ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ხმაური მოჰყვა.
მას შემდეგ, რაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა, სხდომათა დარბაზში მყოფებმა მოსამართლესა და პროკურორებს სხვადასხვა შეძახილით მიმართეს.
მედიის წარმომადგენლებმა მათ „ივანიშვილის მონები“ და „რუსები“ უწოდეს.
"ივანიშვილის მონებო“, „რუსები ხართ“, „შეგრცხვეთ, ჟურნალისტებს რომ ციხეში უშვებთ“, „მოღალატეებო“ - მიმართეს მოსამართლესა და პროკურორებს.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, ხოლო დაცვის მხარე მის მიმართ 100 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას არ გაურბის.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.