ავტორი:

"ანდრო ჭიჭინაძე არის უკანონობასთან ბრძოლის კრებითი სახელი..." - რას ამბობს საპროტესტო აქციაზე დაკავებული მსახიობის ადვოკატი?

"ანდრო ჭიჭინაძე არის უკანონობასთან ბრძოლის კრებითი სახელი..." - რას ამბობს საპროტესტო აქციაზე დაკავებული მსახიობის ადვოკატი?

ანდრო არის უკანონობასთან ბრძოლის კრებითი სახელი, იმ დაზიანებული და დაზარალებული ადამიანების, რომლებიც უკანონოდ არიან ციხეში - ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "რეზიუმე“ განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, აქციის მონაწილეების დაკავების პარალელურად, ერთი ადამიანიც არ არის სამართალდამცველების მხრიდან დასჯილი, "ეს არის დაუცველობის განცდის გაჩენა, შენ არ გაქვს განცდა იმისა, რომ შენი სახელმწიფო დაგიცავს“.

"მე, როგორც რიგითი მოქალაქე, ვიტყვი, რომ ეს არის დაუცველობის განცდის გაჩენა, შენ არ გაქვს განცდა იმისა, რომ შენი სახელმწიფო დაგიცავს, როდესაც ხედავ, რომ ასეულობით საქმე აქვს დაწყებული სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და როდესაც ხედავ, რომ უკანონოდ აკავებენ არაერთ ადამიანს, ამავდროულად ადმინისტრაციული წესით აჯარიმებენ არაერთ ადამიანს, როცა პროცესზეც კი ვერ მიდის ის ადამიანი, იმდენად ნაცემია, იმდენად ცუდადა არის, რადგან ვიღაცამ მასზე იძალადა. ხოლო აქეთ კი ერთი ადამიანიც არ გყავს სამართალდამცველების მხრიდან დასჯილი, თუ შეგვიძლია მათ სამართალდამცველები ვუწოდოთ, მე ვფიქრობ, რომ ეს დუმილი არის ყველაზე ხმაურიანი და ბევრ კითხვას სცემს პასუხს ამ შემთხვევაში. ამას შეფასება არ სჭირდება, ამას ხედავს საზოგადოება.

ხშირად ისმის ანდროს სახელი, მუდმივად საუბრობენ ანდროზე, თუმცა ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თითოეულ დაკავებულს. ანდრო არის უკანონობასთან ბრძოლის კრებითი სახელი, იმ დაზიანებული და დაზარალებული ადამიანების, რომლებიც უკანონოდ არიან ციხეში. ჩვენ ანდროს სახელში ვაერთიანებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც იქნება პროცესზე. იმედი გვაქვს, რომ ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება“, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, სასამართლომ საქმის საგამოძიებო ვადა 5 მარტამდე იმიტომ გაახანგრძლივა, რომ "იმედი აქვთ, შესაძლოა მუხტი დავარდეს გარეთ და ამ ადამიანებს მხარდაჭერა მოაკლეს“.

"მოსამართლემ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადადო პროცესი, გაახანგრძლივა ვადა. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის იმ მიზნით გაკეთებული, რაც შუამდგომლობაში უწერიათ, რომ საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატარონ, რადგან მათ ამისათვის საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ. მიზანი ალბათ არის პროცესის გაჭიანურება იმ მიზნით, რომ იმედი აქვთ, რომ შესაძლოა მუხტი დავარდეს გარეთ და ამ ადამიანებს მხარდაჭერა მოაკლეს, თუმცა არა თუ მოაკლდებათ მხარდაჭერა, არამედ მოემატებათ და პროტესტი უფრო გაიზრდება“, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.