ავტორი:

"დარბაზში ვერ ეტევიან ბრალდებულების ოჯახის წევრები და ადვოკატები" - რა ხდება ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესზე

"დარბაზში ვერ ეტევიან ბრალდებულების ოჯახის წევრები და ადვოკატები" - რა ხდება ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის პროცესზე

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების ოჯახის წევრები და ადვოკატები სხდომათა დარბაზის შეცვლას ითხოვენ.

  • როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, ისეთი დარბაზია შერჩეული, სადაც არა მხოლოდ ბრალდებულების ოჯახის წევრები ვერ ეტევიან, არამედ ადვოკატებიც.

უფლებადამცველებს სხდომათა დარბაზში დამატებითი მაგიდები დაუდგეს.

"ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. არსებობს დარბაზი, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ საზოგადოება დაესწროს, თუმცა, იქ არ ატარებენ პროცესს.ტექნიკური საკითხების გამო ვერ ხერხდება პროცესის დაწყებაო, ამბობენ",- განაცხადა ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა.

არსებულ ვითარებას "მაგიდების დარბაზი" უწოდა კიდევ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ.

"მაგიდების დარბაზი. რაც ამ წუთებში სასამართლოში ხდება, პირველ რიგში სასამართლოს შეურაცხყოფაა, შემდეგ მხარეების და ამავდროულად ყველა იურისტის. 11 - პირიანი საქმე იწყება რამდენიმე წუთში, თუმცა სასამართლო ყველაფერს ცდილობს, რომ 150- კაციან დარბაზში არ გამართოს პროცესი. ორი დამატებითი მაგიდა შემოიტანეს ადვოკატებისთვის, თითქოს, კომფორტულად შეძლებენ უფლებამოსილების განხორციელებას. პროცესის საჯაროობაზე და ხალხზე ვინღა ფიქრობს",- აცხადებს ცუცქირიძე.

დღევანდელ პროცესზე ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ, ალტერნატივის სახით სასამართლოს გირაოს შესთავაზებენ, ოდენობის განსაზღვრას კი მათ მიანდობენ. პროკურატურა ყველა ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.

  • დაკავებულების ადვოკატების თქმით, საქმეში არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს. ამასთან, მათი განმარტებით, ბრალდებულები აქამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ, რის გამოც ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ვერ დადასტურდება.

სხდომას ესწრებიან დაკავებულები. პროცესის პარალელურად სასამართლოსთან დაკავებულების მხარდასაჭერად მსახიობები, რეჟისორები, პოლიტიკოსები არიან შეკრებილები.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.