რომ ჯაბას ჯანმრთელობაზე აისახოს და გამოიხატოს. მოკლედ, ახლა ჩვენთან ისეთი სიტუაცია არ არის, რომ ყველაფერი კარგად იყოს...
გაზაფხული რომ იწყება, ჯაბას პრობლემებიც თავს იჩენს. ასეთი ავადმყოფი კი არა, ამ დროს ნებისმიერი ადამიანს უჭირს ამ სეზონის გადატანა, მდგომარეობა უმწვავდება და ქრონიკული დაავადებები აქტიურდება, სხვადასხვა ტკივილი იწყება. ჯაბასაც კრუნჩხვები უმატებს, რაც უმძიმესი რამ არის...
რომელი ერთი ვიფიქრო, აღარ ვიცი. ხალხსაც ალბათ ამ ჩემი გაჭირვების მოსმენა უკვე მოჰბეზრდა. ამდენი წელია ასე ვაწუხებ და ისინიც უსიტყვოდ მეხმარებიან. თან ერთი და იმავე თემაზე მიწევს საუბარი და იმაზე, რომ სულ ცუდად ვარ, მიშველეთ, დამეხმარეთ. არადა, სხვა გამოსავალი რომ არ დამრჩა, ესაა...
ოჯახში მე და მეუღლე მაგრად რომ ვიყოთ, კიდევ გავუძლებდით, მშობლებიც რომ ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჰყავს ჯაბას?! ჩვენც, ამ მდგომარეობაში, რა ვქნათ, როგორც შეგვიძლია, ვუვლით.
- იქნებ მისთვის მომვლელი გამოიძებნოს...
- ესეც არ არის მარტივი ამბავი. მისი ყოველი ნიუანსი ვიცით, - რა სტკივა და რა უხარია. ყველაფერს თვალდახუჭულად ვხდებით. უცხო ადამიანი რაც არ უნდა დატრენინგებული იყოს, ან ფსიქოლოგ-ფსიქიატრი იყოს, მაინც გაუჭირდება.
არიან შშმ პირები, რომლებიც დადიან, ლაპარაკობენ, აზროვნებენ, მათზე პროგრამები დადებითად მოქმედებს, მაგრამ ჩემს შვილს რომ ვერ დაელაპარაკები, ვერ დაგელაპარაკება, ამასთან, ვერ აზროვნებს, - ამაშია საქმე. ჩვენ კი უკვე მისი სახის გამომეტყველებით ვიცით, რა უნდა და ყოველ ჯერზე რა უნდა გავაკეთოთ.
ამჯერადაც ასეა - ამ ეტაპზევე ისევ და ისევ საზოგადოების მხარდაჭერას ვითხოვთ, გამოკვლევები რომ უნდა ჩავიტაროთ, რადგან, როგორც ვთქვი, თანდათან ახალ-ახალი ავადმყოფობები ჩნდება. მადლობა ყველას და თითოეული ღმერთმა დაიცვას, დალოცოს, ვინც გვერდში გვიდგას. მათი იმედით ვარ.
- ჯაბას გარეთ გამოყვანას თუ ახერხებთ, რომ სუფთა ჰაერზე მაინც გაასეირნოთ?
- უკვე წელიწადია, რაც განცხადება დავწერე, იმასთან დაკავშირებით, რომ ადაპტირებული ლიფტი დაგვიმონტაჟონ... საქმე ის გახლავთ, რომ ბათუმში ხუთსართულიანი ბინის მეოთხე სართულზე ვცხოვრობთ. აჭარის ხელისუფლებამ, ქალაქის მერიამ იქნებ მოხდეს სასწაული და ადაპტირებული ლიფტი დაგვიმონტაჟონ. თუ ჯაბა ექიმთან ან გამოკვლევაზე მიგვყავს, სახლიდან მხოლოდ მაშინ გაგვყავს. როგორც იცით, გადაადგილება უჭირს, არადა მისთვის კვირაში ერთხელ გასეირნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 32 წლისაა, ადრე ხელში ამყავდა და ისე ჩამყავდა ქვემოთ. ახლა ამხელა კაცი ვეღარ ამყავს და როგორც გითხარით, თვითონაც დაუძლურებული ვარ. ამიტომ ხან ვის შევეხვეწები, ამაყვანინე, ხან - ვის.
როგორც ვიცი, თბილისში 10-12 ოჯახია, რომლებსაც გაკეთებული აქვთ ასეთი ადაპტირებული ლიფტები. ერთგან მეც ვარ ნაყოფი და ფოტოებიც მაქვს გადაღებული. წელიწადში მხოლოდ 2-3-ჯერ რომ გაიყვან ასეთ ადამიანს გარეთ, ეს ცხოვრება და სიცოცხლეა?!
კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა: იქ, სადაც ადამიანები თანხას რიცხავენ, საქველმოქმედო ფონდი "ხომლი“ მხოლოდ ჯაბაზეა გახსნილი და დარეგისტრირებული. ამით მინდოდა, ყველაფერს ოფიციალური სახე ჰქონოდა. ყოველი შემოწირული თეთრი სად და რაში იხარჯება, ეს აღნუსხული ყოფილიყო. ყველაფერი ვიდეო და დოკუმენტური მასალებით მაქვს გამტკიცებული. ჩემი მისამართიც არასდროს დამიფარავს - ბათუმი, თამარის დასახლება, ტბეთის 9, ბინა 57.
საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად. ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი: GE42BG0000000162421607
თიბისი ბანკი: GE45TB7420136080100007 თიბისი ბანკი. მიმღები: გოგიტა მურცხვალაძე.
ანგარიში: GE57TB7080645064300028 ლიბერთი ბანკი. ბანკის კოდი: LBRTGE22 მიმღების ანგარიში: GE04LB0711186007624000