ყივანახველას შემთხვევების მატების უკან გამოტოვებული ვაქცინები იდგა - ათასობით ბავშვია აუცრელი, როგორც ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინით, ისე წითელა, წითურა, ყბაყურას გამომწვევი ვირუსული დაავადებების წინააღმდეგ. ვაქცინის გაკეთება არასდროს არის გვიან, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
"გვახსოვს რომ 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს ყივანახველას შემთხვევები 10-ჯერ მეტი იყო. საქართველოში, სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააქვეითა ვაქცინების მოცვის მაჩვენებელი. თუ პანდემიამდე ჩვენ ქვეყანას ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, პანდემიამ ეს ციფრები შეცვალა. ათასობით ბავშვია აუცრელი როგორც ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინით, ისე წითელა, წითურა, ყბაყურას გამომწვევების წინააღმდეგ.
მინდა მოსახლეობას შევახსენო, რომ ვაქცინის გაკეთება არასდროს არის გვიან! თუ რაღაც მიზეზების გამო თქვენი ოჯახის წევრი ჩამორჩა ვაქცინაციის კალენდარს, არ ნიშნავს, რომ დაწევა არ შეიძლება. ჩვენ ვამბობთ, რომ დროულად მიმართეთ ვაქცინაციის კაბინეტს, ვინაიდან თუ არ ჩავთვლით როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, ყველა სხვა ტიპის ვაქცინის გაკეთება მოგვიანებითაც არის შესაძლებელი. იმუნიზაციის ექიმს შეუძლია კონკრეტულ პაციენტს მოარგოს ვაქცინაციის კალენდარი. ინდივიდუალური კალენდარი გააკეთოს, რაც გამოტოვებული ვაქცინების გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს. ყივანახველას შემთხვევების მატების უკან გამოტოვებული ვაქცინები იდგა“,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
მისი თქმით, დღეს, ქვეყანაში ცირკულირებს 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვირუსი, მათ შორის ყველაზე მეტად საყურადღებოა გრიპი.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, დღეს, ქვეყანაში ყველა მეორე გრიპისმაგვარი დაავადებების უკან გრიპის ვირუსი დგას.
„დღეს, ქვეყანაში ცირკულირებს 10-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის ვირუსი, მათ შორის ყველაზე მეტად საყურადღებოა გრიპი. მოცირკულირე ვირუსებს შორის ყველაზე მძიმეა გრიპი.
გართულებებით მიმდინარეობა ყველაზე მეტად გრიპს ახასიათებს, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევები მაღალია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ნათლად ჩანს, რომ ყოველ კვირეულად გრიპის შემთხვევების რაოდენობა მატულობს. პრაქტიკულად, ყველა მეორე გრიპისმაგვარი დაავადების უკან გრიპის ვირუსი დგას.
გრიპის ვირუსებს შორის ყველაზე ხშირად ფიქსირდებოდა H1N1, ე.წ. ღორის გრიპის ვირუსი. ასევე მაღალია „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსის გავრცელება. შედარებით ცოტა არის H3 ტიპის ვირუსი. ყველამ, ვინც გაიკეთა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, ამ ვაქცინის შემადგენლობაში 2 იყო A ტიპის ვირუსი, კერძოდ H1 და H3, ხოლო 2 „ბე“ ტიპის ვირუსი. ზუსტად დაემთხვა ვაქცინების შემადგენლობა იმ ვირუსების ცირკულაციას, რაც ქვეყანაშია. ეს ნიშნავს, რომ იმ პაციენტებში, ვინც აცრა გაიკეთა, ვაქცინა მაღალეფექტური იქნება, დაცვის ხარისხი და გართულებების თავიდან აცილების ხარისხი ძალიან მაღალი იქნება.
რაც შეეხება კლინიკურ სექტორს, როდესაც საუბარია გრიპის შემთხვევების მატებაზე, მხედველობაში გვაქვს შემთხვევები, რომელიც უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე სხვა ტიპის ვირუსები. ცხადია, უფრო მეტად გაზრდილია სტაციონარული მიმართვა. თუ პედიატრიულ სტაციონარებს გადავხედავთ, მკვეთრად არის გაზრდილი იმ ბავშვების მომართვიანობა, ვისაც მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი აქვს. ასევე გაზრდილია იმ ბავშვების მომართვიანობა, ვისაც ფილტვების ანთება აქვს. ასეა იაშვილის კლინიკაში, პრაქტიკულად გაგვიორმაგდა იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც ვაწვენთ სასუნთქი სისტემის მწვავე დაავადებების ნიშნებით. ამ პაციენტებს შორის 40% არის ფილტვების ანთებით მიმდინარე, რაც ნიშნავს რომ გრიპის ვირუსი დგას ამ შემთხვევების უკან. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ერთად, შეგვიძლია არამარტო პრევენცია, არამედ სპეციფიკური ანტივირუსული საშუალების „ოზელტამივირის“ გამოყენება, რომლის პრაქტიკაც 15 წელია გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრეპარატი რაც შეიძლება მალე იყოს დაწყებული იმ პაციენტებში, სადაც დაავადების გართულების ალბათობა მაღალია“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.