ავტორი:

გასტაცეს ტელეფონები, ერთ-ერთ მათგანს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა, ცხედარი კი მდინარეში გადააგდეს.... - რას აცხადებენ შსს-ში და რას უყვება წყარო Ambebi.ge-ს მესტიაში მომხდარ თავდასხმაზე

გასტაცეს ტელეფონები, ერთ-ერთ მათგანს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა, ცხედარი კი მდინარეში გადააგდეს....  - რას აცხადებენ შსს-ში და რას უყვება წყარო Ambebi.ge-ს მესტიაში მომხდარ თავდასხმაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი - 1986 წელს დაბადებული რ.პ. და 1992 წელს დაბადებული ბ.ჭ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

  • უწყების ინფორმაციით, დანაშაული 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 იანვარს, ბრალდებულებმა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააყაჩაღეს, გასტაცეს მობილური ტელეფონები, და ერთ-ერთ მათგანს, 1986 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს მიაყენეს ცეცხლნასროლი ჭრილობა და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

  • ბრალდებულებმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მოგვიანებით მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, 2 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ატარებდნენ შესაბამის მოქმედებებს.

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, როგორც მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მთელ ტერიტორიაზე, რაშიც ვერტმფრენიც იყო ჩართული.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული ორივე პირი დააკავა.

სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქის ვ.ს. ცხედარი მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ნაკრაში იპოვეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

  • Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული დაჭრილია და მომხდარი სავარაუდოდ, ნარკორეალიზაციას უკავშირდება.

"ერთ-ერთი დაკავებული დანითაა დაჭრილი, როგორც ჩანს, რუსმა დაჭრა. დაკავებულებიდან ერთი ეცერელია, მეორე კი ლახამულელი. ირკვევა, რომ ისინი რუს ცოლ-ქმარს კარგად იცნობდნენ. ცოლ-ქმარი ზუგდიდში დადიოდა ხშირად, როგორც გავიგეთ, ამ სალავიოვს 1 წელიწადში 11-ჯერ დაუდგინდა საქართველოს საზღვრის კვეთა. ერთ-ერთი ვერსიით, ეს ამბავი ნარკორეალიზაციას უკავშირდება. ნარკოტიკების საფუძველზე რაღაც უთანხმოება მოუვიდათ“, - გვიყვება წყარო.