ავტორი:

რამ გამოიწვია ლოს ანჯელესში მასშტაბური ხანძარი და რატომ ვერ ხერხდება ცეცხლის ლოკალიზება - ექსპერტებისა და გამოძიების ვერსიები

რამ გამოიწვია ლოს ანჯელესში  მასშტაბური ხანძარი და რატომ ვერ ხერხდება ცეცხლის ლოკალიზება - ექსპერტებისა და გამოძიების ვერსიები

ლოს ანჯელესში 7 იანვრის შემდეგ ხანძარს ებრძვიან. ხანძარმა უკვე იმსხვერპლა 10 ადამიანი, განადგურებულია 10 000-ზე მეტი ნაგებობა. საზოგადოებაში კი არაერთი კითხვა გააჩინა და უფრო მეტიც, არაერთი შეთქმულების თეორიის გაჩენის საბაბი გახდა.

ხანძარი ძალიან სწრაფად ვრცელდება და უსწრაფესად მოედო მასშტაბურ არეალს. გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ თუ როგორ გამძლავრდა ხანძარი ასე სწრაფად და შეძლეს თუ არა საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა სათანადო რეაგირება.

  • რამ გამოიწვია ხანძარი?

ხანძარი წყნარი ოკეანის პალისადებში გასულ სამშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:30 საათზე დაიწყო, მალევე გაჩნდა ხანძრის სხვა კერები ლოს ანჯელესის გარშემო, მათ შორის ხანძრის დიდი კერა გაჩნდა კალიფორნიის ქალაქ პასადენაში.

  • ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ოფიციალური პირების განცხადებით, განიხილავენ სხვადასხვა ვერსიებს, მათ შორის, ცეცხლის განზრახ წაკიდების შესაძლებლობას.

"როგორც კი გვექნება ინფორმაცია, ამას ყველას გაგიზიარებთ. ვიცი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით დიდი ინტერესია“, - ამბობს ჟურნალისტებთან ლოს ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის უფროსი კრისტინ კროული.

ექსპერტების აზრით, ხანძარი გამოწვეულია გვალვით, ჰაერის მაღალი ტემპერატურით და ცეცხლი თავდაპირველად გაუჩნდა გამხმარ მცენარეულ საფარს, ხოლო ძლიერი ქარის გამო, ის სწრაფად გავრცელდა.

"იანვარია, მაგრამ სამხრეთ კალიფორნია კვლავ მშრალია, გვალვითა და მაღალი ტემპერატურით არის მოცული. ეს ყველაფერი შეგვიძლია განვიხილოთ კლიმატის ცვლილების კონტექსტში, არსებული კლიმატის გათვალისწინებით, მოსალოდნელია ასეთი ხანძრები. უნდა ვაღიაროთ რომ მსგავსი ხანძრები მომავალში უფრო ხშირი გახდება", - ამბობს პროფესორი, გარემოს დაცვის საკითხების ექსპერტი ჯეიკობ ბენდიქსი.

  • არის თუ არა ლოს ანჯელესი წყლის გარეშე დარჩენილი?

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამჟამად წყალზე არსებული უზარმაზარი მოთხოვნის გამო, წყლის წნევის დაბალი დონე დაბალია, თუმცა ეს დროებითია. პრობლემამ ადგილობრივი ლიდერების კრიტიკის ტალღა გამოიწვია.

"არის ოთხჯერ უფრო მაღალი მოთხოვნა, ვიდრე აქამდე იყო, რამაც წყლის წნევა შეამცირა“, - ამბობს ლოს ანჯელესის წყლისა და ელექტროენერგიის დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი, ჯანის კინონესი. მისი თქმით დაშრა სამი წყლის ავზი და არსებობს წყლის წნევის შენარჩუნების პრობლემა.

"გვჭირდება, რომ ჩვენმა მომხმარებლებმა დაზოგონ წყალი, სახანძრო განყოფილებას სჭირდება წყალი ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - დასძინა მან.

რიკ კარუზო, მერობის ყოფილი კანდიდატი დაუპირისპირდა ხელისუფლებას და თქვა - "ჩვენი უბნები იწვის, სახლები იწვის, ბიზნესები იწვის, მეხანძრეები აქ არიან, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ“.

კრიტიკის კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ როგორც აცხადებენ, ხელისუფლებამ შეამცირა ლოს ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ბიუჯეტი. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ხარჯის შემცირებამ ძირითადად იმოქმედა ზეგანაკვეთურ ანაზღაურებაზე.

  • ცნობისთვის, ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი ნაგებობა განადგურდა, მეხანძრეები ვენტურას ოლქში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან.

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის, რობერტ ლუნას განცხადებით, სტიქიის ბევრ ზონაში მისვლა ვერ ხერხდება და დაღუპულთა რაოდენობა “აბსოლუტურად შეიცვლება“. Reuters-ის ცნობით, ევაკუაციის განკარგულება 180 000-მდე ადამიანისთვის გაიცა, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ძლიერმა ქარმა, შესაძლოა, ხანძარი კიდევ უფრო გააძლიეროს.