საქართველოს საელჩოში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ რომ აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში განუცხადეს.
ცნობისთვის, აბუ-დაბიში, “ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა “ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შემთხვევა კი სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.
მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ ეს წინა დღით მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს “რუსი მონა“ უწოდა. წინა დღეს მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ვიქტორ სანიკიძის განმარტებით კი “უსამშობლოებს პასუხი ყოველთვის გაეცემათ“.
“მადლობა გვერდში დგომისთვის, ყველაფერი კარგად არის. როგორც ირაკლიმ თქვა, ყოველთვის გაეცემა პასუხი ამ უსამშობლოებს, სადაც არ უნდა ვიყოთ. მადლობა კიდევ ერთხელ და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, - განაცხადა სანიკიძემ.
იხილეთ ასევე: